საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ყაზბეგში, მეტეოსადგურზე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ავარიული ინციდენტი განიცადა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:35 - 28 ივნისი 2023 hits 2661

სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა „მი-8“ ტიპის ვერტმფრენმა ყაზბეგში, მეტეოსადგურზე, ავარიული ინციდენტი განიცადა. დაშვების მცდელობისას ვერტმფრენი მიწას წინა შასით შეეხო, რამაც საფრენი აპარატის ამორტიზება გამოიწვია. მფრინავებმა ვერტმფრენის სტაბილიზება მოახერხეს, მყინვარწვერიდან თბილისის მიმართულებით გამოფრინდნენ და სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის ბაზაზე მშვიდობიანად დაეშვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მყინვარწვერზე, მეტეოსადგურზე, პოლონელი მაშველების დახმარების გასაწევად იმყოფებოდა, ავარიული ინციდენტი კი ქარის სწრაფი და დაღმავალი მასების უეცარმა გადაადგილებამ განაპირობა.

შემთხვევა 26 ივნისს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია 2 დღის შემდეგ, მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ერთ-ერთმა ტურისტმა ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

საქართველოს ამ დრომდე არ ჰყავს არცერთი სამაშველო ვერტმფრენი. სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ, საბჭოთა წარმოების ვერტმფრენებს იყენებენ საგანგებო სიტუაციების დროს - სამაშველო ოპერაციებისთვის და ტყის ხანძრების ჩასაქრობად.

ხელისუფლებამ სამაშველო შვეულმფრენის შესყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 2022 წლის 29 ივლისს, გუდაურში სამაშველო ოპერაციის შესრულებისას სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი „მი 8“ ჩამოვარდა და აფეთქდა.

ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი. რვავე ადამიანი დაიღუპა.

საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, მაგრამ საზოგადოებისთვის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ აბსოლუტურად არაფერია ცნობილი.

გასული წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სასაზღვრო პოლიციამ ფრანგულ კომპანია „Airbus Helicopters“-თან „H145“-ის ტიპის 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით ხელშეკრულება გააფორმა. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 26 500 000 ევროა. ქართულ მხარეს პირველი შვეულმფრენი კონტრაქტის ხელმოწერიდან 17 თვეში, ანუ 2024 წლის მაისში გადმოეცემა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში