საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

პოლიციამ მოძრაობის „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ ერთ-ერთი წევრიც დააკავა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:45 - 12 ივნისი 2024 hits 978

მარტვილის პოლიციამ დღეს, 12 ივნისს, დააკავა მოძრაობის „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ წევრი, 30 წლის ინდიკო ბჟალავა. მის წინააღმდეგ პოლიციას საჩივრით, ბალდის კანიონის მცველებზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილის, გელა ხურცილავას მეუღლემ მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინდიკო ბჟალავა მუქარის ბრალდებით არის დაკავებული. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 ივნისს, ბრალდებული ი.ბ. მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1983 წელს დაბადებულ ს.შ.-ს, მათ შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

ჯერ უცნობია რა მტკიცებულებები აქვს პოლიციას ინდიკო ბჟალავას წინააღმდეგ. „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ მოძრაობის წევრები ვარაუდობენ, რომ მათი თანამებრძოლი შურისძიებისთვის დააკავეს.

როგორც ცნობილია, მარტვილის პოლიციამ ინდიკო ბჟალავას დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, ამავე სოფელში მცხოვრები ძმები, გელა და გიგა ხურცილავები, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მუქარის ბრალდებით დააკავა. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შეიარაღებული ძმები ბალდის კანიონის მცველებს თავს 11 ივნისს, გვიან საღამოს დაესხნენ და მინდია ბჟალავას დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს.

ინდიკო ბჟალავას დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, ღამით (02:29 სთ) განცხადება გაავრცელა „ინვესტორთან“ დაკავშირებულმა ფეისბუკგვერდმა.

„ქვეყნის ეკონომიკური დივერსანტები სოფელ ბალდაში ისევ აგრძელებენ მოსახლეობის დაშინებას და ბულინგს განსხვავებული აზრის გამო. ადამიანების მიმართ, რომლებიც უკვე ღიად საუბრობენ თვარაძეებისა და მათი გარემოცვის მიზანმიმართულ ძალადობაზე, კანიონის პროექტის მოწინააღმდეგეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აღარ ჯერდებიან და ხალხს სახლში უვარდებიან. დღეს „კანიონი 350“-ის ერთ-ერთ თანამშრომელს სახლში მიუვარდა ცოტნე და ბაჩო თვარაძის ბიძაშვილი და რადგან ის სახლში არ დახვდა, უკვე მის მეუღლეს, ქალს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ოჯახში მცხოვრები ქალბატონი შეშინდა და დასახმარებლად დარეკა 112-ში, რის შემდეგაც სამართალდამცაცებმა გადაიყვანეს მარტვილის პოლიციაში ჩვენების მისაცემად. მოგვიანებით ამ ქალბატონის მეუღლეს და მეუღლის ძმას, პროტესტანტებმა გზა გადაუკეტეს, აგინეს და სასტიკად ცემეს, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა“, - ასე ცდილობს აქტივისტებზე შეიარაღებული თავდასხმის ახსნას „ინვესტორი“.

მოძრაობა „ბალდის კანიონის შენარჩუნებისთვის“ ხელმძღვანელის ცოტნე თვარაძის თქმით, ინდიკო ბჟალავას არავისთვის მიუყენებია შეურაცხყოფა, მითუფრო, მუქარას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია და ამას მოწმეებიც ადასტურებენ. „რაც შეეხება „ინვესტორის“ განცხადებაში ნახსენებ ინციდენტს, გზის გადაკეტვის და სასტიკად ცემის შესახებ, სიცრუეა“, - ამბობს თვარაძე.

ინდიკო ბჟალავა დუმილის უფლებას იყენებს, საქმეში ადვოკატის ჩართვამდე.

ბალდის კანიონს, ისევე როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებულ ბუნების არაერთ უნიკალურ ძეგლს, ათობით წლით, ერთი და იგივე ჯგუფი დაეპატრონა. „მთის ამბების“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ ამხილა, რომ ამ ჯგუფის სათავეში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები დგანან: დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე და რუსეთში საქართველოს სექციის ხელმძღვანელად დანიშნული მამუკა მერკვილაძე. „მთის ამბებმა“ გამოიძია, რომ გადაწყვეტილებები, რომლითაც საბოლოოდ, 20, 35 და 40 წლით დაცულ ტერიტორიებს ეს ჯგუფი დაეპატრონა, სწორედ ვალერიან მჭედლიძის მიერ, მისი თავმჯდომარეობისას არის მიღებული. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, მჭედლიძეს და მისი ოჯახის წევრებს მსხვილი წილები უმეტესად აჩუქეს, ნაწილი კი სიმბოლურ და შეღავათიან ფასებში გამოისყიდა. თანხა, რომელიც ზოგიერთ კომპანიაში გადაიხადა, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მას არ უნდა ჰქონოდა. მთელი ამ კორუფციული სქემის შემდეგ, ვალერიან მჭედლიძე, გერმანიის სახელმწიფოს მიერ, საქართველოში დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის დაფინანსებულ ყველაზე მსხვილ პროექტს ხელმძღვანელობს, რომლის ბიუჯეტიც 16 მილიონ ევროზე მეტია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში