საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სამინისტრო დავით ხიდაშელისთვის 104 712 ჰა ტყის გადაცემაზე დოკუმენტებს ასაიდუმლოებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:32 - 05 მაისი 2022 hits 9831
ფოტოზე - მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი
ახალი ამბები
ფოტოზე - მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უარს ამბობს, გაასაჯაროვოს სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორისთვის, დავით ხიდაშელისთვის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყის გადაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და საქმის მასალები.

„როგორც კი მოვიპოვებთ აუქციონის გამოცხადებაზე და ლიცენზიის გადაცემაზე ბრძანებებს, ამ დოკუმენტებს სასამართლოში გავასაჩივრებთ და გაუქმებას მოვითხოვთ.

მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილებები მიღებულია როგორც ქართული კანონმდებლობის, ისე ბერნის კონვენციით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით“, - უთხრა „მთის ამბებს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო გუჯარაიძემ.

„მწვანე ალტერნატივამ“ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ლიცენზიის გაყიდვის მასალები, გარემოს ეროვნული სააგენტოდან, 14 მარტს გამოითხოვა, აუქციონის ჩატარებიდან მესამე დღესვე. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ „მწვანე ალტერნატივას“ არცერთი მოთხოვნილი დოკუმენტი არ მიაწოდა, გარდა იმ ინფორმაციისა, ვისზე გაიყიდა ლიცენზია და რა სიკეთეებს მოუტანს ეს პროექტი რეგიონს. არასამთავრობო ორგანიზაციამ 29 აპრილს ადმინისტრაციული საჩივრით სამინისტროს მიმართა და საქმის მასალების სრულად გადაცემა მოითხოვა. დღეს, 5 მაისს „მწვანე ალტერნატივამ“ სამინისტროს წერილი მიიღო, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი განმარტავს, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები სასამართლოში საჩივრდება.

„მწვანე ალტერნატივის“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მოთხოვნილ დოკუმენტებს შორის არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტები, რომელიც მოთხოვნის გარეშეც ღია უნდა იყოს საზოგადოებისათვის: „ეს არის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისათვის სრულიად უკანონო ბარიერების შექმნის უკიდურესად საგანგაშო პრეცედენტი“. არასამთავრობო ორგანიზაცია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე სამინისტროს უარს სასამართლოში კი გაასაჩივრებს, მაგრამ არსებული პრაქტიკის მიხედვით, სასამართლოს გზით დოკუმენტების მოპოვებას, შესაძლოა, ერთ წელზე მეტი დასჭირდეს. 

საქართველოს ხელისუფლებამ, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით, 11 მარტს გადასცა შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“. ამ კომპანიის მესაკუთრე უმსხვილესი რუსული კორპორაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორი დავით ხიდაშელია. იმ პერიოდში, როცა ხიდაშელი ევტუშენკოვის კუთვნილი რუსული კონგლომერატის „SISTEMA“ ვიცე-პრეზიდენტი იყო, ეს კომპანია მხარს უჭერდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას.

ხიდაშელისთვის სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემული ტერიტორია რუსეთის ფედერაციას და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება, მოიცავს რაჭისა და ქვემო სვანეთის 81 სოფლის ტერიტორიას.

დავით ხიდაშელი მთავარი ფიგურანტია ე.წ. „კარტოგრაფების საქმეში“ (დავით-გარეჯის საქმე).

აუქციონის და ხელშეკრულების პირობების თანახმად, ინვესტორმა, ლიცენზიის მიღებიდან 5 წლის განმავლობაში, 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. რეგიონში უნდა დააბრუნოს და გაამრავლოს კეთილშობილი ირემი და კავკასიური დომბა (ევროპული ბიზონი). სალიცენზიო ფართობზე უნდა მოეწყოს ტურისტული ინფრასტრუქტურა სამოყვარულო და სპორტული ნადირობის, შემეცნებითი, რეკრეაციული, სათავგადასავლო და ეკოტურიზმის განვითარების მიზნით .

სალიცენზიო ფართობი მოიცავს საქართველოს „ზურმუხტის ქსელში“ შემავალ ტერიტორიებსაც. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ მხოლოდ ლიცენზიის გაცემის შემდეგ დაავალა, რომ საქმიანობის დაწყებამდე, შეთანხმებისთვის, სააგენტოს წარუდგინოს ანგარიში, რა ზეგავლენას მოახდენს სამონადირეო მეურნეობა „ზურმუხტის ქსელზე“, რაც ჰაბიტატების დირექტივის მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების დარღვევაა. ამგვარი შეფასების გაკეთებას კანონმდებლობა სახელმწიფოს ლიცენზიის გაცემამდე ავალდებულებს. საქართველომ დირექტივით დადგენილი მოთხოვნების დაცვის ვალდებულება 2014 წელს აიღო, როდესაც ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას.

საყურადღებოა, რომ ზესხო-ყორულდაშის ხეობაში (ქვემო სვანეთი), ორი ჰესის მშენებლობაზე ნებართვას ითხოვენ რუსულ „ინტერ რაოსთან“ მჭიდროდ დაკავშირებული პირები.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში