საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ნამოხვანში კაშხლის ადგილას ჯვრის დადგმის შემდეგ კომპანიამ ხეობიდან ტექნიკა გაიყვანა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:49 - 30 ოქტომბერი 2020 hits 34011

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის გამართვისა და კაშხლის მშენებლობის ადგილას ჯვრის აღმართვის შემდეგ, კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ სამშენებლო ტერიტორიიდან ტექნიკა გაიყვანა.

საპროტესტო აქცია, რომელშიც 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა, ნამოხვანში 29 ოქტომბერს გაიმართა. აქციის მონაწილეები ითხოვენ, შეწყდეს ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობა და კომპანიამ რიონის ხეობიდან სამშენებლო ტექნიკა სრულად გაიყვანოს.

ამ მოთხოვნით, რამდენიმე ადგილობრივ მცხოვრებს, ნამოხვანში, იმ ადგილას, სადაც ერთ-ერთი კაშხლის მშენებლობა იგეგმება, 25 ოქტომბრიდან სადღეღამისო მორიგეობა აქვს დაწესებული. ისინი ცდილობენ ყურადღება მიიქციონ, თანამოაზრეები შემოიკრიბონ და ერთობლივი ძალებით მოახერხონ, რომ მდინარე რიონზე ნამოხვანის ჰესების კასკადი არ აშენდეს.

აქციის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა ზუსტად იმ ადგილას, სადაც ერთ-ერთი კაშხალი უნდა აშენდეს და სამუშაოებია დაწყებული, რკინის დიდი ჯვარი დადგეს.

ჯვრის ატანის დროს ათობით პოლიციელი აქციის მონაწილეებს ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდა. სამართალდამცავებს წინააღმდეგობის მიზეზი არ განუმარტავთ.

რატომ გადაწყვიტა კომპანიამ კაშხლის სამშენებლო ადგილიდან ტექნიკის გაყვანა, „მთის ამბები“ ცდილობდა „ენკა რინიუებლზის“ წარმომადგენელთან ირინა პეტრიაშვილთან დაკავშირებას, თუმცა მან სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხა.

ნამახვანის ჰესების კასკადი ორ ჰესს მოიცავს - ტვიში ჰესი 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთის ჰესი - 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით.

ტვიში ჰესის კაშხლის განთავსება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ტვიში ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება.

ქვედა ნამახვანი ჰესის (იგივეა რაც ნამახვანი-ჟონეთის) სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. წყალსაცავის სრული მოცულობა 167.5 მლნ მ3, სარკის ზედაპირის ფართობი კი 510 ჰექტარი იქნება. ქვედა ნამახვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ. ჰესის მთლიანი ტერიტორიის უმეტესი ნაწილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო წყალსაცავის კუდი ხვდება ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქორენიშსა და ორხვიში.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თურქულ კომპანიას შპს „ენკა რინიუებლზი“ 2020 წლის 28 თებერვალს მისცა დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება - მდინარე რიონზე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე.

2019 წლის 22 აპრილს ეკონომიკის სამინისტროს „სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ“ ქვემო ნამახვანი ჰესის მშენებლობის ნებართვა გასცა.

დოკუმენტის თანახმად, კომპანიას უფლება აქვს ჰესების კასკადის სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ ნებართვით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ აწარმოოს. კომპანიას საექსპერტო დასკვნების წარდგენა დაევალა. მანამდე მხოლოდ მოსამზადებელი და მიწის სამუშაოების ჩატარება შეუძლია. „ენკა რინიუებლზის“ მოთხოვნილი დოკუმენტები ჯერ არ წარუდგენია, თუმცა რიონის ხეობაში რამდენიმე მონაკვეთი მთლიანად გადათხარა, განადგურებულია ნამოხვანის ჩანჩქერი, აშენებულია 500 კაცზე გათვლილი დროებითი ბანაკი, შენდება ბეტონის ქარხანა და ჰესების მშენებლობისთვის საჭირო გზები და ხიდი.

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი დაახლოებით 170-ჯერ ნაკლები სიმძლავრის მიწისძვრაზეა გათვლილი, ვიდრე მოხდა რაჭაში 1991 წელს; ტერიტორიების დატბორვის შედეგად ლეჩხუმში მოსალოდნელია კლიმატის შეცვლა, რის გამოც, შესაძლოა ყველაზე ძვირფასი ქართული ჯიშის ვაზის ცოლიკოურისა და უსახელოურის მიკროზონის ყურძნისა და ღვინის ხარისხი დავკარგოთ;

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის ავტორები ის კომპანიები არიან, რომელთა მიერ შეფასებული და აშენებული შუახევი ჰესის გვირაბი გახსნიდან ორ თვეში ჩამოინგრა. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რის გამოც ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ სასამართლოში ჩივის და ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს.

ნახეთ რეპორტაჟი

რიონის ხეობის დარაჯები

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში