საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„მთის ამბებმა“ ტყიბულის, წალკისა და ახალქალაქის საკრებულოებში პეტიციები წარადგინა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:08 - 14 ნოემბერი 2022 hits 3055

საქართველოს მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის მოთხოვნით, ონლაინგამოცემა „მთის ამბებმა“ სათემო აქტივისტებთან ერთად, ტყიბულის, წალკისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში პეტიციები წარადგინა.

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, „მთის ამბებმა“ საქართველოს 32 მუნიციპალიტეტში, ძირითადად, მთიან და უმცირესობების დასახლებებში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები შეისწავლა.

საქართველოს კანონმდებლობით სკოლამდელ განათლებაზე ხელი ყველა ბავშვს უნდა მიუწვდებოდეს. საბავშვო ბაღების გახსნა, ფუნქციონირება და ბავშვების უფასო კვებით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტების ვალდებულებაა.

კვლევამ აჩვენა, რომ სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით საგანგაშოდ მძიმე მდგომარეობაა ქვემო ქართლში, განსაკუთრებით, მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში. რეგიონში 5 ათასზე მეტი ბავშვი საბავშვო ბაღების მიღმაა დარჩენილი.

დმანისის მუნიციპალიტეტის 57 სოფლიდან საბავშვო ბაღი მხოლოდ შვიდშია. რაიონში მოსახლეობის 65% ეთნიკური აზერბაიჯანელია. საბავშვო ბაღი უმცირესობით დასახლებულ არცერთ სოფელში არ არის.

ბოლნისის რაიონშიც, 48 სოფლიდან საბავშვო ბაღი მხოლოდ ხუთშია, ოთხ სოფელში კი ალტერნატიული სკოლამდელი განათლების დღის ცენტრები ფუნქციონირებს. რაიონში მოსახლეობის 63% ეთნიკური აზერბაიჯანელია. საბავშვო ბაღი უმცირესობით დასახლებულ არცერთ სოფელში არ არის.

წალკის მუნიციპალიტეტის 43 სოფლიდან საბავშვო ბაღი მხოლოდ ექვსშია. მოსახლეობის დაახლოებით 53% ეთნიკური უმცირესობებია. აქედან - 39% სომეხია, თითქმის 7% აზერბაიჯანელი და ამდენივე ბერძენი. საბავშვო ბაღი სომხებით და ბერძნებით დასახლებულ არცერთ სოფელში არ არის. სკოლამდელი განათლება სომხებით დასახლებულ მხოლოდ ერთადერთ სოფელში - კიზილ-კილისაშია ხელმისაწვდომი.

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 29 საბავშვო ბაღია. სკოლამდელი განათლების დაწესებულება თითქმის ყველა ქართულ სოფელს აქვს, გარდა ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლებისა. იორმუღანლოს თემში, სადაც რაიონის მოსახლეობის 33% (17 ათასამდე ადამიანი) ცხოვრობს, მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღია და ისიც 30 აღსაზრდელს იტევს.

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, „მთის ამბებმა“, რეგიონებში ადგილობრივ სამოქალაქო აქტივისტებთან თანამშრომლობით, პეტიციები უკვე წარადგინა ტყიბულის, წალკისა და ახალქალაქის საკრებულოებში. საბავშვო ბაღების გახსნა და და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მოთხოვნილია სოფლებში - მუხურა, ახალშენი და ხორენია.

მუხურიდან უახლოესი საბავშვო ბაღი ქალაქ ტყიბულშია. სოფლის სხვადასხვა უბნიდან ტყიბულამდე 10-14 კილომეტრია, ორივე გზა 20-28 კილომეტრი. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ყოველდღიურად ამ მანძილის გავლა ძალიან ძნელია - იმ შემთხვევაშიც კი, მუნიციპალიტეტი რომ უზრუნველყოფდეს მუხურაში მცხოვრები ბავშვების ტრანსპორტირებას ტყიბულის საბავშვო ბაღში. მკაცრი კლიმატური პირობების - თოვლის, ლიპყინულის, ქარბუქის, ცუდი ხილვადობის გამო, ტყიბულიდან მუხურასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ნოემბრიდან აპრილამდე, 4-5 თვის განმავლობაში პრობლემურია და გადაადგილება სირთულეებთან არის დაკავშირებული. მუხურაში ამ დროისთვის სკოლამდელი ასაკის 40-მდე ბავშვი ცხოვრობს და საცხოვრებელი ადგილისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მიხედვით, ფაქტობრივად, მათი დისკრიმინაცია ხდება.

ახალშენი ბეშთაშენის თემის სოფელია. საბავშვო ბაღი არ არის თემის სხვა სოფლებშიც - ბეშთაშენი, სამადლო. სკოლამდელი განათლების გარეშე არიან დარჩენილები ახალშენს ზემოთ მდებარე სოფლებში - კაბურში, ხაჩკოვში, ჩივთ-ქილისაში, თამალა-ხარაბაში მცხოვრები ბავშვებიც. უახლოესი საბავშვო ბაღი ქალაქ წალკაშია. ახალშენიდან წალკამდე 14 კილომეტრია. ნოემბრიდან თითქმის მარტის ჩათვლით, წალკის სოფლებში მკაცრი კლიმატური პირობებია და 28 კილომეტრის გავლა სრულწლოვანებისთვისაც კი პრობლემურია. ახალშენსა და ბეშთაშენში სკოლამდელი ასაკის 60-ზე მეტი ბავშვია.

ხორენია ხოსპიოს თემის სოფელია. საბავშვო ბაღი თემის სხვა სოფლებშიც (ხოსპიო, ბავრა, მარტუნი) არ არის. თემში 1969 ადამიანი ცხოვრობს, აქედან, ხორენიაში 504. ხორენია ამ თემის სოფლებს შორის, ახალქალაქიდან - სადაც უახლოესი საბავშვო ბაღია, ყველაზე დიდი მანძილით, 12 კილომეტრით არის დაშორებული. ხორენიაში სკოლამდელი ასაკის 35-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს.

საბავშვო ბაღების გახსნისა და მათი ფუნქციონირების მოთხოვნით პეტიციების მომზადება დაგეგმილია წალკის სოფელ ხაჩკოვში, დმანისის სოფელ ირგანჩაიში, ახალქალაქის სოფელ აბულში, საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, ჭიათურის სოფელ ვაჭევში. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზში პეტიციაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ხელმოწერები გროვდება სათემო ორგანიზაცია „სალამთან“ თანამშრომლობით.  

ახალქალაქის, წალკის, ბოლნისის, დმანისის, ჭიათურის საკრებულოებს არცერთი პეტიცია არ აქვთ განხილული ბოლო 7 წლის განმავლობაში, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით პეტიცია განისაზღვრა, როგორც მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა თვითმმართველობის განხორციელებაში.  

 

თუ შენს სოფელშიც არ არის საბავშვო ბაღი, უფლება გაქვს პეტიციით მიმართო საკრებულოს.

ჩვენ დაგეხმარებით ან მოგვმართე კონსულტაციისთვის - სამოქალაქო აქტივობების ცენტრი

ტელეფონი 599 337 336

ელ.ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში