საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რატომ ითხოვს „მწვანე ალტერნატივა“ ნამოხვანის ჰესების მშენებლობაზე ნებართვის გაუქმებას

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:04 - 07 მაისი 2020 hits 35489
ფოტოზე - ირაკლი მაჭარაშვილი
გარემოს დაცვა
ფოტოზე - ირაკლი მაჭარაშვილი

ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტი დაახლოებით 170-ჯერ ნაკლები სიმძლავრის მიწისძვრაზეა გათვლილი, ვიდრე მოხდა რაჭაში 1991 წელს; ტერიტორიების დატბორვის შედეგად ლეჩხუმში მოსალოდნელია კლიმატის შეცვლა, რის გამოც, შესაძლოა ყველაზე ძვირფასი ქართული ჯიშის ვაზის ცოლიკოურისა და უსახელოურის მიკროზონის ყურძნისა და ღვინის ხარისხი დავკარგოთ; ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტის ავტორები ის კომპანიები არიან, რომელთა მიერ შეფასებული და აშენებული შუახევი ჰესის გვირაბი გახსნიდან ორ თვეში ჩამოინგრა. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რის გამოც ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ სასამართლოში ჩივის და ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2020 წლის 28 თებერვალს გასცა დადებითი გადაწყვეტილება - შპს „ენკა რინიუებლზის“ მიერ, მდინარე რიონზე ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე.

ნამოხვანის ჰესების კასკადი ორ ჰესს მოიცავს - ტვიში ჰესი 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამოხვანი-ჟონეთის ჰესი - 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით.

ტვიში ჰესის კაშხლის განთავსება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ტვიში ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება.

ქვედა ნამოხვანი ჰესის (იგივეა რაც ნამოხვანი-ჟონეთის) სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. წყალსაცავის სრული მოცულობა 167.5 მლნ მ3, სარკის ზედაპირის ფართობი კი 510 ჰექტარი იქნება. ქვედა ნამოხვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ. ჰესის მთლიანი ტერიტორიის უმეტესი ნაწილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო წყალსაცავის კუდი ხვდება ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქორენიშსა და ორხვიში.

ირაკლი მაჭარაშვილი, „მწვანე ალტერნატივას“ კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორი მინისტრის ბრძანების გაუქმების მოთხოვნის მიზეზებს განმარტავს:

  1. „შპს „ენკა რინიუებლზმა“ არ ჩაატარა სავალდებულო კვლევები, რა ზეგავლენას იქონიებს პროექტი ადამიანების ჯანმრთელობასა და გარემოს უსაფრთხოებაზე, როგორ არის შესაძლებელი ამ საფრთხეების შემსუბუქება და თავიდან არიდება. ამის მიუხედავად, სამინისტრომ დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა და ნებართვის მფლობელს, პოსტფაქტუმ დაავალა იმ ინფორმაციის წარდგენა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე“.
  2. „გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას უხეშად იყო უგულებელყოფილი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის უზრუნველყოფისათვის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რაც შეიძლება ცოტა ადამიანი დასწრებოდა საჯარო განხილვებს“.

ირაკლი მაჭარაშვილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვას იხსენებს, რომელიც 2019 წლის 20 დეკემბერს, 10:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში გაიმართა.

სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის უცნობი იყო, რადგან განცხადება მათთვის ხელმისაწვდომი საშუალებებით არ გავრცელებულა. ქალაქი წყალტუბო ზემოქმედების ქვეშ მყოფი სოფლებიდან დაახლოებით 50 კილომეტრით არის დაშორებული. მოსახლეობის დიდ ნაწილს სულ მცირე 2-3 საათი დასჭირდა განხილვაზე მოსახვედრად. ამ სოფლებიდან განხილვის ადგილამდე მიმავალი საჯარო ტრანსპორტიც საკმაოდ შეზღუდულია, ამიტომ განხილვაზე მისვლა დაინტერესებული საზოგადოების ძალზე მცირე ნაწილმა შეძლო.

  1. „ყველაზე საყურადღებო სეისმური საკითხების უგულებელყოფაა. არ არის გათვალისწინებული, რომ ეს რეგიონი სეისმურად აქტიურია და არსებობს სერიოზული ალბათობა იმისა, რომ ისეთი მიწისძვრა, რომელიც 90-იან წლებში მოხდა რაჭაში, ამ რეგიონშიც განმეორდეს. შედარებისთვის რომ გითხრათ, ნამოხვანის ჰესების კასკადი დაახლოებით 170-ჯერ ნაკლები სიმძლავრის მიწისძვრაზეა გათვლილი“.
  2. ერთ-ერთი საკვანძო საკითხია კლიმატის ცვლილების ზეგავლენა ვაზის უნიკალურ ჯიშებზე. ის რომ ტვიში (ცოლიკოური) და უსახელოური არის ასეთი, დამოკიდებულია მიკროკლიმატზე. მიკროკლიმატი თუ შეიცვლება, ვერ ვიტყვით, რომ იქ ყურძენი არ მოვა. ყურძენი მოვა, მაგრამ ის ტვიში და უსახელოური არ იქნება, ღვინის ხარისხი ისეთი აღარ იქნება.

წყლის ტემპერატურის ცვლილება რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტენისა და ტემპერატურის სეზონურ და დღეღამურ რეჟიმზე ზემოქმედებას მოახდენს, ამას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიც ადასტურებს. ცენტრი თავის ანგარიშში პოლონეთისა და აშშ-ს გამოცდილებას ეყრდნობა.

დასკვნის თანახმად, „პოლონეთში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ზაფხულის პერიოდში წყალსაცავიდან, რომლის საშუალო სიღრმე 30 მ-ია, გამომავალი წყლის ტემპერატურა 10 გრადუსით დაბალია წყალსაცავში შემომავალი წყლის ტემპერატურაზე, ხოლო ზამთარში, პირიქით, წყალსაცავიდან გამომავალი წყალი უფრო თბილია, ვიდრე წყალსაცავში შემავალი წყალი. ანალოგიური შედეგებია მიღებული აშშ-ში, მდინარე კოლორადოზე მოწყობილი გლენ კანიონის კაშხლის ექსპლუატაციის შედეგად, რომლის ბუნებრივი ტემპერატურა წლის განმავლობაში 0-დან 30 გრადუსამდე მერყეობდა, თუმცა კაშხლის აშენების შემდეგ მის ქვედა დინებაში წყლის ტემპერატურა 7-დან 14 გრადუსამდე მერყეობს, რაც განპირობებულია წყალგამშვების დაბალ ნიშნულზე განთავსებით - წლის თბილ პერიოდში იწვევს შედარებით ცივი წყლის გამოშვებას, ხოლო წლის ცივ პერიოდში, პირიქით, შედარებით თბილი წყლის მოხვედრას მდინარის ქვედა დინებაში.

უსახელოური და ცოლიკოური ქართული ვაზის ყველაზე ძვირფასი ჯიშებია. უსახელოურის ჯიშის ყურძენი ცაგერის რაიონის სოფელ ოყურეშში ხარობს. ვენახები გაშენებულია დაფერდებულ ადგილებზე. მთელი ფართობი ბარით და თოხით, მექანიზაციის გარეშე მუშავდება. ძალზე მცირე რაოდენობით მოიპოვება და მისგან უმაღლესი ხარისხის, ძალიან არომატული, ნახევრადტკბილი წითელი ღვინო მზადდება. 1 ლიტრი უსახელოური დაახლოებით 70-90 ლარი ღირს. მისი საექსპორტო ფასი უფრო ძვირია და 130-150 ლარს აჭარბებს. ამ ღვინოზე დიდი მოთხოვნაა ევროპის ქვეყნებსა და ჩინეთში.

ტვიში თეთრი, ნახევრადტკბილი ღვინოა, რომელიც ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისგან მზადდება. არსებობს მევენახეობის სპეციფიკური ზონა „ტვიში“, რომელიც ლეჩხუმში, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპირო ზოლში მდებარეობს. მოიცავს რაჭის ქედის უკიდურესი დასავლეთი დაბოლოებისა და ხვამლის მასივის აღმოსავლეთ დაქანებებს, სოფლებს - ტვიშსა და ალპანას. 1 ლიტრი ტვიშის ფასი 25-დან 35 ლარამდეა. ცოლიკოურის ჯიშის ყურძენი იმერეთშიც მოდის, მაგრამ ტვიშის დასამზადებლად არ გამოდგება: ღვინოს ის ნიადაგი და კლიმატი ანიჭებს უნიკალურ გემოს, სადაც ყურძენი მწიფდება.

  1. 2015 წელს, ნამოხვანის ჰესების მშენებლობაზე ნებართვა მიიღო კომპანია „ქლინ ენერჯიმ“ და გარემოზე ზემოქმედების შეფასება ჩაატარა კომპანია „გამამ“. სწორედ ეს ორი კომპანიაა დაკავშირებული „შუახევი ჰესთან“. იქაც კომპანია „გამამ“ ჩაატარა გარემოზე ზემოქმედების შეფასება კომპანია „ქლინ ენერჯისთვის“. „შუახევი ჰესი“ კი ის ენერგეტიკული ობიექტია, რომელსაც საქართველოს ისტორიაში ჯერ-ჯერობით ყველაზე დიდი ენერგეტიკული ავარია უკავშირდება.

2017 წელს, „შუახევი ჰესის“ 37-კილომეტრიანი გვირაბი ორი თვის გახსნილი იყო, რომ რამდენიმე ადგილას ჩამოინგრა. მათ შორის, სხალთა-დიდაჭარის დამაკავშირებელი სადერივაციო გვირაბი ორ ადგილას, ხოლო დიდაჭარა-შუახევის დამაკავშირებელი სადაწნეო გვირაბი – ექვს ადგილას.

„პარადოქსია, რომ ამავე კომპანიებს მიანდეს უფრო საშიში და უფრო დიდი „ნამახვანი ჰესების კასკადის“ პროექტი“.

მოგვიანებით კომპანია „ქლინ ენერჯის“ სახელწოდება შეეცვალა და დღეისათვის საქმიანობას ახორციელებს შპს „ენკა რინიუებლზი“. დაფუძნებულია 2016 წლის 1-ელ თებერვალს. კომპანიის წილის 10 % ნორვეგიაში რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოებას „ქლინ ენერჯი გრუპ ეი. ეს“ ეკუთვნის, 90 % კი ნიდერნალდებში დაფუძნებულ ჰოლდინგს „ენკა ჰოლდინგ ბი.ვი“. შპს „ენკა რინიუებლზის“ პარტნიორთა კრება და დირექტორთა საბჭო მართავს: თავმჯდომარე/წევრი: ჰალუკ გერცეკ - თურქეთი; წევრი: ილჰან გუცუიენერ - თურქეთი (ვიცე-თავმჯდომარე); წევრი: ბიორნ ბრანდტცაეგი - ნორვეგია; წევრი: მუჰარემ ფათიჰ გუვენ - თურქეთი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში