საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„აწარმოე საქართველოში“ წინასაარჩევნოდ მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალ პროგრამას იწყებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:53 - 09 სექტემბერი 2024 hits 1075

2024 წლის 16 სექტემბრიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 500 000 ლარამდე შემოსავლის მქონე როგორც არსებულ, ასევე დამწყებ მეწარმეებს.

პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მხარდაჭერა სააგენტოს პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტებიდან სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტიის და პროცენტის თანადაფინანსების სახით. მხარდაჭერის პერიოდი მაქსიმუმ 5 წელია, სესხის ოდენობა კი 20 000-დან 50 000 ლარამდე.

სააგენტოს ინფორმაციით, მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა საკონსულტაციო ცენტრების მომსახურების პაკეტის ახალი ფინანსური მექანიზმია. სესხის მხარდაჭერასთან ერთად, მეწარმეებს ექნებათ წვდომა უკვე არსებული საკონსულტაციო სერვისების 25 000 ლარამდე თანადაფინანსებაზე.

სააგენტოს დირექტორის, მიხეილ ხიდურელის თქმით, მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაეხმარება ნებისმიერ მსურველს, განავითაროს უკვე არსებული ბიზნესი, ან დაიწყოს ახალი საქმიანობა. „მეწარმე მიდის სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრში, გადის დიაგნოსტიკას და შემდეგ სახელმწიფოს დახმარებით, იღებს წვდომას არაერთ მნიშვნელოვან სერვისზე. მისი საჭიროებიდან გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს საკონსულტაციო მომსახურება, სესხის პროცენტის ნაწილობრივი ან სრული სუბსიდირება და სესხის ძირი თანხის 80 %-იანი უზრუნველყოფა. პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტი ენიჭება მაღალმთიან დასახლებებში ბიზნესის წამოწყებას და ქალი მეწარმეების მხარდაჭერას“, - განაცხადა ხიდურელმა.

პროგრამაში ჩასართავად, მეწარმეებმა უნდა მიმართონ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციო ცენტრებს.

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამის დაწყება სწორედ წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში