საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ხმის ამომღები აღარავინ დარჩება - „რიონის ხეობის მცველები“ რუსულ კანონზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:13 - 13 აპრილი 2024 hits 7702

„რაშია „ქართული ოცნება“ ეროვნული? იმაში, რომ დაცლილია სოფლები; იმაში, რომ გადახვეწილია ხალხი ემიგრაციაში; სათამაშო ბიზნესს 52 მილიარდი რომ აქვს ბრუნვა; მეტადონის პროგრამაში რომ დგას მამაკაცების 80%; გავიდა ჩვენი ცხოვრება, ამათ ეცოტავებათ სკამებზე რომ სხედან 10, 12, 15 წელი. ხვალ რომ მობრუნდება „ქართული ოცნება“ რიონის ხეობაში და ნამოხვანის ჰესების კასკადზე დაგიდებს იგივენაირ კაბალურ ხელშეკრულებას რომელიმე კომპანიასთან, ხმის ამომღები კაცი აღარ იქნება“, - ამბობს მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი ვარლამ გოლეთიანი „აგენტების შესახებ“ რუსულ კანონზე.

„რიონის ხეობის მცველები“ არაერთხელ გახდნენ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელების სამიზნე ჯერ კიდევ რუსული კანონის პირველად ინიცირებამდე პერიოდში და მას შემდეგაც, რაც ხელისუფლებამ მოგვატყუა და სახალხო პროტესტის შედეგად, უკან გახმობილი რუსული კანონი, ერთის წლის თავზე, პარლამენტში მეორედ შემოიტანა განსახილველად. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ბევრჯერ თქვეს, რომ „რიონის ხეობის მცველების“ ორწლიანი უწყვეტი პროტესტი ნამოხვანის ჰესების კასკადის წინააღმდეგ, რუსეთიდან იყო დაფინანსებული. ყოველ ჯერზე ხელისუფლება მოძრაობის მადისკრედიტირებელ განცხადებებს ისე აკეთებდა და ახლაც ისე აკეთებს, არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

„ამას უნდა შეეწიროს, თუ სადმე თავისუფალი ხმა ისმის; ვიღაც კარავში რომ ათენებს და აღამებს, გზა რომ დაუგონ; ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება რომ არ დაიდოს ჰესზე; ტყე რომ არ მისცენ რუს კაცს; ჭიათურაში ცოცხლად რომ არ დაიმარხონ მიწაში; ვიღაცას მეწყერი რომ არ დაეცეს თავზე. ხალხი არის ვინც ამათი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები გამოავლინა“, - ვარლამ გოლეთიანის თქმით, „აგენტების შესახებ“ რუსული კანონის მიზანი ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, საზოგადოების დაყოფა და ადამიანების დაპირისპირების გაზრდაა.

„რიონის ხეობის მცველები“ რამდენიმე დღეა, პროტესტს ცაგერის სოფელ ალპანაში გამოხატავენ. მათ შეაჩერეს მაღალი ძაბვის ახალი, უზარმაზარი სადგურის მშენებლობა, ვიდრე მთავრობა რიონის ხეობაში სამანქანო გზას არ დააგებს. ამ გზის რეაბილიტაცია 30 წელზე მეტია არ მომხდარა და მის გავლას ქუთაისიდან ალპანამდე, ორჯერ მეტი დრო და გაძლება სჭირდება. რიონის ხეობის მცხოვრებლები დარწმუნებულები არიან, ხელისუფლება გზას იმიტომ არ აკეთებს, რომ ეს სოფლები ხალხისგან უფრო მეტად დაიცალოს და ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობას ნაკლები ხელშემშლელი ჰყავდეს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში