საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„ბანის“ რაჭული და ქალის სხეული მუსიკალურ ინსტრუმენტად

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:59 - 12 ნოემბერი 2014 hits 6272

ტელეკომპანია GDS–ის ეთერში 9 ივლისს გადაცემა „ბინა 18“ გავიდა, სადაც ჯგუფი „ბანი“ ასრულებს რაჭულს და მუსიკალურ ინსტრუმენტად ქალის სხეულია გამოყენებული. გენდერის სპეციალისტების თქმით, აღნიშნული ვიდეომასალა ქალთა უფლებების დარღვევის, აბუჩად აგდების და განივთების ნიმუშია. იურისტების თქმით, ტელეკომპანიამ ეთიკის სტანდარტები დაარღვია.

„GDS-ის მარაზმზე რა თქმა უნდა ემოციას არ დავხარჯავ და ვიფიქრებ სამართლებრივ გზებზე ამის წინააღმდეგ. რადგან ამ ხალხს არ ესმის დამამცირებელი ვიზუალი, მოპყრობა და ეთიკის დარღვევა რა ნიშნავს, მაშინ ამას გავაგებინებთ საჩივრის და სამართლის ენაზე“, – წერს სოციალურ ქსელში გენდერის სპეციალისტი ანა არგანაშვილი.

„მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებამ თავისი პოზიცია დააფიქსიროს ამ საშინლად შეურაცხმყოფელ კადრებზე, რომ ასეთი პერვერსია აღარ განმეორდეს ტელე-ეთერით. ქალის უპატივცემლობის, განივთების და აბუჩად აგდების ნიმუშია და ძალიან სამარცხვინოა ადამიანი, ქალი ან კაცი, ასეთ ამბავში მონაწილეობდეს, ან ასეთი რამ თავში მოუვიდეს... საზოგადოებას უნდა  ავუხსნათ, რას იწვევს ასეთი დამოკიდებულება და რომ დიდი განსხვავება არ არის ამ კადრებსა და ქალთა მკვლელობების ისტორიებს შორის, ეს ერთი ესთეტიკის, ერთი ლოგიკის ნაწილია... ძალიან ვწუხვარ, რომ ახალგაზრდები ასეთი ფორმით ირთობენ თავს და სხვა ახალგაზრდებს აყურებინებენ ამას.... ჩვენი პოზიცია ეს უნდა იყოს პასუხი, ნულოვანი ტოლერანტობა ქალის - ადამიანის განივთებას, ნულოვანი ტოლერანტობა ქალთა მიმართ ძალადობას“, – ასეთ კომენტარს აკეთებს გაეროს ქალთა ფონდის მრჩეველი გენდერულ საკითხებში თამარ საბედაშვილი.

ტელეკომპანია GDS–ში მიაჩნიათ, რომ გადაცემა სექსისტური და დისკრიმინაციული არ ყოფილა.

ვიდეოზე ასახულია, როგორ უკრავს გადაცემის სტუმარი „რაჭულის“ მელოდიას გოგონების უკანალზე. გადაცემის წამყვანები - ლევან გოგორელიანი და კოტიკო თოლორაია, სტუმრები - ჯგუფ „ბანის“ წევრები და დარბაზი აღფრთოვანებას ვერ მალავენ და სიცილითა და ტაშით ამხნევებენ უჩვეულო მედოლეს.

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ქალის „ნივთად წარმოჩენა“ წარმოადგენს სექსიზმს, რომელსაც დამანგრეველი შედეგების მოტანა შეუძლია ქალთა უფლებრივი მდგომარეობისათვის საქართველოში.

„ქალის სხეულის მუსიკალურ ინსტრუმენტთან გაიგივება შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველია არა მხოლოდ მონაწილე ქალების, არამედ მთლიანად საზოგადოებისათვის. ქალის შეფასება მისი გარეგნული, ბიოლოგიური მახასიათებლებით, მისი ობიექტივიზაცია და „ნივთად წარმოჩენა“ წარმოადგენს სექსიზმს, რომელსაც დამანგრეველი შედეგების მოტანა შეუძლია ქალთა უფლებრივი მდგომარეობისათვის საქართველოში“, – აცხადებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

ვიდეომასალას საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრიც გამოეხმაურა. „ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი პატივს სცემს ადამიანის ღირსებასა და თავისუფლებას, თავისუფალ აზრსა და თავისუფალ მედიას, მაგრამ უკიდურესად შეშფოთებულია და გულისტკივილს გამოთქვამს ბოლო პერიოდში გახშირებული არაეთიკური და არაკორექტული დამოკიდებულების გამო ქართული ფოლკლორის ნიმუშების მიმართ.

ამ უარყოფითი ტენდენციის კულმინაცია იყო ჯგუფ „ბანის“ მიერ „შესრულებული“ რაჭული სიმღერა და შესრულების ფორმა ქართული ტელეარხის ეთერში.

დაუშვებლად მიგვაჩნია ქართული ხალხური სიმღერის არამიზნობრივად, მერკანტილური, მომხმარებლური მიზნით გამოყენება, ე.წ. „პოპულარობის“ მოსაპოვებლად. ეროვნული საუნჯის ხელყოფის უფლება არავის აქვს.

მივმართავთ ფოლკლორულ და შემოქმედებით კოლექტივებს, ასევე სხვა შემსრულებლებს: ნუ გახდით მსოფლიოს მიერ აღიარებულ ქართულ ხალხურ სიმღერას საეჭვო, მდარე ხარისხის ექსპერიმენტების სამიზნედ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საინფორმაციო ცენტრების ქსელი დაინტერესდა როგორ აფასებენ მოქალაქეები ტელეკომპანია „GDS"-ის ეთერში გასულ ვიდეოს.

თამარ მოდებაძე

საინფორმაციო ცენტრების ქსელის ჟურნალისტი. აშუქებს საზოგადოების, სოციალურ, გარემოსდაცვით და მთის საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში