საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

შუქრუთის პროტესტის მონაწილეები პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს პასუხობენ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:45 - 14 სექტემბერი 2024 hits 769

შუქრუთის მცხოვრებლები, რომლებიც 11 სექტემბრიდან აქციას თბილისში მართავენ, განცხადებას ავრცელებენ პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული კომენტარების საპასუხოდ. როგორც ცნობილია, შეკრების 6 მონაწილე 1-ელი სექტემბრიდან შიმშილობს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს ჩვენს პროტესტთან დაკავშირებით.

ჭიათურიდან აქ სწორედ იმიტომ ჩამოვედით და რამდენიმე მონაწილემ პროტესტის უკიდურეს ზომას იმიტომ მიმართა, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ გვისმენს და ჩვენს თხოვნას ყურად არ იღებს. 

როგორც იცით, 14 მარტიდან უწყვეტ საპროტესტო აქციას ვმართავთ ჭიათურაში, კოროხნალის და შუქრუთის მაღაროებთან.

მთელი ამ 6 თვის განმავლობაში არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლებიდან ჩვენთან არავინ მოსულა. ახლაც, როცა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ვართ, პარლამენტის თავმჯდომარე და მთავრობის მეთაური განცხადებებს ისე აკეთებენ, რომ წარმომადგენელიც კი არ გამოუგზავნიათ ამბის გასაგებად.

სამაგიეროდ, იმეორებენ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს კომპენსაცია სრულად გვაქვს მიღებული, რაც სიცრუეა და მზად ვართ, ეს დოკუმენტურად დავამტკიცოთ. ამიტომ, ვითხოვთ, ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობას საკითხის გადაწყვეტის პროცესში.

ჩვენ გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა - „ჯორჯიან მანგანეზმა“ მიყენებული ზიანი შეაფასებინოს სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს და დაზარალებულ ოჯახებს სამართლიანი კომპენსაცია გადაგვიხადოს.

ეს ვალდებულება კომპანიამ იკისრა 2021 წელს, ჩვენთან გაფორმებული მემორანდუმით, რომელიც შემდეგ დაარღვია, არ შეასრულა და იმ თანხებს, რაც მხოლოდ რამდენიმე დაზარალებულ ოჯახს ავანსის სახით ჩაურიცხა, სრულად გაცემულ კომპენსაციას ეძახის.

სამწუხაროდ, მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. ისინი არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას სამართლიანი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე.

მივმართავთ პარლამენტს, მთავრობას, სახალხო დამცველს, მოგვისმინონ და ყველაფერი გააკეთონ ჩვენი უფლებების დასაცავად, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად მართლები ვართ, „ჯორჯიან მანგანეზი“ იმდენად გავლენიანია, უფლებების დაცვას ვერ ვახერხებთ სასამართლოშიც კი.

ამასთან, ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარს უჭერს, რომ ამ ქვეყანაში დაცული იყოს ადამიანის უფლებები და არ ვიჩაგრებოდეთ, ვთხოვთ, ორშაბათს, 16 სექტემბერს, 19:00 საათზე, პარლამენტთან მოვიდნენ სოლიდარობის აქციაზე“, - აღნიშნულია შუქრუთელების განცხადებაში.

„ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია ამ ადამიანებთან დაკავშირებით და ვინც არიან პროტესტის ორგანიზატორები, თითოეულ მათგანს ათობით ათასი ლარის კომპენსაცია აქვს მიღებული კომპანიისგან. თუ რამე დამატებით არის საჭირო კომპანიისგან, ალბათ მოლაპარაკებები ამასთან დაკავშირებით წარიმართება. ეს არის ის ინფორმაცია, რაც გვაქვს დღემდე. კომპანიის საქმეა მოლაპარაკებების წარმოება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 13 სექტემბერს.

„კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, მათ შორის, ის ადამიანები, რომლებიც პროტესტში არიან ჩართულნი, მათ სრულად აქვთ კომპენსაცია აღებული. ყოველ შემთხვევაში ჩანდა ეს კომპანიის განცხადებაში. ამიტომ, საჭიროა იმაში ჩაძიება, თუ კონკრეტულად რა საკითხებს ეხება ესა თუ ის პროტესტი თუ პრეტენზია“, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში