საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„20 წლის ბიჭი სისხლს აღებინებდა, ვერტმფრენს თუშეთში 4 საათი უშედეგოდ ველოდით“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:22 - 07 ივნისი 2024 hits 3849

თუშეთის სოფელ ომალოდან 20 წლის ბიჭი თელავის საავადმყოფოში კერძო კომპანიის ვერტმფრენით გადმოიყვანეს, რაშიც დაახლოებით 6000 ლარი უნდა გადაიხადონ. თუშებმა კერძო ვერტმფრენი მას შემდეგ იქირავეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 საათიანი ლოდინის მიუხედავად, ომალოში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი არ გაგზავნა. პაციენტი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. ექიმები მას ოპერაციისთვის ამზადებენ.

„დილის 6 საათზე ცხენებს ვამზადებდით, რომ ომალოდან ალაზნისთავში უნდა წავსულიყავით. ბიჭი უცებ ავად გახდა, გაშავდა და სისხლს აღებინებდა. სახლში შევიყვანეთ, დავაწვინეთ. გაუარესდა. მაშინვე დავრეკეთ 112-ზე, ვუთხარით, რომ 20 წლის ბიჭს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. ავუხსენით, რომ თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი სამანქანო გზა ჯერ ისევ ჩაკეტილია და ვერტმფრენი გვჭირდებოდა.

მოგვთხოვეს, ექიმს დაედასტურებინა, რომ პაციენტი საავადმყოფოში იყო გადასაყვანი. მთელს თუშეთში ერთადერთი ექიმი გვყავს, ომალოში არ იმყოფებოდა, ბოჭორნაში იყო წასული. გავგზავნეთ მანქანა, მოვიყვანეთ. დაუდასტურა, რომ ბიჭი ნამდვილად სასწრაფოდ იყო გადასაყვანი. გახდა 10 საათი და ვერტმფრენი მაინც არ გამოგზავნეს.

სხვა გზა არ გვქონდა, კერძო კომპანიას დავუკავშირდით, ვერტმფრენი ვიქირავეთ და ბიჭი თელავში გადავიყვანეთ. 112-ს ვთხოვეთ, ვერტმფრენი ამა და ამ დროს იქნება თელავის აეროპორტში და გთხოვთ, სასწრაფო მაინც დაახვედრეთ მეთქი. ჩაფრინდა ვერტმფრენი და სასწრაფო დახმარების მანქანა ნახევარი საათის დაგვიანებით მივიდა. კიდევ კარგი ომალოში მაინც ვიყავით. სხვა სოფელში რომ ვყოფილიყავით, საიდანაც დარეკვაც პრობლემაა, მერე რა გვეშველებოდა, არ ვიცით. ასეთი უპასუხისმგებლობა, ასეთი უთავბოლობა ხალხის მიმართ, არ გვახსოვს.

დღევანდელი შემთხვევის შემდეგ ადგილობრივებმა გადავწყვიტეთ, ფონდი შევქმნათ, სადაც სულ გვექნება თანხა ანგარიშზე, სახელმწიფოს იმედზე რომ აღარ ვიყოთ.

ვინმეს თუ დასჭირდება გადაუდებელი დახმარება, კერძო ვერტმფრენის დაქირავება რომ შევძლოთ“, - უთხრა „მთის ამბებს“ პაატა აბულიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამ დრომდე ვერ მივიღეთ ინფორმაცია, რატომ არ გაგზავნეს თუშეთში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი 20 წლის ბიჭისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გასაწევად.

2023-2025 წლებში თუშეთის გზის (ფშაველი-აბანო-ომალო) მოვლა-შენახვა შპს „ჯემინ ჯორჯიას“ (დირექტორი იასონ ბახტურიძე) ევალება. საავტომობილო გზების დეპარტამენტი კომპანიას ამისათვის 1 300 000 ლარს უხდის.

თუშეთის გზის მნიშვნელოვანი ნაწილი, აბანოს უღელტეხილს იქით, 7 ივნისის მდგომარეობით, თოვლისგან ჯერ კიდევ არ არის გაწმენდილი.

„მთის ამბების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს არც ახმეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა და არც მისმა მოადგილეებმა - ზურაბ ფილაშვილმა და ვანო ნასყიდაშვილმა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში