საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„მთის ამბებმა“ მინერალური რესურსების სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:21 - 09 იანვარი 2024 hits 2940

ონლაინგამოცემა „მთის ამბებმა“ საქართველოში ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიების გაცემასთან და ლიცენზიის მფლობელების საქმიანობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის დაბლოკვის გამო, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

მინერალური რესურსების სააგენტო, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ არის დაფუძნებული და სრულად სახელმწიფო ორგანიზაციაა, „მთის ამბებს“ უკვე 2 თვეა განზრახ უბლოკავს საჯარო ინფორმაციას. სააგენტომ არც ონლაინგამოცემის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი განიხილა.

„მთის ამბები“ ქვიშა-ხრეშის მოპოვებასთან დაკავშირებით შემდეგი საჯარო ინფორმაციის გადმოცემას ითხოვს:

  • საქართველოში ქვიშა-ხრეშის მოპოვების ან შესწავლა-მოპოვების რამდენი ლიცენზიაა მოქმედი;
  • თითოეული ლიცენზია ვის გადაეცა, როდის, რამდენი წლით, რა ფასად; ლიცენზიის მფლობელმა წლის განმავლობაში რა მოცულობის რესურსი უნდა მოიპოვოს; სად ხორციელდება ქვიშა-ხრეშის მოპოვება;
  • ლიცენზიის მფლობელებს აქვთ თუ არა დაკისრებული დამატებითი მოთხოვნები და ვალდებულებები;
  • 2020-2023 წლებში ლიცენზიის რომელი მფლობელების მიმართ განხორციელდა შემოწმება; რა დარღვევები გამოვლინდა და რა სახდელი დაეკისრა ლიცენზიის მფლობელს თითოეულ შემთხვევაში.

ბოლო პერიოდში „მთის ამბებს“ საქართველოს რეგიონებიდან მოქალაქეები სულ უფრო ხშირად მომართავენ მდინარის კალაპოტებში ქვიშა-ხრეშის უკონტროლო და მასობრივი მოპოვებით შექმნილ პრობლემებზე, როგორიცაა მიმდებარე ტერიტორიების მტვრით დაბინძურება, ხმაური, ვიბრაცია, ადამიანების ჯანმრთელობაზე ზეგავლენა, სანაპიროების ეროზია, მდინარის კალაპოტის გაფართოება, გზებისა და ხიდების დაზიანება და ა.შ.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, შავ ზღვაში ჩამდინარე მდინარეებში - რიონი, ენგური, სუფსა და ჭოროხი, სამრეწველო მიზნით ქვიშა-ხრეშის დიდი რაოდენობით მოპოვება, ამავე დროს ჰესების ირიბი ზეგავლენა, ნატანს უკიდურესად ამცირებს და 2025 წლამდე ზღვა ბუნებრივი კვების წყაროს პრაქტიკულად დაკარგავს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მონაცემებით, მხოლოდ იმერეთის რეგიონში სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეში და სხვა) მოპოვების 140 ლიცენზიანტიდან 56 პოლიტიკური შემწირველია ან სახელმწიფო შესყიდვების პროცესშია ჩართული. ლიცენზიები ეკუთვნით მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირებთან დაკავშირებულ კომპანიებსაც.

37 სხვადასხვა ლიცენზიის მქონე 25-მა კომპანიამ და მათთან დაკავშირებულმა პირებმა 2 485 931 ლარის ოდენობის შემოწირულება გაიღეს, რომელთა უმეტესი ნაწილის მიმღები მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“.

წიაღის ლიცენზიის მოპოვების მქონე 26 კომპანია სახელმწიფო შესყიდვების პროცესშია ჩართული და მათ ჯამში 757 მილიონ ლარზე მეტის ხელშეკრულებები აქვთ მიღებული.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში