საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

გზების ჩამონათვალი, სადაც 1-ელი იანვრიდან ზამთრის საბურავები სავალდებულოა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:44 - 30 დეკემბერი 2023 hits 4664

საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა იმ გზების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე მოძრაობისას, სატრანსპორტო საშუალება (ყველა თვალი) ზამთრის საბურავებით უნდა იყოს აღჭურვილი. დადგენილება 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

ზამთრის საბურავები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მახასიათებლებს:

  • საბურავების დამზადების თარიღიდან არ არის გასული 10 წელი;
  • საბურავზე შესაძლებელია მისი დამზადების თარიღის წაკითხვა;
  • საბურავის სარბენი ბილიკის ღარის (პროტექტორის) სიღრმეა - არანაკლებ 3 მმ-ისა − M1, N1, N2, N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის; არანაკლებ 4 მმ-ისა − M2, M3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის;
  • საბურავზე დატანილია სიმბოლო - ფიფქი.
  • M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზეც არ არის დატანილი სიმბოლო − ფიფქი. ამ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი უფლებამოსილია, ზემოაღნიშნული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის დააწესოს არანაკლებ ერთი წამყვანი ღერძის ყველა თვალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.

მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი.

გზის მონაკვეთებზე ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლებთან შესაბამისობას ამოწმებს პოლიციელი. შემოწმების მიზნით, სატრანსპორტო საშუალება შეიძლება გადაყვანილ იქნეს გზის სავალი ნაწილიდან. საბურავის სარბენი ბილიკის ღარის (პროტექტორის) სიღრმის გაზომვის მიზნით, პოლიციელი უფლებამოსილია გამოიყენოს სპეციალური თარგები ან სახაზავი.

ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.

თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, პოლიციელი უფლებამოსილია, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს აუკრძალოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ადგილას/გზის მონაკვეთზე შესვლა.

თუ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის გაგრძელება საფრთხეს უქმნის მის ან სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას, პირს შესაძლოა, დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და იგი გადაყვანილ იქნეს სპეციალურ დაცულ სადგომზე.

განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, მათ შორის, ინტენსიური თოვის, მოყინული გზის საფარისა და ამინდის სხვა იმგვარი გაუარესებისას, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავის გარეშე გადაადგილება საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს განსხვავებული პერიოდი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში