საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„მუნჯი ქალაქი“ - ჭიათურა „ჯორჯიან მანგანეზის“ ტყვეობაში

21:16 - 06 მაისი 2021 hits 56798

სტუმრებთან ერთად ვახშმობდნენ, როცა ორსართულიანი სახლის მარცხენა კედელი მთლიანად ჩამოინგრა. გაასწრეს და გადარჩნენ. გადაუღებლად წვიმდა. ის ღამე მანქანებში გაათენეს. ნანული ბრეგვაძის შვილი, რომელიც მაღაროელია, მაშინვე მიხვდა, რომ მისი სახლის ქვეშ ჯორჯიან მანგანეზი მანგანუმს მოიპოვებდა და სახლიც ამიტომ დაინგრა. უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს, დიდი წვალების შემდეგ, კომპანიამ კომპენსაციის სახით მხოლოდ 33 ათასი ლარი გადაუხადა. ამ თანხით ბრეგვაძეებმა სახლი ვეღარ იყიდეს და ქირით ცხოვრობენ. ჯორჯიან მანგანეზმა და მისი ლიცენზიის ფარგლებში მოქმედმა ათობით კოოპერატორმა, ჭიათურაში მანგანუმის უკონტროლო მოპოვებით არაერთი ოჯახი დატოვეს უსახლკაროდ. ქალაქი ყველა მხრიდან აოხრებულია - თხრიან ყველგან, სადაც მანგანუმი ეგულებათ. მადანს იღებენ, გადათხრილ უზარმაზარ ტერიტორიებს კი უმეტესად ეგრევე, განადგურებულს ტოვებენ. საითაც გაიხედავ, ჭიათურა დაბომბილი გეგონება. ქალაქის გარშემო მდებარე სოფლებში უზარმაზარი ადგილები თვალუწვდენელ ხრამებად უქცევიათ. ხრამებიდან 2-3 მეტრში, ზოგან კი ამხელა მანძილიც არ დაუტოვებიათ, ის ხალხი ცხოვრობს, წასასვლელი რომ არსად აქვს.

„ვინ იცის დედა, აქ ვინ შევიდა, ვინ გამოვიდა, არავინ იცის ეგ. ღამე მიდიოდნენ-მოდიოდნენ. მე ავად ვარ. ჯერ ხმაური, მერე ეს სახლიც დააზიანეს, კედლები დაიბზარა და ინგრევა. აქედან გზა აღარ მაქვს, აღარც იქიდან მაქვს, გადათხარეს. ფეხით ძლივს მოვდივარ სახლამდე. მე ვუთხარი, 7 მეტრი მაინც ხომ უნდა იყოს დაცილებული სახლიდან, ამას რომ თხრით და მეც მანგრევთ მეთქი. ასე მითხეს, ბებერო, შეეთრიეო სახლში. აღარ მინდა შვილები გავაბოროტო. სამ-სამი შვილი ჰყავთ და ციხეში ხომ არ უნდა დავაჯინო დე? სად ვარ, სად ვცხოვრობ, მე არ ვიცი. სად წავიდე შვილო? ჩემი სახლის გვერდით სულ მინდორი იყო, იქით წაბლით იყო დაფარული. სადღაა... მომჩივანი ქალი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ძალიან გამწარებული ვარ შვილო. ფანჯარას ვერ გააღებ აქ ზაფხულში, სარეცხს ვერ გაფენ. მტვერს მიაქვს აქაურობა. დაავადებულია ხალხი, უამრავ ადამიანს კიბო აქვს. ასე როგორ შეიძლება? დედაშვილურად გეხვეწებით, მოგვაქციეთ ყურადღება“, - რგანი, სადაც ლიანა ხვედელიძე ცხოვრობს, ჭიათურის რაიონში „ჯორჯიან მანგანეზისა“ და მისი კონტრაქტორების მუშაობით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სოფელია.

კარიერები პირდაპირ ეზოებშია შეჭრილი, სახლები ალყაშია; ღრმა ხრამები არაფრითაა შემოსაზღვრული. უსაფრთხოების არანაირი ნორმა დაცული არ არის. სოფელს აღარ აქვს საძოვრები, მთლიანად განადგურებულია წაბლის ტყე, არადა, წაბლი საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი და მისი მოჭრა კანონით აკრძალულია.

ღია კარიერული წესით მანგანუმის მოპოვებისას კანონმდებლობა კომპანიას ავალდებულებს, წიაღისეულის მოპოვებამდე მიწის ნაყოფიერი ფენა მოხსნას, დაასაწყობოს და სამუშაოების დასრულების შემდეგ უკან დააბრუნოს. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამ ვალდებულებას არ ასრულებენ და რეკულტივაცია ფაქტობრივად არ ხდება.

მდინარე ყვირილა, რომელიც ჭიათურას შუაზე კვეთს და მთელ ქალაქს მიუყვება, მადნის გადამამუშავებელი ფაბრიკებიდან ჩაღვრილი ნარჩენი წყლებით გაშავებული და დაბინძურებულია. ზესტაფონის სოფელ შორაპანთან მდინარე ყვირილას ძირულა უერთდება, რის შემდეგაც დაბინძურებული წყალი იმერეთის ათობით სოფელს გაივლის და ვარციხის წყალსაცავში ჩაედინება.

2020 წლის გაზაფხულზე ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ნიადაგის სინჯებში აღმოჩენილია კადმიუმი, დარიშხანი, კობალტი, სპილენძი, თუთია, მანგანუმი, რკინა, ნიკელი, ალუმინი, კალიუმის (K40) და ტყვიის (Pb212) იზოტოპები, რომელთა კონცენტრაციები რამდენიმე ათეულჯერ აღემატება ნიადაგში დადგენილ ნორმას და აბინძურებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას.

„ჯორჯიან მანგანეზს“ ჭიათურისა და საჩხერის ტერიტორიებზე მანგანუმის მოპოვების 40 წლიანი ლიცენზია აქვს. ამ ლიცენზიით, უკვე 15 წელია მის მფლობელობაშია 16 430 ჰექტარი ტერიტორია. კომპანია უმსხვილესი მადანმომპოვებელია საქართველოში და მისი ყოველწლიური წილი ექსპორტში 10 %-ია.

2017 წელს, გარემოს დაცვის სამინისტრომ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ 2013-2017 წლებში გარემოსთვის მიყენებული ზარალი 416 მილიონი ლარით შეაფასა. საწარმოს მუშაობით გამოწვეული ეკოლოგიური პრობლემების აღმოსაფხვრელად, სახელმწიფომ „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალურ მმართველად ნიკოლოზ ჩიქოვანი შეიყვანა. ჩიქოვანი 2003-2007 წლებში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას ხელმძღვანელობდა. ის „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენის, გიორგი კაპანაძის, მეტსახელად „რიჟას“ მეგობარია. კაპანაძე „ჯორჯიან მანგანეზის“ გავლენიანი აქციონერია. ჩიქოვანს კომპანიის ხარჯებით, ჭიათურაში რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოეგვარებინა ეკოლოგიური პრობლემები - აღარ უნდა დაბინძურებულიყო ნიადაგი, ჰაერი, მდინარე ყვირილა, უნდა მომხდარიყო ღია კარიერული წესით მადნის მოპოვებისას გადათხრილი ტერიტორიების რეკულტივაცია და სხვა.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჭიათურაში მიწისქვეშა მოპოვების შემცირების ხარჯზე, ღია კარიერული წესით მადნის მოპოვება გაიზარდა.

კარიერები საცხოვრებელ სახლებთან იმდენად ახლოსაა, რომ ვინც მშობლიური სახლ-კარიდან აყრაზე უარს ამბობს, ფაქტობრივად კუნძულზე რჩება და მათი ცხოვრება გაუსაძლისი ხდება. ქონების ღირებულებაც ეცემა და იძულებულები არიან, ან კოოპერატორებს მიჰყიდონ იაფად ან მიატოვონ.

სოფლები ხელოვნური ხრამებითაა სავსე, რაც ჯერ კიდევ შემორჩენილი ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ღია კარიერებიდან მანგანუმის დიოქსიდი და სხვა მძიმე მეტალების ოქსიდების მტვერი ქარსა და წვიმას მთელ ჭიათურაში გადააქვს, რის შემდეგაც ადამიანის, მცენარის, ცხოველისა და თევზის ორგანიზმში ხვდება.

ღია კარიერული წესით მოპოვების ზრდის შემდეგ, უფრო მეტი ტყე გაიჩეხა, ათობით ჰექტარზე ნიადაგი დეგრადირებულია, ლანდშაფტი მკვეთრად გაუარესებული ან განადგურებული. მანგანუმის ნარეცხი წყლებით მდინარე ყვირილა ისევ კუპრივით შავი და დაბინძურებულია.

ნიკოლოზ ჩიქოვანის მმართველობის პერიოდში კომპანიას დაკისრებული ჯარიმები მნიშვნელოვნად შეუმცირეს და გაუუქმეს. ჩიქოვანს სპეციალური მმართველის უფლებამოსილება 2020 წლის 9 მაისს უმთავრდებოდა. ორი დღით ადრე, მან გარემოს დაცვის სამინისტროს წერილით მიმართა და ვადის გაგრძელება კიდევ 3 წლით ითხოვა. ჩიქოვანმა წარადგინა 14 პუნქტიანი გეგმა, რომელიც უმეტესად 3 წლის წინ ნაკისრ და ამ დრომდე შეუსრულებელ სამუშაოებს მოიცავდა. 2023 წლის მაისამდე „ჯორჯიან მანგანეზს“ კვლავ სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი უხელმძღვანელებს.

„ჯორჯიან მანგანეზმა“ ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად, საპილოტე პროექტი მხოლოდ 29-ე ფაბრიკის ტერიტორიაზე განახორციელა. მენეჯმენტი აცხადებს, რომ წარმოებაში გამოყენებული წყალი მდინარე ყვირილაში აღარ ჩაედინება, წყლისა და შლამის სეპარაცია ლოკალურ დონეზე ხდება. რეცხვის შედეგად მიღებულ შლამს, გაშრობის შემდეგ, კომპანია სხვადასხვა დანიშნულებით იყენებს. სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის განმარტებით, კომპანია უცხოელ სპეციალისტებთან მუშაობს, რომ სამწლიანი გეგმის ფარგლებში, მსგავსი პროექტი განხორციელდეს მადნის გადამამუშავებელ ყველა ობიექტსა და ქარხანაში, რაც საბოლოოდ, მდინარე ყვირილას დაბინძურებისგან სრულად დაიცავს.

ბოლო 4 წლის განმავლობაში გარემოს დაცვის სამინისტროს „ჯორჯიან მანგანეზი“ არცერთხელ აღარ შეუმოწმებია.

„კარიერები ყველგან კანონის დაცვით მუშაობს. ყველა ობიექტს აქვს რეკულტივაციის ვადები“, - გვითხრა „ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომპინატის საოპერაციო საქმიანობის ხელმძღვანელმა ჯემალ ხარაიშვილმა.

- თქვენ ნანახი გაქვთ, რაც რგანში ხდება და ამაზე ამბობთ, რომ ყველაფერი კანონის დაცვითაა?

- დიახ, ყველაფერი წესების დაცვით ხორციელდება.

- წესია, რომ კომპანიამ მილიონები უნდა იშოვოს და ვინც იქ ჯერ კიდევ ცხოვრობს, აღარც გზა უნდა ჰქონდეს, მტვერი და ხმაური უნდა აწუხებდეს მუდმივად, სახლიდან რამდენიმე მეტრში უზარმაზარი ხრამები უნდა იყოს, სადაც შესაძლოა ჩავარდეს და დასახიჩრდეს?

- დამუშავების გეგმები არ გაიცემა ხალხის და მათი ნებართვის გარეშე, ვინც იმ ტერიტორიაზე ცხოვრობს, რომელიც შეიძლება ხმაურმა ან მტვერმა შეაწუხოს. არსებობს წესი და კანონი, რამდენ მეტრში ცხოვრობს მოსახლე.

- რა მანძილი უნდა იყოს დაცული?

- გააჩნია გადასახსნელ ტერიტორიას რა ფენა ადევს. წესები ყველგან დაცულია.

- სულ მცირე რამდენი უნდა იყოს დაშორება?

- რელიეფიდან გამომდინარე სხვადასხვა მანძილია.

- ამ ერთი წლის განმავლობაში, რაც მეორე ვადით გახდა ბატონი ჩიქოვანი სპეციალური მმართველი, რა გაკეთდა ეკოლოგიური პრობლემების აღმოსაფხვრელად, გარდა 29-ე ფაბრიკის ტერიტორიაზე შესრულებული პროექტისა?

- პროგრამა ისე გაწერილი, რომ მისი მმართველობის პერიოდში მდინარე ყვირილაში აღარ უნდა ჩავიდეს შლამი.

- ბატონ ჩიქოვანს ეს ვალდებულება ნაკისრი ჰქონდა სპეციალური მმართველობის პირველ ვადაში. რა გარანტია გვაქვს, რომ ახლა, მეორე ვადის ამოწურვამდე მაინც შესრულდება?

- უცხოური კომპანიაა შემოსული, შემოდის, რომელთანაც ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული. ამასთან, დღეს გავაფორმეთ მემორანდუმი მუნიციპალიტეტთან, რაც რეკულტივაციის სამუშაოებსაც მოიცავს.

„თუ ადრე მოქალაქეს ეგონა, რომ მისი მშველელი სახელმწიფო უნდა ყოფილიყო და ის გადაარჩენდა, დღეს უკვე იცის, რომ ისინი ერთნი არიან და შველა არსაიდან მოდის. სწორედ ამიტომ არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საზოგადოების აქტიურობა, მაგრამ ამ ქალაქის დამუნჯებაში ყველამ თავისი როლი ითამაშა. 2017 წელს, რაც სახელმწიფო მმართველი შემოვიდა, მას შემდეგ უშიშროება, სუსი აქტიურადაა კომპანიაში წარმოდგენილი. 2019 წლის გაფიცვების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა სუსის მუშაობა კომპანიაში და მთლიანად ქალაქში.

გასუსული, ლაგამამოდებული ქალაქია ჭიათურა. მოსახლეობის დაახლოებით მესამედი სოციალურად დაუცველია და საარსებო შემწეობას იღებს. კიდევ ერთი მესამედი საბიუჯეტო სამსახურებშია დასაქმებული, სახელმწიფოსგან რომ ხელფასს იღებს, ერთი მესამედიც - ოჯახის ერთი წევრი მაინც მაღაროში მუშაობს.

ფაქტობრივად, მოსახლეობის 90 პროცენტამდე, ასე ვთქვათ ძლიერად კონტროლირებადი ადამიანების ჯგუფებია“, - ასე ხსნის 31 წლის ნოდარ ჩაჩანიძე, აქტივისტი და ჭიათურის ეკოლოგიური კლუბის ხელმძღვანელი, ჭიათურის მოსახლეობის პასიურობას. მაღაროელების მიერ ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გამართულ რამდენიმე აქციას თუ არ ჩავთვლით, ჭიათურაში არცერთი გამოსვლა არ ყოფილა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის დაცვის მოთხოვნით, რომლის თანახმადაც - ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ჭიათურაში 3443 ოჯახი იღებს საარსებო შემწეობას, რაც მოსახლეობის 30.9 %-ია.

2019 წლიდან „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურაში ყველა საბაგირო გზა გააჩერა და მგზავრებისთვის, უმეტესად მაღაროელებისთვის მიკროავტობუსები დანიშნა. 3428 მეტრი სიგრძის საბაგირო ტრანსპორტი ქალაქსა და მის ირგვლივ დასახლებებს შორის გადაადგილების ერთ-ერთი მთავარი საშუალება იყო და მოსახლეობას 1954 წლიდან ემსახურებოდა. ეს საბჭოთა კავშირში პირველი სამგზავრო საბაგირო გზაა. „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელს ჯემალ ხარაიშვილს ვკითხეთ, რატომ გააჩერეს საბაგიროები: „მე კომპანიაში სამუშაოდ 2 თვის წინ მოვედი. ამჟამად საბაგიროები კომპანიის ბალანსზე აღარ არის“.

„ტურისტები აქ მხოლოდ კლდეების სანახავად არ ჩამოდიოდნენ. უძველესი საბაგიროები ყველაზე მეტად აინტერესებდათ. „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლებმა ჩვენთან შეხვედრაზე თქვეს კიდეც, რომ ტურიზმი და მანგანუმის მოპოვება ერთად ვერ თავსდება. ანუ,

ნებისმიერი პერსპექტივა, რომელიც შეიძლება გაჩნდეს ქალაქში, დასაქმების ახალი კერები შექმნას და ჭიათურაში მცხოვრებმა ადამიანმა ახლი გზებით სცადოს შემოსავლის მიღება, იმიტომ, რომ მაღაროში აღარ იყოს, ასეთ პერსპექტივებს იქვე კლავენ.

ყველაზე დიდი უბედურების, სამოქალაქო ომის დროსაც კი არ გაჩერებულა საბაგიროები ჭიათურაში და დღეს არის პირველად, რომ არცერთი საბაგირო აღარ მუშაობს. სპეციალურად ხდება ეს ყველაფერი, რომ ალტერნატიული განვითარების საშუალება მოსპონ. მაშინ აღარ შევალ ხომ, აღარ ვიმუშავებ გვირაბში, თუ თუნდაც ნახევრის შოვნა შემიძლია სხვანაირად, უფრო მშვიდად და უფრო სხვა გარემოში და საკუთარი ჯანმრთელობის გაფრთხილებით. მე ვფიქრობ, რომ შემთხვევითი არ ყოფილა, როცა 2019 წელს, კომპანიამ 11-ვე საბაგირო გზა გააჩერა“, - ნოდარ ჩაჩანიძის თქმით, ჭიათურის ეკოკლუბის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომლითაც მათ „ჯორჯიან მანგანეზს“ და მთავრობას მიმართეს, სწორედ საბაგირო გზების ამუშავებაა.

მაღაროში რომ ტრაგედია მოხდება და ვინმე დაიღუპება, მაშინ ვახსენდებით მედიას. კიდევ, არჩევნების დროს ვახსენდებით პოლიტიკოსებს, ხმები როცა სჭირდებათ. იქედან აქამდე ცხოვრობს ეს რაიონი.

ავტორები: გელა მთივლიშვილი, გიორგი ბოლქვაძე, ბექა ჯაყელი

რედაქციისგან: „მთის ამბები“ ჭიათურიდან მულტიმედია რეპორტაჟების სერიას ამზადებს, „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად უმძიმეს შრომით პირობებსა და გარემოსდაცვით საკითხებზე, წლების განმავლობაში გადაუჭრელ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე, მათი გააზრებისა და გადაწყვეტის საჭიროებებზე.

 

ამ თემაზე:

შუქრუთის გოდება - რეპორტაჟი სოფლიდან, რომელიც მიწას ჩააქვს

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში