საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

      

„მთის ამბებმა“ ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

14:12 - 05 ივლისი 2022 hits 1973
ფოტოზე - ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი
ახალი ამბები
ფოტოზე - ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი

რატომ ჩამორჩება ახალაშენებული ჰესების ფაქტობრივი გენერაცია 20, 30 და 40 %-თაც კი თავდაპირველად პროექტით გათვალისწინებულს; აღნიშნული ჰესების გამომუშავების რესურსების დასაზუსტებლად, განხორციელდა თუ არა რაიმე სახით ინსპექტირება/შემოწმება; ასეთ შემთხვევაში, როდის და რომელი ჰესები შემოწმდა, რა გამოვლინდა შემოწმების შედეგად - ონლაინგამოცემა „მთის ამბები“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან ამ საჯარო ინფორმაციას ექვსი თვეა ითხოვს. სამინისტრომ არც „მთის ამბების“ ადმინისტრაციული საჩივარი განიხილა, რის შემდეგაც გამოცემამ სასამართლოს მიმართა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთის ამბების“ სარჩელი  წარმოებაში უკვე მიიღო და დასაშვებად ცნო. მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა, სამინისტროს, 10 დღის ვადაში სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალების წარდგენა დაავალა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე დახურული უწყებაა და „მთის ამბების“ არცერთ მოთხოვნაზე საჯარო ინფორმაციას არ გასცემს.

სამინისტროში ვითარება არც მინისტრის გამოცვლის შემდეგ შეიცვალა.

„მთის ამბების“ ინფორმაციით, ჰიდროელექტროსადგურებში მესაკუთრეებს კრიპტოვალუტის მსხვილი ფერმები აქვთ, რის გამოც გამომუშავებულ ელექტროენერგიას იქვე მოიხმარენ და სახელმწიფო ელექტროსისტემას არ აწვდიან. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე „მთის ამბებმა“ 5 ივნისს გამოქვეყნებულ რეპორტაჟში გიამბოთ და გაჩვენათ, რომ ხევსურეთში, როშკის ჰესების კასკადი კრიპტოვალუტის მსხვილი ფერმებითაა სავსე.

„მთის ამბები“, ეკონომიკის სამინისტროსგან, ასევე, ოთხი თვეა რაც ითხოვს წალკის რაიონში მდებარე „ხრამჰესი 1“ და „ხრამჰესი 2“-თან დაკავშირებულ დოკუმენტებსაც, კერძოდ, რუსულ კომპანიაზე წილების პრივატიზების ხელშეკრულებას, ხელშეკრულებაში შესულ ცვლილებებს, ინფორმაციას - ინვესტორის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისა და პირობების დარღვევაზე რეაგირების თაობაზე.

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის საჯაროდ გაკეთებული განცხადებების თანახმად, რუსულ კომპანია „ინტერ რაოს“ ორივე ჰესში 104 მილიონი აშშ დოლარი 2011 წლის ნოემბრამდე უნდა გადაეხადა. ასევე, „ინტერ რაომ“ აიღო ვალდებულება, რომ 2016 წლამდე, მდინარე ხრამის აუზში, სამ ახალ ჰიდროელექტროსადგურს ააშენებდა, რომელთა დადგმული სიმძლავრე 90-100 მგვტ იქნებოდა. რუსულ კომპანიას ახალი ჰესების მშენებლობაში 193 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. „ინტერ რაომ“ სამიდან არცერთი ახალი ჰესი არ ააშენა. „ინტერ რაოს“ მთავარი აქციონერია რუსული სახელმწიფო კომპანია „როსნეფტეგაზი“. „ინტერ რაოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა ბორის კოვალჩუკი. ის, 2022 წლის 11 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა დმიტრი შუგაევი, რომელიც ამავე დროს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორია. 2022 წლის 12 მარტს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული იქნა როგორც რუსეთის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანი. შუგაევი სანქცირებულია ავსტრალიის და დიდი ბრიტანეთის მთავრობების მიერაც. „ინტერ რაოს“ დირექტორთა საბჭოს არა-აღმასრულებელი თავმჯდომარეა იგორ სეჩინი - რუსი ოლიგარქი, ყოფილი სახელმწიფო მაღალჩინოსანი, რუსეთის ნავთობისა და გაზის კომპანია „როსნეფტის“ მთავარი აღმასრულებელი დირექტორი. 2022 წლის 24 თებერვალს მოხვდა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ სანქცირებულთა სიაში, 10 მარტს კი ფინანსური სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმაც.

„მთის ამბებმა“ კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

რაჭის ტყეების საქმეზე გარემოს დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ვაკანსიები მთაში

თავში