საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მწვერვალ შხელდაზე მთამსვლელ არჩილ ბადრიაშვილს ეძებენ - ვერტმფრენმა ისევ დააგვიანა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:17 - 11 აგვისტო 2024 hits 7432
არჩილ ბადრიაშვილი
ახალი ამბები
არჩილ ბადრიაშვილი

მეორე დღეა, სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე ცნობილ ქართველ ალპინისტს, 34 წლის არჩილ ბადრიაშვილს ეძებენ. ის შხელდაზე, ექსპედიციაში, სვანეთში მცხოვრებ მთამსვლელებთან - ნარიმან და ავთო ჯაფარიძეებთან, ბეშქენ ფილფანთან ერთად, 4 დღის წინ წავიდა. გუშინ, როცა ჯგუფი მწვერვალიდან ქვემოთ ეშვებოდა, ამინდი გაუარესდა და სავარაუდოდ, არჩილ ბადრიაშვილთან ახლოს მეხი დაეცა, რის შემდეგაც ის ქედიდან გადავარდა.

ოჯახის წევრებს არჩილ ბადრიაშვილის დაღუპვის შესახებ შეატყობინეს

„მთის ამბებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, შხელდაზე გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს რუსეთიდან აცნობეს, რადგან არჩილ ბადრიაშვილთან ერთად მყოფმა მთამსვლელებმა მხოლოდ რუსეთის სიხშირის დაჭერა შეძლეს.

მესტიის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივი მთამსვლელები შხელდის მიმართულებით შეტყობინების მიღებისთანავე გაემგზავრნენ, დაახლოებით 17-18 საათისთვის. ადგილობრივები „მთის ამბებს“ უყვებიან, რომ გუშინვე ითხოვდნენ ვერტმფრენით დახმარებას, მითუმეტეს, ბეჩოს მხარეს, მწვერვალ შხელდის მიმართულებით ამინდი გაუმჯობესებული და ფრენა შესაძლებელი იყო, მაგრამ სამაშველო ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამანისტროს ვერტმფრენი გუშინვე არ ჩაერთო.

„გუშინ შევთანხმდით, რომ ვერტმფრენი დილის 6 საათზე უკვე აქ იქნებოდა. მაინც დააგვიანა, თბილისიდან 8 საათზე გამოფრინდა. მალევე შევიდა ხეობაში და არჩილთან ერთად მყოფი სამივე ბიჭი გამოიყვანა.

გვეგონა, მეორედ ეგრევე შეფრინდებოდა და არჩილის ძებნას დაიწყებდნენ, მაგრამ არ აფრინდა. აღმოჩნდა, რომ საწვავი აღარ ჰქონდა. 8 საათის მერე მოვიდა საწვავით დატვირთული მანქანა.

მარაგი რომ შეივსეს, მაშინვე აფრინდნენ და რამდენიმე წუთის წინ დაბრუნდნენ უკან. გვითხრეს, რომ დაინახეს დაგდებული არჩილი, მაგრამ იქამდე ვერ ჩავიდნენ. ამინდი ისევ გაცუდდა, წვიმს და ჭექა-ქუხილია. სვანეთში ვისაც კი რაიმე დახმარება შეუძლია, ყველა მთაშია არჩილის გადასარჩენად.

არჩილი გამოცდილი მთამსვლელია. ვიცით, რომ თავზე სპეციალური ქუდი ეხურა, ზურგჩანთაც ჰქონდა, ექიმია და იქნებ, ახლაც გადარჩეს. წინა წლებშიც, 16 დღე შხარაზე იყო დაკარგული, 4 დღე უშბაზე თოკზე ეკიდა და ორჯერვე გადარჩა“, - უთხრა „მთის ამბებს“ ადგილობრივმა მცხოვრებმა.

შხელდაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განცხადება დღეს, 12 საათისთვის გაავრცელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მყოფი სამი მთამსვლელი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადმოიყვანეს.

მთამსვლელების ინფორმაციით, მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი პირი, სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.

მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო კი, დარჩენილი სამი პიროვნება ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და სამაშველო ჯგუფის დახმარება მოითხოვეს.

შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ღონისძიება, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველები ჩაერთნენ.

მწვერვალ შხელდაზე დაკარგული მთამსვლელის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“,- ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

„მთის ამბების“ კითხვაზე, რატომ არ ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციაში გუშინვე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მედიასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა განმარტა, რომ „ძალიან რთული მეტეოროლოგიური პირობები იყო, წვიმა, სეტყვა“.

ვერ მივიღეთ ინფორმაცია, დღეს, დილით, ერთი გაფრენის შემდეგ, რატომ ვეღარ მონაწილეობდა შვეულმფრენი სამაშველო ოპერაციაში, ვიდრე ბეჩოში საავიაციო საწვავით დატვირთული მანქანა არ ავიდა.

2022 წლის 29 ივლისს, გუდაურში, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის და ბორტზე მყოფი 8 ადამიანის დაღუპვის შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ Airbus Helicopters-გან H 145 ტიპის სამი ახალი ვერტმფრენი იყიდა, რაშიც 26,5 მილიონი ევრო გადავიხადეთ. ორი ვერტმფრენი საქართველოში უკვე ჩამოვიდა. შსს-ს განცხადებით, ეს ვერტმფრენები გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობით და სრულად დაკომპლექტებულია სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.

შხელდა მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, უშბის მყინვარის სათავეებში მდებარეობს. შხელდას ხუთი მწვერვალი აქვს, აღმოსავლეთის - 4322 მ, ცენტრალური - 4310 მ, დასავლეთის მე-3 - 4280 მ, დასავლეთის მე-2 - 4300 მ, დასავლეთის - 4129 მ. უმაღლესია აღმოსავლეთის შხელდა. საბჭოთა ალპინისტები შხელდაზე პირველად 1936 წელს ავიდნენ. 1977 წელს ცენტრალურ შხელდაზე ასვლისას დაიღუპა ალპინისტთა ჯგუფი რუსეთიდან.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში