საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

დაიდება რეესტრი და გაიგებთ საიდან ფინანსდებოდა „ნამახვანჰესის“ დაბლოკვა - კობახიძე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:33 - 22 თებერვალი 2023 hits 3974

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, როგორც კი პარლამენტი უცხოური გავლენის აგენტთა შესახებ კანონპროექტს დაამტკიცებს და რეესტრი დაიდება, საზოგადოება გაიგებს, მაგალითად, ვის ინტერესებში შედიოდა რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის დაბლოკვა და რატომ ფინანსდებოდა საწინააღმდეგო მოქმედებები.

„შეგახსენებთ, იყო, მაგალითად, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის თემა და კონკრეტული უცხოური წყაროებიდან - აქ შეიძლება იყო რუსული კომერციული წყაროები, შეიძლება იყო სხვა წყაროები, მაგრამ იქ იყვნენ კონკრეტული ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ჰესის მშენებლობის დაბლოკვაში, რაც ისახავდა ერთადერთ მიზანს, ეს იყო საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების არასათანადო უზრუნველყოფა. ეს იყო მთავარი მიზანი.

მე არ გავუსწრებ წინ მოვლენებს. საზოგადოების ყურადღება მინდა გავამახვილო ამაზე, რამდენიმე თვეში, როდესაც დაიდება რეესტრი, იქ ყველა ორგანიზაციასთან დაკავშირებით, ვინ საიდან ფინანსებოდა, რისთვის ფინანსდებოდა, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ექნება ინფორმაცია და ამის საფუძველზე შეიძლება საზოგადოებამ ჩამოაყალიბოს საკუთარი დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ინტერესებში შედიოდა ამ ჰესის მშენებლობის დაბლოკვა და რატომ ფინანსებოდა საწინააღმდეგო მოქმედებები.

საზოგადოება იმსჯელებს ამაზე, რამდენიმე თვეში ექნება ამის საშუალება. სუს-ს (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) აქვს თავისი ინფორმაცია, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, საზოგადოებისთვის  გამჭვირვალე იყოს შესაბამისი ინფორმაცია“, - განაცხადა კობახიძემ.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ხელმძღვანელის ვარლამ გოლეთიანის თქმით, ხელისუფლებას მტკივნეული გამოცდილება აქვს ნამახვანჰესთან დაკავშირებით სწორედ იმიტომ, რომ მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაციები კოორდინირებულად იბრძოდნენ.

„ამან გამოიღო შედეგი. იმ ეტაპზე ბრძოლა ხალხის გამარჯვებით დასრულდა.

ვიცით, რომ მთავრობა აპირებს ნამახვანჰესის მშენებლობის განახლებას და წინასწარ ისუფთავებენ ველს, რომ იმ ორგანიზაციების დისკრედიტაცია მოახდინონ, ვინც ამ თემაზე ვმუშაობდით, დაგვაბრალონ, რომ უცხოეთის აგენტები ვართ“, - უთხრა გოლეთიანმა „მთის ამბებს“.

მოძრაობამ „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ნამოხვანის ჰესების კასკადის წინააღმდეგ აქციები 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო. ბოლო წლების განმავლობაში, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა თვითორგანიზებული ჯგუფის მიერ დაწყებულ მოძრაობას ათობით ათასი ადამიანი შეუერთდა და პროტესტი უწყვეტი სახით 20 თვის განმავლობაში გაგრძელდა. ხელისუფლება აქციის მონაწილეებს შეკრების, გამოხატვის, გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავდა, აპატიმრებდა აქტივისტებს, არბევდა აქციებსა და შეკრების ადგილებს, ახშობდა ინტერნეტს.

ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტი ორ ჰესს მოიცავს - „ზემო ნამახვანი ჰესს“ 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და „ქვემო ნამახვანი ჰესს“ - 324 მგვტ დადგმული სიმძლავრით. პროექტის მიხედვით, „ზემო ნამახვანი ჰესის“ კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრია. ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. „ქვემო ნამახვანი ჰესის“ სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. აქ 500 ჰექტარზე მეტი იტბორება. „ქვემო ნამახვანის ჰესისთვის“ დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

საქართველოს მთავრობამ ინვესტორ თურქულ კომპანიას ჰესების მშენებლობისთვის რიონის ხეობაში 600 ჰექტარზე მეტი ფართობი გადასცა, 300-ჰექტრამდე საკუთრებაში, დანარჩენი 99 წლიანი იჯარით, 16 ლარად. კომპანიას ხეობის დიდი ნაწილი იქამდე გადაეცა, ვიდრე ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვები გაიცემოდა. ჯერ კვლევებიც კი არ არსებობდა, შეიძლებოდა თუ არა საერთოდ ამ ტერიტორიაზე გიგანტური ჰესის მშენებლობა.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ თავის წინააღმდეგობას მოსალოდნელი საფრთხეებით და მთავრობასა და ინვესტორს შორის დადებული ხელშეკრულების კაბალური პირობებით ხსნიდა. ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში ასაიდუმლოებდა იუსტიციის სამინისტროს უარყოფით დასკვნას „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულებაზე.

ჰესების კასკადის მშენებლობაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები და ნებართვები სასამართლოშია გასაჩივრებული. სამი წლის წინ შეტანილი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ დაუწყია.

თურქულმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ საქართველოს მთავრობას 2021 წლის სექტემბერში აცნობა, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელებაზე უარს ამბობდა და 2019 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტდა.

2022 წლის აპრილში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ „ნამახვანჰესი“, „ნენსკრაჰესი“ და „ხუდონჰესიც“ სახელმწიფოს მონაწილეობით უნდა აშენდეს.

გასული წლის ოქტომბერში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ მთავრობას „ენკასთან“ მოლაპარაკება აქვს, რომ „ნამახვანის“ პროექტი განხორციელდეს.

მოძრაობას „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ და წყალტუბოსა და ცაგერის სოფლების მცხოვრებლებს, ვინც ნამახვანჰესის მშენებლობას უპისპირდებოდნენ, გარემოსდაცვით საკითხებში ექსპერტულ და იურიდიულ მხარდაჭერას არასამთავრობო ორგანიზაციები „მწვანე ალტერნატივა“, სოციალური სამართლიანობის ცენტრი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უწევდნენ. სამივე ორგანიზაციას ვებგვერდებზე საჯაროდ აქვს გამოქვეყნებული წლების განმავლობაში სხვადასხვა პროექტისთვის დონორებისგან მიღებული დაფინანსების შესახებ ინფორმაცია.

რაც შეეხება მოძრაობას „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“, აუდიტის დასკვნით, 2020 წლის 15 ოქტომბრიდან 2021 წლის 31 ივლისის ჩათვლით, ორგანიზაციამ შემოწირულების სახით 283 498 ლარი მიიღო. შემწირველები სრულად საქართველოში მცხოვრები და ემიგრაციაში წასული საქართველოს მოქალაქეები არიან.

-----

პარლამენტის ბიურომ 20 თებერვალს განსახილველად მიიღო საპარლამენტო უმრავლესობის წევრების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, გურამ მაჭარაშვილის და კიდევ რამდენიმე დეპუტატის ინიცირებით წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც დამოუკიდებელი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისთვის, ვინც საერთაშორისო ფონდების მხარდაჭერით მუშაობენ, „უცხოეთის გავლენის აგენტის“ სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. „ქართული ოცნება“ კანონპროექტს მხარს უჭერს. ეს არის რუსული კანონი, ევროკავშირის ქვეყნებში ის აკრძალულია. ამ კანონს საქართველოში იმავე არგუმენტებით იღებენ, რითაც ვლადიმერ პუტინი ატყუებდა რუსებს 2012 წელს. ამ კანონმა რუსეთში კრიტიკული ხმა გააქრო.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში