საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

დაცული ტერიტორიების სააგენტოში სავარაუდო კორუფციის შემთხვევებზე პროკურატურას მიმართეს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:51 - 04 აპრილი 2024 hits 1445

არასამთავრობო ორგანიზაციებმა „მწვანე ალტერნატივამ“ და „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დაცული ტერიტორიების სააგენტოში სავარაუდო კორუფციის შემთხვევებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, გენერალურ პროკურატურას მიმართეს.

30 მარტს, „მთის ამბების“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ჟურნალისტური გამოძიება - კორუფცია დაცულ ტერიტორიებში - მჭედლიძე და მისი თანამზრახველები.

მასალაში აღწერილია, ერთი ჯგუფი, ათობით წლით როგორ დაეპატრონა ბუნების უნიკალურ ძეგლებს - პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის, ოკაცეს და ბალდის კანიონებს, სათაფლიის ნაკრძალს. ამ ჯგუფის სათავეში ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები დგანან: დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე და რუსეთში საქართველოს სექციის ხელმძღვანელად ახლახან დანიშნული მამუკა მერკვილაძე.

გადაწყვეტილებები, რომლითაც საბოლოოდ, 20, 35 და 40 წლით დაცული ტერიტორიები ხელში ამ ჯგუფმა ჩაიგდო, სწორედ ვალერიან მჭედლიძის მიერ, მისი თავმჯდომარეობისას არის მიღებული.

თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, მჭედლიძეს და მისი ოჯახის წევრებს მსხვილი წილები უმეტესად აჩუქეს, ნაწილი კი სიმბოლურ და შეღავათიან ფასებში გამოისყიდა. თანხა, რომელიც ზოგიერთ კომპანიაში გადაიხადა, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მას არ უნდა ჰქონოდა.

სტატია ასევე მოგვითხრობს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტენდერებთან დაკავშირებით, ვალერიან მჭედლიძის და გამარჯვებულად მიჩნეული ორგანიზაციების ხელმძღვანელების შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე. სავარაუდოდ, აღნიშნული კომპანიები შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რაც ფაქტობრივად გამორიცხავდა კონკურენციას, იწვევდა შესასყიდი მომსახურების ფასების ზრდას და მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა სახელმწიფოს. დღეს ვალერიან მჭედლიძე და ტენდერის განმახორციელებელი ბიზნესპარტნიორები არიან.

„გამოძიებაში აღწერილი გარემოებებისა და მტკიცებულებების ანალიზის შედეგად იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), 338-ე (ქრთამის აღება), 339-ე (ქრთამის მიცემა), 1951-ე (სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევა) და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვა არაერთი დანაშაულის შესაძლო ჩადენა“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარში.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში