მისივე თქმით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც გამოიძიებს, რა მოხდა. „არსებობს ე.წ. შავი ყუთი, სადაც იწერება შვეულმფრენის ეკიპაჟის წევრების ერთმანეთთან ლაპარაკი და მიზეზი იქიდან გაირკვევა. ვიდრე კომისია არ დაასრულებს მუშაობას, ზუსტი ინფორმაცია არ გვექნება. ზაზა ლორიას, ვინც შვეულმფრენს მართავდა, ფრენისა და სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობის 32 წლიანი გამოცდილება ჰქონდა. მომხდარს ვერც ეკიპაჟის შეცდომას დავარქმევთ და ვერც ტექნიკის გაუმართაობას. ალბათ, ქარის ფაქტორმა იმოქმედა“, - აღნიშნავს შამილ ქორთოშიძე ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში.
კითხვაზე, საბჭოთა წარმოების ვერტმფრენი „მი 8“ სამაშველო ოპერაციებისთვის მოუხერხებელი ხომ არ არის, ქორთოშიძე პასუხობს, რომ „მი-8“-ს საქართველოს პირობებში ანალოგი არ აქვს და ძლიერი შვეულმფრენია.
„ასევე, გამორიცხულია, რომ ვერტმფრენი გაუმართავი ყოფილიყო. ზაზა ლორია არამხოლოდ ეკიპაჟის მეთაური იყო, არამედ ფრენების დარგში სამმართველოს უფროსის მოადგილე და დიდი გამოცდილება ჰქონდა“.
გუდაურში სამაშველო ოპერაციის შესრულებისას სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი „მი 8“, 29 ივლისს, დღის მეორე ნახევარში ჩამოვარდა და აფეთქდა. ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა, რომ დაიღუპა ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი. ვერტმფრენის დახმარებით, გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტის და მისი თანმხლები პირის სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა. თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ვერტმფრენს ე.წ. „კუდის როტორი“ დაუზიანდა, რამდენიმე წამში კი მთლიანად მოსძვრა, რის შემდეგაც ვერტმფრენმა მართვა დაკარგა. ჩამოვარდნის შემდეგ აფეთქების შედეგად ვერტმფრენი მთლიანად დაიწვა.
მაშველების სხვა ჯგუფმა კლდეში ჩავარდნილი პარაპლანისტი ცოცხალი ამოიყვანა, მისი თანმხლები უცხოელი ტურისტი კი დაიღუპა.
საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.
შს მინისტრის განცხადებით, პარაპლანით ფრენები შეჩერდება და შესაძლოა, საერთოდ აიკრძალოს ან რეგულაციები გამკაცრდეს.
მთავრობამ 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოაცხადა.
საქართველოს არ აქვს არცერთი სპეციალური სამაშველო ვერტმფრენი.
გაფრთხილებთ, ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს!