საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„რუსულ-ქართული წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია“ - გალუზინი ქვეშეთი-კობის გზაზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:55 - 30 მარტი 2023 hits 16056

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი RTVI-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ „დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად“, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ვითარდება. მოსკოვისა და თბილისის ერთობლივი მუშაობის „რუსულ-ქართული წარმატებული თანამშრომლობის“ მაგალითად, გალუზინი ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის და 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობას ასახელებს.

„ქართული მხრიდან საგზაო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება, მათ შორის, ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო ჩვენი მხრიდან ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გაფართოება. საზღვრის ორივე მხარეს მოქმედებები კოორდინირებულია, რათა არ დავუშვათ ამ სატრანსპორტო არტერიის გამტარუნარიანობის შემცირება.

დარწმუნებულნი ვართ, რომ ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზაცია რუსეთსა და საქართველოს შორის, რომლებიც საერთო ისტორიითა და კულტურით, მილიონობით ადამიანის ბედის შერწყმით არიან გაერთიანებული, სრულად აკმაყოფილებს ჩვენი ორი ქვეყნის ხალხების ინტერესებს“, - აღნიშნავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

ქვეშეთი-კობის 9 კილომეტრი სიგრძის გვირაბის მშენებლობა 2021 წლის მაისში დაიწყო და მისი ბურღვა მილიონას მთის კლდოვან ქანებში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ჯამში 23 კმ-იანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი და 5 გვირაბი უნდა აშენდეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ახალი გზა ქვეშეთიდან კობამდე მანძილს 11 კმ-ით შეამცირებს, გზის გავლას კი 1 საათის ნაცვლად, 15 წუთი დასჭირდება. პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. მშენებლობა აზიის განვითარებისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის დასრულება 2024 წლისთვის არის დაგეგმილი. ახალი გზა ხადის ხეობაზე გადის და საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის ნაწილია. ჯვრის უღელტეხილზე დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, არსებული გზა, ზამთარში, ხშირად ზედიზედ რამდენიმე დღით იკეტება და ორივე მხარეს, რუსეთის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის გადამზიდავი კომპანიების სატვირთო მანქანების გრძელი რიგები დგას. ჯვრის უღელტეხილი როცა ჩაკეტილია, გადაადგილების პრობლემები ექმნებათ ყაზბეგის მცხოვრებლებსაც.

ამ თემაზე:

კორუფცია შოვის ბაკურიანიზაციისთვის და გაზრდილი რუსული საფრთხე მამისონთან

რა (არ) ვიცით საქართველო-ჩეჩნეთის გზაზე და როგორ აღმოჩნდა 1000 ჰექტარი რუსეთის კონტროლქვეშ

კითხვაზე, რამდენად შეიძლება გავლენა იქონიოს თბილისის ბოლოდროინდელმა პროტესტებმა ორმხრივ ურთიერთობებზე, რუსულ მედიასთან ინტერვიუში გალუზინი ამბობს, რომ 7-9 მარტს თბილისში გამართული საპროტესტო აქციების მიღმა რუსეთის ხელისუფლება ხედავს დასავლეთის სურვილს, საქართველოში ვითარება შეარყიოს. 14 მარტს, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც თქვა, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების მიზანი ხელისუფლების გადატრიალება იყო. მანამდე, ანალოგიური შინაარსის განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომლის თქმითაც, აგენტების შესახებ კანონი საბაბი იყო საქართველოს მთავრობის შესაცვლელად.

7-9 მარტს, თბილისში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ. „ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებელი მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების შემზღუდველ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი 7 მარტს დაუჭირა და მასზე უარი 10 მარტს, ძლიერი პროტესტისა და უპრეცედენტო საერთაშორისო ზეწოლის შედეგად თქვა. საპროტესტო აქციები ხელისუფლებამ ცრემლსადენი და მხუთავი გაზის, წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებით დაარბია.

ოფიციალური მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც საფრთხის შემცველია. რუსეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს. საქართველომ, გასულ წელს, რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით  და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 3.6 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წელს რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 3-ჯერ მეტია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის თანახმად, ეს მაჩვენებელი „კოვიდ“ პანდემიის დაწყებამდე, 2019 წელს რუსეთიდან მიღებულ შემოსავალსაც კი 2-ჯერ აღემატება.

2022 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით  და საქონლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ 14.6% იყო, როცა 2021 წელს ეს მაჩვენებელი 6.3%-ს, ხოლო მაქსიმუმს - 9.9%-ს 2018 წელს აღწევდა.

2022 წელს, საქართველოში 15 000-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 16-ჯერ მეტია. საქართველოში სულ 22 400-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი 66% უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა;

2022 წელს რუსეთში ღვინის ექსპორტი 23%-ით გაიზარდა და 161 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთის ბაზარს საქართველოს ღვინის ექსპორტში 64% უჭირავს, რაც 2013 წლიდან, ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რუსეთი საქართველოში ლაბორატორიის შექმნას და ღვინის რუსული სერტიფიკატების გაცემას აპირებს.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების (საწვავის) იმპორტი გაიზარდა - 482 მლნ აშშ დოლარით (5-ჯერ მეტი). რუსული საწვავის წილმა იმპორტში 51% შეადგინა. 45%-ით გაიზარდა კვების პროდუქტების იმპორტი და 442 მლნ დოლარი შეადგინა.

ელექტროენერგიიის რუსეთიდან იმპორტის 46%-ით ზრდის მიუხედავად, რუსულ ელექტროენერგიას საქართველოს შიდა მოხმარებაში მხოლოდ 2.6% უჭირავს.

2022 წელს რუსული ხორბლის და ხორბლის ფქვილის წილი საქართველოს ხორბლის და ხორბლის ფქვილის მთლიან იმპორტში 97% იყო. საქართველოში მოხმარებულ ხორბლის ფქვილში 78%-მდე რუსეთზე მოდის;

2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა - სულ 1.1 მლნ ვიზიტორი შემოვიდა.

2022 წელს რუსეთის მოქალაქეებმა ქართულ ბანკებში 60 ათასზე მეტი ანგარიში გახსნეს, ხოლო მათ მიერ მიმდინარე ანგარიშებზე და დეპოზიტებზე განთავსებული თანხის მოცულობა 2021 წელთან შედარებით თითქმის 4-ჯერ გაიზარდა და 2.8 მლრდ ლარს მიაღწია; რუსი ვიზიტორების ნაწილი რეალურად ემიგრანტია და საქართველოში ხანგრძლივი ვადით დასახლდა.

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, კომპანია „მოსკოვსკი ბიზნეს ბროკერიჯ“-ის საშუალებით კლიენტებს სთავაზობს საინვესტიციო ბიზნეს პროექტებს საიმიგრაციო შეღავათებით, მათ შორის, საქართველოში. საიმიგრაციო შეღავათებში იგულისხმება ინვესტიციების მეშვეობით მუდმივი ბინადრობის, სამუშაო ვიზისა და მოქალაქეობის მიღება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში