საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მოსახლეობა ითხოვს გაუქმდეს ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების გადაცემის გადაწყვეტილება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:17 - 08 სექტემბერი 2023 hits 5900

რაჭის საზღვრისპირა სოფლების ჭიორას, ღების, გლოლის და ნიგავზების მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებას მოსთხოვეს, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება, რომლითაც ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის პარტნიორს დავით ხიდაშელს, რაჭასა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყე 49 წლით გადასცეს.

„4 სოფლის მოსახლეობაა შეკრებილი.

ვიწყებთ პროტესტს და ერთკვირიან ვადას ვაძლევთ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ შესრულდეს ის მოთხოვნები, რაც გვაქვს.

შეუსრულებლობის შემთხვევაში, უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთდება და ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან გადავინაცვლებთ“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა, მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ხელმძღვანელმა, რომელმაც რაჭის სოფლებში 1000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა, რომ ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების გადაცემის გადაწყვეტილება გაბათილდეს.

„რაჭას არ სჭირდება ბატონი ამ კაცის სახით და ყველა შემთხვევაში, ეს ლიცენზია უნდა გაუქმდეს (ხიდაშელს 104 712 ჰექტარი ტყე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის საბაბით გადაეცა. რედ).

მეორე მოთხოვნა რაჭის ეროვნულ პარკს შეეხება, რასაც თვისობრივად ნაკრძალის და ეროვნული პარკის არაფერი გააჩნია.

მასში არ შედის არცერთი მდინარე, რომლებზეც პოტენციურად ჰესების მშენებლობაა დაგეგმილი. ამოჭრილია ყველა ის ტერიტორია, სადაც საბჭოთა პერიოდში წიაღისეულს მოიპოვებდნენ. ეროვნულ პარკში არ შედის შქმერში მანგანუმის მოსაპოვებლად მონიშნული ტერიტორია. ეროვნულ პარკში შეიყვანეს მყინვარები და კავკასიონის ქედი. ადამიანი ფეხს ვერ იკიდებს, ისეთი ადგილია, გზას ვერ შეიყვან, ხე არ ამოდის, წიაღისეულს ვერ მოთხრი - ისედაც დაცულია.

სინამდვილეში, რაც მართლა დასაცავი და მოსავლელია, ერთ კაცს მისცეს, რუსეთში გამდიდრებულ დავით ხიდაშელს. იმ ტერიტორიაზე ვეღარავინ შევა და უკონტროლო იქნება. მთლიან რაჭას ვკარგავთ. ეს საკითხი რომ მიეჩქმალათ და გადაეფარათ, თითქოს ნაკრძალი შექმნეს.

ადგილობრივ მოსახლეობას უკვე შეექმნა ტყეში შესვლასთან დაკავშირებით პრობლემები. ეროვნული პარკის წინააღმდეგი არავინ არის და ჩვენ კარგად გვესმის მისი არსიც, მაგრამ ის არ უნდა გადიოდეს მოსახლეობის ყანებზე და იმ საარსებო გარემოს არ უნდა მოიცავდეს, რითაც ადამიანები ამ სოფელში არსებობენ.

ყველა ეს სოფელი მოსაზღვრეა, იქით უკვე მტრულად განწყობილი სახელმწიფოა და ვისი იმედი უნდა გვქონდეს, რომ აქაურობას დაიცავენ, თუ არა ადგილობრივი ხალხი. ქვეყანაში რამე რომ აირიოს, აქ მცხოვრები ადამიანები იქნებიან ამ ტერიტორიის დამცველები. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ამ ხალხისთვის, ყველანაირი პირობა უნდა ჰქონდეთ იმისთვის, რომ აქ გაჩერდნენ“, - თქვა ვარლამ გოლეთიანმა.

მანვე ისაუბრა ხიდაშელის კომპანიისთვის ტყეების გადასაცემად ჩადენილ კანონდარღვევებზე: „ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეადგინა ყალბი ოქმები, თითქოს მოსახლეობას ჰკითხეს და ხალხი თანახმა იყო, რომ ტყეები გადაეცათ. სინამდვილეში, არავისთვის არაფერი უკითხავთ“.

„მთის ამბებმა“ 17 ივლისს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება - რაჭის ტყეების ოკუპაცია. რაჭის ტყეები სანქცირებული რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორს დავით ხიდაშელს მრავალი კანონდარღვევით გადაეცა - ამ ტყეებით მოსარგებლე ადამიანებისგან საიდუმლოდ, გარემოსდამცველების, სათემო ორგანიზაციების, მედიისთვის ფარულად. ათობით ათასი ჰექტრის გადაცემამ საფრთხე შეუქმნა რაჭველების კერძო საკუთრებას. ეს გადაწყვეტილება არღვევს როგორც ეროვნულ კანონებს, ისე ევროპულ კონვენციებს, ქმნის ეკოლოგიურ და ისტორიულ აბსურდებს - საკუთარი ნებით, საკუთარი ხელით, საკუთარი გადაწყვეტილებით გავაფორმოთ ოკუპანტის კონტროლი ქვეყანაში.

„მწვანე ალტერნატივას“ და რაჭის სათემო ორგანიზაციას პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ ხელმოწერილი გადაწყვეტილება და ხიდაშელისთვის ტყეების გადაცემის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული და გაუქმებას ითხოვენ.

„მწვანე ალტერნატივამ“ და „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ გენერალურ პროკურატურასაც მიმართეს. არასამთავრობო ორგანიზაციები ონის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის ემზარ საბანაძისა და მისი პირველი მოადგილის დიმიტრი საყვარელიძის მიმართ, სამსახურებრივი სიყალბისა და ქრთამის აღების შესაძლო ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

ამ თემაზე:

ეს არის რუსული საქმე, ქვეყნის მტრობა და ღალატი - დეპუტატები რაჭის ტყეების გადაცემაზე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში