საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„არ არის ეს სასტუმრო, რომ წამოწვე“ - შეკრების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა პარლამენტთან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:22 - 12 სექტემბერი 2024 hits 4753

„ვერ შემოგატანინებ. არ არის ეს სასტუმრო, რომ წამოწვე. ვერ დაგადგმევინებ ვერც კარავს და ვერც ვერაფერს პარლამენტის შენობის წინ. გაასაჩივრეთ, არის სხვადასხვა ინსტანციები“, - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლაშა ჯოხაძემ და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებმა, ჭიათურის პროტესტის მონაწილეებს, პარლამენტის შენობის წინ არათუ კარვის დადგმის, არამედ თბილი ტანსაცმლისა და ძირსაგების შეტანის უფლებაც კი არ მისცეს, რომ ბეტონზე დაეფინათ და ღამე ისე გაეთენებინათ. 5 ადამიანს 11 დღეა პირი აქვს ამოკერილი და შიმშილობს. ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა ჭიათურიდან თბილისში, უწყვეტი პროტესტის 183-ე დღეს, გუშინ გადმოინაცვლეს. ისინი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“, მადნის მოპოვების შედეგად სახლების ნგრევის გამო, ადეკვატური კომპენსაციების გადახდას ითხოვენ, ცხოვრების უსაფრთხო გარემოში გასაგრძელებლად.

დაზარალებული მოსახლეობა პრობლემის გადასაწყვეტად საქმეში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას ითხოვს. ხელისუფლებიდან აქციის მონაწილეებთან არავინ გამოჩენილა, სამაგიეროდ, პარლამენტის შენობის ოთხივე მხარეს დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული. ყველა შესასვლელს მკაცრად აკონტროლებდნენ.

თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებს უკვე ნამსჯელი აქვთ საპროტესტო აქციებისას კარვის დადგმის უფლებაზე და ის შეკრებისა და აზრის გამოხატვის კონსტიტუციური უფლებების ნაწილად აქვთ განხილული.

2018 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ „საქართველოს კონსტიტუცია შესაძლებლობას აძლევს პირს, მისი შეხედულებისამებრ აირჩიოს გამოხატვის ფორმა, საშუალება და ადგილი. კერძოდ, მას კანონით გარანტირებული აქვს უფლება, საჯაროდ და მშვიდობიანად გამოხატოს საკუთარი აზრი ქუჩის იმ ნაწილში და იმ ფორმით, რომელსაც თავად ჩათვლის მიზანშეწონილად. აზრის გამოხატვა არა მხოლოდ საუბრით, განცხადებებით, არამედ მდუმარე ფორმით ან დროებითი კონსტრუქციების აგებით, შესაძლებელია, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას“.

შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მე-9 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება პროკურატურის, პოლიციის, პენიტენციური დაწესებულებებისა და სამართალდამცავი ორგანოების შენობებში, რკინიგზის სადგურებში, აეროპორტებსა და პორტებში; პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში და მისგან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე; სამხედრო ნაწილებსა და ობიექტებში და მათი შესასვლელებიდან ასი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის ბლოკირება.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ერთადერთი აუცილებლობა, რომელიც შეიძლება კონვენციით გათვალისწინებულ უფლებაში ჩარევის საფუძვლად იქნეს გამოყენებული, არის ის, რაც გამომდინარეობს „დემოკრატიული საზოგადოების“ მოთხოვნებიდან. ეს მოიცავს ორ პირობას: უნდა არსებობდეს უფლებაში ჩარევის მწვავე საზოგადოებრივი საჭიროება; უფლებაში ჩარევა უნდა იყოს ლეგიტიმური მიზნის პროპორციული.

2023 წლის 27 სექტემბერის „ქართული ოცნების“ შვიდმა დეპუტატმა პარლამენტში დაარეგისტრირა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები უნდა შესულიყო. ცვლილებების თანახმად, დემონსტრანტებს აეკრძალებოდათ „დროებითი კონსტრუქციების“ მოწყობა და თუ მაინც დადგამდნენ კარავს ან ააწყობდნენ სცენას, პოლიცია სამართალდამრღვევებს ადმინისტრაციული წესით 500-დან 5000 ლარამდე  დააჯარიმებდა ან 15 დღემდე ვადით დააპატიმრებდა. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR), პარლამენტმა მოუწოდა არ მიეღო ეს ცვლილებები, რადგან ის შესაძლოა გამოყენებულ იქნეს პოლიტიკურად განსხვავებული აზრის დისკრიმინაციულად ჩასახშობად. კანონპროექტები პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 3 მოსმენით მიიღო, თუმცა პრეზიდენტის ვეტო აღარ დაძლია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში