საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რის საფუძველზე აკრძალა შს მინისტრმა საქართველოში პარაპლანით ფრენა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:35 - 23 სექტემბერი 2022 hits 15637

„რაც შეეხება პარაპლანით ფრენებს, დიდი პრობლემაა ნამდვილად, გიდასტურებთ. არაერთხელ მოხდა, თითქმის კვირა არ გავა, რომ სამაშველო ოპერაცია არ გახდეს საჭირო. არის გარდაცვალების ფაქტებიც... უნდა ვიმუშაოთ ამაზე, რეგულაციები გამკაცრდეს ან საერთოდ აიკრძალოს.

პარაპლანების ჩამოვარდნა აქ ხშირად ხდება. ქარია, ხეობებია, ან არ არიან პროფესიონალები. ეს ლიცენზია როგორ გაიცემა, საინტერესოა ყველაფერი და ამას აუცილებლად ჩავყვებით. სანამ დამთავრდება, ამ დღეების განმავლობაში, ჩემი აზრით, ყველანაირი პარაპლანით ფრენა უნდა გაჩერდეს და შესწავლის შემდეგ ლიცენზია იმ ადამიანებზე გაიცეს, ვინც ნამდვილად პროფესიონალია“ - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ეს განცხადება 2022 წლის 29 ივლისს გააკეთა.

ამ დღეს, გუდაურში, სამაშველო ოპერაციის დროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი შვეულმფრენი ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. ვერტმფრენის დახმარებით, გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტის და მისი თანმხლები პირის სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა. თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ვერტმფრენს კუდის ხრახნი დაუზიანდა, რამდენიმე წამში კი მთლიანად მოსძვრა, რის შემდეგაც მართვა დაკარგა. ჩამოვარდნის შემდეგ აფეთქების შედეგად ვერტმფრენი მთლიანად დაიწვა.

29 ივლისიდან არამხოლოდ გუდაურში, მთელს საქართველოში პოლიცია პარაპლანით ფრენას კრძალავს.

„მთის ამბებმა“ შეამოწმა და დაადგინა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი აღნიშნული განცხადების გაკეთებისას არ ეყრდნობოდა ოფიციალურ მონაცემებს და უსაფუძვლოა მისი მტკიცება იმის შესახებ, რომ პარაპლანით ფრენების გამო თითქმის ყოველკვირეულად სამაშველო ოპერაციის ჩატარება ხდებოდა საჭირო.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადების შესამოწმებლად, „მთის ამბებმა“, 15 აგვისტოს, სამინისტროდან, წერილობით გამოითხოვა შემდეგი საჯარო ინფორმაცია:

    • 2013 წლის 1-ელი იანვრიდან, საქართველოს მასშტაბით, პარაპლანით ფრენისას მომხდარ შემთხვევებზე, გადაუდებელი დახმარების გაწევის მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში 112, სულ რამდენი შეტყობინებაა რეგისტრირებული წლებისა და საქართველოს რეგიონების მიხედვით;
    • თითოეულ შეტყობინებაზე რა სახის რეაგირება განხორციელდა და რამდენ შემთხვევაში გახდა აუცილებელი სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენების ჩართვა;
    • თითოეულ შემთხვევაში რამდენი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, რამდენი დაშავდა, რამდენი დაიღუპა;
    • თითოეულ შემთხვევაზე დაიწყო თუ არა გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით/მუხლებით; თითოეულ შემთხვევაზე დასრულდა თუ არა გამოძიება, რა შედეგით (რამდენი პირი იქნა მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რამდენი პირი იქნა დაკავებული და რომელ შემთხვევებზე);
    • შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ, 2022 წლის 29 ივლისს გაკეთებული საჯარო განცხადების შემდეგ, დაიწყო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ან სამინისტროს რომელიმე უწყებამ პარაგლაიდინგთან დაკავშირებით საკითხების შესწავლა, რომელმა უწყებამ, როდის და რის საფუძველზე;
    • პოლიცია რის საფუძველზე უკრძალავს გუდაურში პილოტ-პარაპლანერისტებს კომერციული თუ სხვა სახის ფრენებს;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, მნიშვნელოვანი მოცულობის ინფორმაციის გასაცემად მაქსიმუმ 10 დღიანი ვადაა დადგენილი. ასეთ დროს, კანონი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, დაინტერესებულ პირს, ვინც საჯარო ინფორმაციას ითხოვს, განცხადების მიღებისთანავე აცნობოს, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის გასაცემად 10 დღეა საჭირო. შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტრომ კანონით დადგენილი ეს მოთხოვნები დაარღვია. მხოლოდ მას შემდეგ, რაც 1-ელ სექტემბერს, „მთის ამბებმა“ ადმინისტრაციული საჩივრით შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა, სამინისტრომ ონლაინგამოცემას წერილობით აცნობა:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ინფორმაციით, სამინისტრო აქტიურად ახორციელებს პარაგლაიდინგთან დაკავშირებული საკითხების შესწავლას შესაბამის უწყებებთან და პარაგლაიდინგის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. კერძოდ, პარაპლანთან მიმართებით არსებული გამოწვევების გაანალიზებისა და პარაგლაიდინგის უსაფრთხოდ გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, გაიმართა არაერთი შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაწილეობით. გამართულ შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციისა და შესაბამისი სპორტული კლუბების წარმომადგენლები. საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტის მიზნით სამუშაო პროცესი კვლავ გრძელდება.

რაც შეეხება, პოლიციის მიერ დადგენილ აკრძალვას, პოლიციის მიერ პარაპლანით ფრენის აკრძალვა ემსახურება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს − ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლებას. კერძოდ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციის ძირითადი ფუნქციაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილება, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, რაც უპირველესად გულისხმობს ადამიანის სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის დაცვის ფუნქციას. შესაბამისად, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, პოლიციას აკისრია პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის, საჭიროების არსებობისას ფრენების აკრძალვის გზით.

სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირი - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“ წარმოადგენს გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერს, რომელიც იღებს გადაუდებელი დახმარებისთვის საჭირო პირველად ინფორმაციას, რაც მნიშვნელოვანია შემთხვევის პრიორიტეტის და მასზე რეაგირებისათვის გასაგზავნი გადაუდებელი დახმარების რესურსის განსასაზღვრად.

„112“-ში შემოსული შეტყობინებების კლასიფიკაცია ხდება ზარის ინიციატორის მიერ მოწოდებული პირველადი ინფორმაციის საფუძველზე. თითოეულ განხორციელებულ ზარზე ოპერატორის მიერ პროგრამულად განისაზღვრება პრობლემის ანუ ინციდენტის ტიპი, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის №30 ბრძანების დანართით №1. აღნიშნული დანართი არ ითვალისწინებს პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტის ტიპს. აღნიშნულიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ მოკლებული ვართ შესაძლებლობას წარმოგიდგინოთ ინფორმაცია პარაპლანით ფრენისას მომხდარ შემთხვევებთან დაკავშირებით შემოსული შეტყობინებების რაოდენობის შესახებ, ვინაიდან არ ხდება ამ კუთხით მონაცემების დამუშავება.

რაც შეეხება, 2013 წლიდან - 2022 წლის 15 აგვისტომდე პერიოდში პარაპლანით ფრენისას მომხდარ შემთხვევებთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემების მიწოდებას, სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება წარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებისა და არა სისხლის სამართლის დანაშაულის გარემოებათა ან სისხლის სამართლის საქმეში არსებული ნებისმიერი სტატუსის მქონე სუბიექტ(ებ)ის (პირები) მიხედვით“.

„მთის ამბები“ პარაგლაიდინგის ეროვნული ფედერაციის თავმჯდომარეს ირაკლი კაპანაძესაც დაუკავშირდა. მისი განცხადებით, ფედერაცია პარაპლანით ფრენისას მომხდარ უბედურ შემთხვევებს არ აღრიცხავს, „თუმცა, ასეთი შემთხვევები ბევრი ნამდვილად არ არის, მითუმეტეს იმდენი, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით პარაპლანით ფრენა აეკრძალათ. დაახლოებით 250 მფრინავია საქართველოში, აქედან 70 მაინც გუდაურში. მფრინავს ჰყავს დამხმარე, სხვა პირები. თითქმის 2 თვეა ყველა გაჩერებულია. ჯგუფები უნდა ჩამოსულიყვნენ საფრენად, უარი თქვეს და აღარ ჩამოვიდნენ. პრობლემები ნამდვილად არის მოსაგვარებელი, მაგრამ ვიდრე ვერტმფრენი არ ჩამოვარდა, მანამდე არავინ არაფრით დაინტერესდა. პარაპლანით ფრენების აკრძალვით ვერტმფრენის ჩამოვარდნა და ადამიანების დაღუპვა პარაპლანისტებს დაუკავშირეს. იცით რამხელა აგრესიაა ჩვენს მიმართ?“.

ირაკლი კაპანაძე ადასტურებს, რომ შვეულმფრენის ჩამოვარდნის შემდეგ, შინაგან საქმეთა, ეკონომიკის სამინისტროების, პარაგლაიდინგის ფედერაციისა და კლუბების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრები ნამდვილად გაიმართა, სადაც რეგულაციის საკითხებზე მსჯელობენ.

„მთის ამბები“ ღია წყაროებითაც შეეცადა პარაპლანის ჩამოვარდნის, პარაპლანით ფრენისას ადამიანების დაშავების ან დაღუპვის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას. მედიაში ცნობები მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაზე იძებნება:

    • 2022 წლის 29 ივლისს, გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად უცხოელი ტურისტი დაიღუპა, მფრინავი დაშავდა;
    • 2022 წლის 16 ივლისს, გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად უცხოელი ტურისტი დაიღუპა, მფრინავი დაშავდა.
    • 2022 წლის 3 მაისს, გუდაურში პარაპლანი ჩამოვარდა. უკრაინელი მფრინავი დაიღუპა, ტურისტი მსუბუქად დაშავდა.
    • 2019 წლის ზაფხულში გუდაურში პარაპლანით ფრენისას ადგილობრივმა მფრინავმა მართვა დაკარგა და ტურისტთან ერთად მდინარე არაგვში ჩავარდა. ფილიპინელი ტურისტი ადგილზე დაიღუპა, მფრინავი დაშავდა.
    • 2019 წლის მაისში, ყაზბეგი-გუდაურის მონაკვეთზე, პარაპლანი სადენებს გამოედო. მაშველებმა მფრინავი და მგზავრი 80 მეტრის სიმაღლიდან უვნებლად ჩამოიყვანეს.
Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში