საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

314 ათასი ლარი ზიანის ანაზღაურებისთვის - არასამთავრობოების დახმარებით მოგებული საქმე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:28 - 26 ივნისი 2024 hits 1443

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის დროს დაზარალებული ოჯახისთვის, მიყენებული ზიანისა და გაწეული ხარჯების ანაზღაურების სახით, 314 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

მთიულეთში, სოფელ ქვემო მლეთაში მცხოვრები ზურაბ ბურდულის ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთი დაიმეწყრა, ჩაინგრა და გამოსაყენებლად სახიფათო გახდა რუსეთთან დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის შედეგად. ტენდერში გამარჯვებული ჩინური კომპანია, რომელიც გზას აშენებს, დაზარალებულ ოჯახს თავიდან ჰპირდებოდა, რომ მიწის შლის პროცესს შეაჩერებდნენ. „მალევე მითხრეს, რომ ტერიტორიის გამყარება აღარ განიხილება, რადგან დავთვალეთ და მაგ პროექტისთვის 2 მილიონი ლარი არ გვეყოფაო“, - უთხრა ზურაბ ბურდულმა „მთის ამბებს“ 2023 წლის სექტემბერში (სიუჟეტი 16:38 წუთიდან).

ამის შემდეგ ბურდულს მხოლოდ ნაკვეთის მოწყვეტილი ნაწილის ანაზღაურება შესთავაზეს, არადა ნათლად ჩანდა, რომ მიწა თითქმის მთლიანად დანაპრალებული იყო.

„მითხრეს, რომ გადამიხდიდნენ სულ 2 ათას ლარს და ამაზე უნდა დავთანხმებულიყავი.

ეს ნაკვეთი ჩვენს ოჯახს სოფელში ყოფნის მიზეზს უჩენდა. ერთადერთი ნაკვეთია, რომელსაც ვამუშავებდით და ვიყენებდით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით. 2 ძმა და მშობლები მყავს. ჩვენმა ოჯახმა სოფელში ფუნქცია დაკარგა“, - ზურაბ ბურდულს სოფელ ქვემო მლეთაში რამდენჯერმე დასჭირდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების ჩაყვანა.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიწის ნაკვეთი მეწყრულია, რაც გამოწვეულია სამშენებლო სამუშაოების წარმოებით, მისი სტაბილიზაცია შეუძლებელია და გადაადგილება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. ექსპერტებმა აგრეთვე დაადგინეს, რომ მოსალოდნელია როგორც მიწის ერთიანი მოწყვეტა, ისე ნაწილ-ნაწილ ჩაშლა. ამასთან, ჩინურმა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოების შედეგად ნაკვეთამდე მისასვლელი გზაც აღარ დატოვა.

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა ბურდულების კუთვნილი მიწის ნაკვეთის 1 კვმ 55 ლარად შეაფასეს, არადა გზების დეპარტამენტის მიერ დაქირავებულ კერძო კომპანიას გაცილებით ნაკლებად აქვს შეფასებული ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც ადგილობრივებისგან გამოისყიდეს რუსეთთან დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობისთვის.

ზურაბ ბურდულს ზიანის ანაზღაურებაზე უარი უთხრეს მშენებელმა ჩინურმა კომპანიამ, მისმა ზედამხედველმა ორგანიზაციამ და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმაც. 2023 წლის გაზაფხულზე, დაზარალებულმა პროტესტის ნიშნად, ნაკვეთის დამეწყრილ ნაწილზე კარავი გაშალა და იქ ცხოვრობდა, რომ სახელმწიფოს ყურადღება მიექცია. მისი პრობლემა მხოლოდ „მთის ამბებმა“ და სტუდია „მონიტორმა“ გააშუქეს. „მთის ამბების“ იურისტის დახმარებით და „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენლების კონსულტაციების შედეგად, ზურაბ ბურდულმა დოკუმენტები მოაგროვა და საბოლოოდ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართა. სასამართლოში მის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავდა.

„რომ არა ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩემი ოჯახის საკუთრების უფლებას ხელისუფლება ისე დაარღვევდა, ამაზე პასუხისგება არ მოუწევდა და ვერც ჩვენ აღვიდგენდით დარღვეულ უფლებებს. ოთხივე ორგანიზაცია სრულიად უფასოდ დამეხმარა და მათი ჩართულობით მივაღწიე, რომ სასამართლომ გზების დეპარტამენტს ჩვენი ოჯახისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

საზოგადოებას ჰგონია, რომ ასეთი ორგანიზაციების არარსებობა მათზე არ აისახება. მაშინ იგრძნობს ამ რუსული კანონის ამოქმედებას, როცა დახმარება დასჭირდება და ვერავის იპოვის, ვინც დაეხმარება. მაშინ მიხვდება, რომ ეს კანონი საქართველოში არ უნდა იყოს“, - ამბობს ზურაბ ბურდული.

გზების დეპარტამენტს შეუძლია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს.

ამ თემაზე - რუსეთის გზა - სპეციალური რეპორტაჟი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში