საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„მთის ამბებმა“ კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:18 - 12 მაისი 2022 hits 8583
ფოტოზე - კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და მისი პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე
ახალი ამბები
ფოტოზე - კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და მისი პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე

ალავერდის საკათედრო ტაძართან ახლოს, სასტუმროს უკანონოდ მშენებლობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გამო, ონლაინგამოცემა „მთის ამბებმა“, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

„მთის ამბებმა“ სამინისტროდან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან 18 თებერვალს გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია - ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში, საკათედრო ტაძრის გვერდით, სასტუმრო Alaverdi Resort-ის მშენებლობასთან დაკავშირებით სამინისტროსა და მის ქვეუწყებებში დაცული დოკუმენტაცია და ადმინისტრაციული წარმოების მასალები. სამინისტრომ „მთის ამბებს“ საჯარო ინფორმაცია არც მას შემდეგ მოაწოდა, რაც 15 მარტს, მინისტრ თეა წულუკიანს ადმინისტრაციული საჩივრით მივმართეთ. გამოცემა ითხოვს, სასამართლომ დაავალოს სამინისტროს, გასცეს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია. ამასთან,

„მთის ამბებმა“ ექსკლუზიურად, პირადი კონტაქტებით მოიპოვა დოკუმენტაციის ნაწილი, რომელიც ადასტურებს, რომ ალავერდის საკათედრო ტაძართან მიმდინარე მშენებლობა უკანონოა. ამ საკითხზე სპეციალურ რეპორტაჟს უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.

ალავერდის საკათედრო ტაძარი ეროვნული მნიშვნელობის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც 2007 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა წინასწარ სიაშია შეტანილი.

მიწის ნაკვეთი, სადაც ღვინის კომპანია „ბადაგონი“ 32 ნომრიან სასტუმრო კომპლექსს აშენებს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის.

3 თებერვალს, უკანონო მშენებლობის დაწყებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი დაესწრო და საძირკველში კაფსულაც ჩაუშვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი და ალავერდელი მიტროპოლიტიც.  

11 თებერვალს, ძეგლთა დაცვის სპეციალისტებმა სხვადასხვა ორგანიზაციიდან, კულტურის სამინისტროს მიმართეს და სასტუმროს მშენებლობის პროექტისა და ნებართვის გასაჯაროება მოითხოვეს.

„მედია რეპორტაჟებში და არქიტექტურული კომპანიის ვებგვერდზე ნაჩვენები პროექტის რენდერების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დაანონსებული მშენებლობა არღვევს კულტურული მემკვიდრეობის კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მისი ამ სახით განხორციელება გამოიწვევს ეროვნული მნიშვნელობის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებას. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დამცავი ზონის რეჟიმის დარღვევა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანება წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. ალავერდის მონასტერი წარმოადგენს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებულ ნიმუშს, რომელიც გარდა არქიტექტურული ძეგლისა, ალაზნის ველის კულტურულ ლანდშაფტთან ერთად ქმნის უნიკალურ ფასეულობას. ალავერდის ტაძარი ბუნებასთან ჰარმონიული შერწყმის იშვიათი ნიმუშია, რაც მას ალაზნის ველთან ერთად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში კულტურული ლანდშაფტის ძეგლის კატეგორიით მოხვედრის დიდ პოტენციალს უქმნის. ალავერდის კათედრალისა და ალაზნის ველის, როგორც კულტურული და ბუნებრივი ძეგლის, ისტორიულად ჩამოყალიბებული სახით მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია“, – ნათქვამია განცხადებაში.

უკანონო მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით, ერთ-ერთი რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაცია სარჩელის შეტანას აპირებს თელავის რაიონულ სასამართლოში.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში