საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

      

„ეს ჩვენი ომიცაა“ - უკრაინაში მიმავალი ქართველი მოხალისეები

23:09 - 28 თებერვალი 2022 hits 3904

„ვაჟა ბერიანიძე! გიორგი კობიაშვილი! შემოდით!“

უკრაინის საელჩოს შესასვლელში მოხალისედ წასვლის მსურველებს მორიგეობით იძახებენ. გასაუბრებაზეც სათითაოდ შედიან. იქ უნდა გადაწყდეს, შეუერთდებიან თუ არა „ქართულ ლეგიონს“, რომელიც რუსეთის ძალების წინააღმდეგ, უკრაინელების გვერდით, 2014 წლიდან იბრძვის.

„ხვალ აქ არ ვიქნები. უკრაინაში მივდივარ. რა ხდება? რა ხდება და მშვიდობა უნდა დავამყაროთ. გაიხარეთ“, - ეუბნება ფარნაოზ ქსოვრელი ვიღაცას ტელეფონით. გასაუბრებიდან უკვე გამოვიდა. მისი ბედი გარკვეულია. შერჩეულია, მიდის.

„ქართული ლეგიონის“ თბილისის საკოორდინაციო შტაბი 27 თებერვალს შეიქმნა. საქართველოდან უკრაინაში მოხალისედ წასვლის მსურველი ბევრია. ლეგიონი თავადაც მოხალისეობრივი ჯგუფია, მაგრამ სულ მცირე ასი გამოცდილი სამხედროსგან შედგება. მათი უმრავლესობა საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი ოფიცერი, 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის, ერაყისა და ავღანეთის სამხედრო მისიების ვეტერანია. მოხალისეობის მსურველებს მკაცრად არჩევენ, ჯგუფში მოსახვედრად სამხედრო გამოცდილება აუცილებელია.

„ტელეფონი წუთით არ გაჩერებულა. ვფილტრავთ საომარი გამოცდილების მქონე ადამიანებს. აქედან შეიძლება ადვილად ჩანს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლის ველზე ის იყოს, ვისაც შესაბამისი გამოცდილებაც აქვს. არაა ახლა იმის საჭიროება, რომ გამოუცდელი ადამიანი მოხვდეს ფრონტზე. უამრავი საშუალებაა, რომ სხვა მხრივ გამოხატონ მხარდაჭერა. აქ აღარ აქვს მნიშვნელობა ეროვნებას, პოლიტიკას, იდეოლოგიას, არაფერს. ეს უკვე სიკეთესა და ბოროტებას შორის ომია და სიკეთემ უნდა გაიმარჯვოს“ - ამას ვახო მამულაშვილი გვეუბნება, „ქართული ლეგიონის“ თბილისის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენელი და დასძენს, რომ ორ დღეში 100-ზე მეტი მოხალისე შეგროვდა.

შტაბი და უკრაინის საელჩო საქართველოში ერთობლივად მოქმედებენ. თვითმფრინავი პოლონეთში დაჯდება. მოხალისეებთან იქვე დაიდება კონტრაქტები. ყველაფერი მკაცრად ორგანიზებული და კონტროლზე აყვანილი უნდა იყოს - ასეთია გეგმა.

ფარნაოზ ქსოვრელი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა, შვილი მომავალი ჟურნალისტი ჰყავს. მისი ხათრით ხალისიანად გვესაუბრება. „დღეს გადავწყვიტე და დღესვე მივდივარ. მივფრინავ უკრაინის თავისუფლების დასაცავად".

"უკრაინის თავისუფლების დაცვა ახლა იგივეა, რაც საქართველოს თავისუფლების დაცვა. მათი მარცხი ჩვენი მარცხი იქნება. მათი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაც იქნება".

"დაგვანებონ მშვიდობიან მოსახლეობას თავი, თორემ „ისეთ დღეს დავაყრით, მკვდარსაც კი გაეცინება“. ყველა ქართველ მებრძოლს, რომელიც უკრაინისთვის და საქართველოსთვის იბრძვის, დიდება და გამარჯვება“, - ამბობს ფარნაოზი და სიცილით იმასაც აყოლებს, იმედია, დავბრუნდები და ამ ინტერვიუს მერე ვნახავო.

ქართველებს რომ გვესმის უკრაინელების ახლა, ვის შეუძლია ეს უკეთესად გაიგოსო, საუბრობენ ერთმანეთში მოხალისეობის მსურველები.  სოსოს კამერასთან გამოჩენა ერიდება. ისიც ერთ-ერთი წამსვლელია. 30-ზე მეტის არ იქნება, - „დამაგვიანდა, უფრო ადრეც უნდა წავსულიყავი".

"ჩვენი ომიცაა ეს. მივდივარ უკრაინელი გმირების გამო. არ შემიძლია სხვანაირად. მივდივარ იმიტომ, რომ სიმართლე უკრაინელების მხარესაა და როცა სიმართლე შენკენაა, მნიშვნელობა არა აქვს, ვინაა შენი მოწინააღმდეგე".

"ღმერთის იმედი მაქვს. ჩამოვალ, ჩამოვალ. თუ არ ჩამოვალ და, მაგასაც არა უშავს - ჩემზე მაგარი ბიჭები ვერ დაბრუნებულან ომიდან“.

მოხალისეთა ერთი თვითორგანიზებული ნაკადი უკრაინის გზას ავტობუსით 28 თებერვალს გამთენიისას დაადგა. აქ კიდევ უფრო მოუთმენელმა ხალხმა მოიყარა თავი. ზოგს საბრძოლო გამოცდილება აქვს, ზოგს - სამედიცინო. მათ შორის ქალებიც არიან. გიორგი შანიძემ საკუთარ სახლში საქართველოში ჩარჩენილი ოთხი უკრაინელი შეიფარა და თვითონ მოხალისეებს გაჰყვა, - „ყველაზე სწრაფი გზა ეს ვიპოვე, უკრაინის საზღვრამდე მივალთ და მერე გამოჩნდება. კავშირი გვაქვს „ქართულ ლეგიონთანაც“, პირადი კონტაქტებიც გვყავს და ყველაფერი კარგად იქნება“.

ქართველები უკრაინის შეიარაღებულ ძალებშიც მსახურობენ. ცოლ-ქმარი, წარმოშობით ტყიბულელი რუსკა ივანეიშვილი და კახელი გელა ბეგლარიშვილი ერთმანეთის მხარდამხარ რამდენიმე წელია, რაც უკრაინაში იბრძვიან.

28 თებერვალს, საღამოს 8:45-საათზე „ქართული ლეგიონის“ მიერ ორგანიზებული მოხალისეთა ჯგუფი უკვე თვითმფრინავში უნდა მჯდარიყო და პოლონეთის საჰაერო სივრცეში შესულიყო. სწორედ ამ დროს გაავრცელა საკოორდინაციო შტაბმა ინფორმაცია, რომ  რეისი, რომელსაც მოხალისეები უნდა წაეყვანა, გააუქმეს და იმ ადამიანების ერთი ღამით დაბინავება გახდა საჭირო, ვინც უკრაინაში წასასვლელად რეგიონებიდან ჩამოვიდა.

შტაბში გვეუბნებიან, რომ 200-მდე მოხალისეს აეროპორტში რუპორით გამოუცხადეს, რომ ჩარტერული რეისი, რომელსაც ისინი პოლონეთში უნდა გადაეფრინა, გაუქმდა, - „უკრაინის საელჩო მთელი დღის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებას საქართველოს მთავრობასთან. თვითმფრინავი სამჯერ შეიცვალა. როცა გვეგონა, რომ ყველაფერი გადაწყდა, აეროპორტში მისულებს რუპორით, რობოტის ხმით, ყველაფრის ახსნის გარეშე, გამოგვიცხადეს, რომ ჩარტერული რეისი პოლონეთის მიმართულებით გაუქმებულია. შტაბი და საელჩო ახლა ცდილობს, რომ ადამიანები, ვისაც თბილისში დასარჩენი არ აქვს, დროებით დააბინაოს, სანამ წასასვლელად ალტერნატიულ გზებს გამოვნახავთ“.

რეისის გადადებას ტვიტერზე გამოეხმაურა უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდა, მოხალისეებს გაფრენის უფლება მისცეს.

„მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება!

„თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს, სწორი გადაწყვეტილების მიღებაში “, – წერს უკრაინის პრემიერი ტვიტერზე.

საქართველოს მთავრობას მოხალისეთა რეისთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 28 თებერვალს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომის ირგვლივ საქართველოს მოსახლეობის გამოხმაურებებსა და მის მიმართ მოქალაქეთა მიერ წაყენებულ მოთხოვნებზე, რომლებიც, მისი შეფასებით, წინააღმდეგობაშია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან. ირაკლი ღარიბაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთის მიმართ აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები არაეფექტურია, რის გამოც პრემიერი კიდევ ერთხელ გახდა საზოგადების მწვავე კრიტიკის ადრესატი.

უკრაინაში საომარი მოქმედებები მეხუთე დღეა გრძელდება. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა, რასაც წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარება. რუსეთის სამხედრო ინტერვენციას შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების მხრიდან სანქციების დაწესება მოჰყვა.

დღეს, 28 თებერვალს შედგა მოლაპარაკებები რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის უკრაინა ბელარუსის საზღვარზე. დღესვე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა უკრაინის განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

ნინო ბაიდაური

Mtisambebi.ge-ს რეპორტიორი/ფოტოგრაფი. პროფესიით სოციალური ფსიქოლოგია. აშუქებს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სოციალურ თემებს, ამზადებს ფოტორეპორტაჟებს. E-mail: [email protected]

ვაკანსიები მთაში

თავში