საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თავს მოგაჭრი - მუქარა რედაქტორის მიმართ საგამოძიებო ფილმის გამოქვეყნების შემდეგ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:29 - 25 მაისი 2023 hits 12206

„ეს ვიდეო აიღეთ, თორემ მიწიდან ამოგთხრი. თავი თუ არ გაგიხვრიტო... ჩვენ რაც გვჭირს, ეს არის ჩვენი უბედურება. ჩემი დედა მოვ... თუ არ მოგძებნო, თუ თავი არ მოგაჭრა, მე ვიყო ბოზ... გაზრდილი. ჩემი ძმის სულს გეფიცები, მის ძვლებს გეფიცები, იმენა თავი თუ არ მოგაჭრა. ვინ მოგცა უფლება მაგის გადაღების. ჯერ ამათ დედებს შევე... ინტერვიუ რომ მოგცეს და მე არაფერი გამაგებინეს.... ყ...-ზე მკიდია, ციხე დამაშენონ თავზე, გაგაქრობ ამ ქვეყნიდან“, - მუქარის შემცველი აუდიოჩანაწერები „მთის ამბების“ რედაქტორმა 24 მაისს, საგამოძიებო ფილმის გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე მიიღო.

ჟურნალისტური გამოძიება გიყვებათ ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ უკონტროლო საქმიანობაზე. კომპანია მანგანუმის მოპოვებით კოლოსალურ ფინანსურ სარგებელს ნახულობს, ამ გზაზე კი ტოტალურად უგულებელყოფს კანონებს, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ბუნებას, საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას, პირდაპირ მიწაში მარხავს მათ ქონებას და მომავლის პერსპექტივას.

ფილმის ერთ-ერთი ეპიზოდი ეხება „ჯორჯიან მანგანეზის“ ბრალეულობით, ჭიათურის სოფელ დარკვეთში 30 წლის გიორგი ღუღუნიშვილის დაღუპვის ფაქტს, რაზედაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება არ დაიწყო მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულია და ადამიანის დაღუპვის შემთხვევაში ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯება. სოფელ დარკვეთში საცხოვრებელი სახლებისკენ მიმავალი გზის ორივე მხარეს თხრილები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ნამოქმედარია. მიწიდან მანგანუმის ამოღების შემდეგ ტერიტორიას წლების განმავლობაში გადათხრილს ტოვებენ, ან საერთოდ აღარ ასწორებენ. გზა გიორგის დაღუპვიდან 3 წლის შემდეგაც სიცოცხლისთვის სახიფათოა.

„მთის ამბების“ რედაქტორის მიმართ განხორციელებული მუქარის ავტორი გიორგი ღუღუნიშვილის ძმაა.

გამოცემის რედაქტორის გელა მთივლიშვილის განცხადებით, რედაქცია ძალიან წუხს „ჯორჯიან მანგანეზის“ დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად ახალგაზრდა კაცის დაღუპვის გამო, თუმცა ტრაგედიის მიუხედავად, არავის აქვს უფლება ჟურნალისტებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქროს.

„ჩვენს მიერ მომზადებული საგამოძიებო ფილმის მიზანი სწორედ ის არის, რომ მტკიცებულებებზე დაყრდნობილი მხილებით დავეხმაროთ ჭიათურის სოფლების მოსახლეობას, რომლებსაც ფორმალურად კერძო კომპანია, ხელისუფლება და კრიმინალური ავტორიტეტების ჯგუფი, ერთობლივად, სასტიკად ჩაგრავს. ეს მუქარაც ამ ჩაგვრის გაგრძელებაა, ხმა არავინ უნდა ამოიღოს!

სახელმწიფო უწყებები - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, შინაგან საქმეთა სამინისტროები, პროკურატურა, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, წყალმომარაგების კომპანია, ჭიათურის მერია თემაზე მუშაობისას განზრახ გვიშლიდნენ ხელს ჟურნალისტურ საქმიანობაში, როცა არ გადმოგვცეს საჯარო ინფორმაცია, არ განიხილეს არც ადმინისტრაციული საჩივრები, არც სასამართლომ ჩანიშნა პროცესები. ჩვენ მოვახერხეთ და მაინც შევაგროვეთ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომელიც ამხელს, რომ ამ დანაშაულებრივ საქმეში, რასაც „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში აკეთებს, მისი მოკავშირე და მფარველი სახელმწიფოა.

სწორედ იმ საბაბით, რომ ჭიათურაში ეკოლოგიური კატასტროფა არ მომხდარიყო, 6 წლის წინ, კომპანიაში სახელმწიფომ სპეციალური მმართველი დანიშნა. სინამდვილეში, ბოლო 6 წელში, სპეციალური მართვის რეჟიმის პირობებში, მდგომარეობა კრიტიკულად არის გაუარესებული.

სახელმწიფო მაკონტროლებლები კომპანიის საქმიანობას აღარ ამოწმებენ. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ გარემოსთვის მიეყენებული ზიანი ბევრად მეტია, ვიდრე სპეციალური მმართველის დანიშვნამდე იყო. ამის მიუხედავად, რამდენიმე დღის წინ, სახელმწიფომ სპეციალური მართვის რეჟიმი კიდევ 2 წლით გააგრძელა. ჭიათურაში ეკოლოგიური კატასტროფაა და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ უბედურების სიღრმისეულად გაშუქებას, კორუფციის, მძიმე დანაშაულების მხილებას“, - აღნიშნავს გელა მთივლიშვილი.

მუქარასთან დაკავშირებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, ჩადენილი ძალადობის მუქარით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში