საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ჭიათურაში გიორგი ღუღუნიშვილის დაღუპვის საქმის გამოსაძიებლად პროკურატურას მიმართეს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:25 - 02 ივნისი 2023 hits 3404

არასამთავრობო ორგანიზაციებმა „მწვანე ალტერნატივამ“ და „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დღეს წერილობით მიმართეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მიტოვებულ თხრილში 30 წლის გიორგი ღუღუნიშვილის დაღუპვის ფაქტი გამოიძიოს.

2023 წლის 23 მაისს, „მთის ამბებმა“ გამოაქვეყნა საგამოძიებო ფილმი სახელწოდებით „ჭიათურა - უბედურების ზონა“. ჟურნალისტური გამოძიება მოგვითხრობს ჭიათურაში შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ უკონტროლო საქმიანობაზე. კომპანია მანგანუმის მოპოვებით კოლოსალურ ფინანსურ სარგებელს ნახულობს, ამ გზაზე კი ტოტალურად უგულებელყოფს კანონებს, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ბუნებას, საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას, პირდაპირ მიწაში მარხავს მათ ქონებას და მომავლის პერსპექტივას.

ფილმის ერთ-ერთი ეპიზოდი ეხება 2020 წელს, ჭიათურის სოფელ დარკვეთში 30 წლის გიორგი ღუღუნიშვილის დაღუპვის ფაქტს.

გიორგი ღუღუნიშვილი სახლში ბრუნდებოდა, როცა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ თხრილში ჩავარდა და დაიხრჩო.

გიორგის ოჯახის წევრებმა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ არ უჩივლეს. დაღუპულის მამა მაღაროში მუშაობს. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკუთარი ინიციატივითაც არ დაიწყო.

სოფელ დარკვეთში საცხოვრებელი სახლებისკენ მიმავალი გზის ორივე მხარეს თხრილები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ნამოქმედარია. მიწიდან მანგანუმის ამოღების შემდეგ ტერიტორიას წლების განმავლობაში გადათხრილს ტოვებენ, ან საერთოდ აღარ ასწორებენ. გზა გიორგის დაღუპვიდან 3 წლის შემდეგაც სიცოცხლისთვის სახიფათოა.

„მოწმეთა ჩვენებებით, ოჯახის ახლობლებისა და წევრების განმარტებებით, არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ საქმე გვაქვს არა უბედურ შემთხვევასთან, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთან, რადგანაც, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მხრიდან ადგილი აქვს სამთო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას (საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ თხრილებთან არ დგას გამაფრთხილებელი ნიშნები, არ არის შემოსაზღვრული, განათებული და ა.შ).

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტი ჭიათურის მუნიციპალიტეტში 2020 წლიდან საყოველთაოდ ცნობილია, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, სისხლის სამართლის საქმე დღემდე არ არის აღძრული. გამოძიება არ დაიწყო მას შემდეგაც, რაც გიორგი ღუღუნიშვილის დაღუპვის შესახებ, 2023 წლის 23 მაისს, მედიის საშუალებით ინფორმაცია საჯაროდ გავრცელდა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულები არიან დაიწყონ გამოძიება. გამომძიებლის მიერ გამოძიების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს. ამავე კოდექსის 101-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში.

მასმედიაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან თითქმის ათ დღეზე მეტი გავიდა, თუმცა საგამოძიებო ორგანოების მხრიდან სათანადო რეაგირება არ მომხდარა, რაც გვიქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა, საგამოძიებო ორგანოები დაინტერესებულები იყვნენ აღნიშნული დანაშაულის არგამოძიებით და მფარველობდნენ გარკვეულ პირებს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 375-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს წარმოადგენს.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, განახორციელოთ სათანადო რეაგირება, აღძრათ საქმე და აწარმოოთ გამოძიება გიორგი ღუღუნიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. საჭიროების შემთხვევაში, გამოცემა მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს და მოგაწოდოთ მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რაც ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა შესაძლო დანაშაულის ჩადენას“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში