საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„ყაზბეგი ჰელიკოპტერს“ - ყაზბეგში ფრენის 10-წუთიანი ტური 400 ევრო ღირს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:36 - 01 აპრილი 2017 hits 11293

ყაზბეგის წრიულ ტურში, რომელიც გერგეტის სამების, მყინვარების და სხვადასხვა ხეობების ვერტმფრენიდან დათვალიერებას გულისხმობს, 1 წუთის ფასი 40 ევროა. ტურისტებს შვეულმფრენით მომსახურებას კომპანია „ყაზბეგი ჰელიკოპტერს“ სთავაზობს.

„ვერტმფრენებით ოპერირება 5 წლის წინ დავიწყეთ. თავიდან მხოლოდ ჰელისკიზე გვქონდა აქცენტი. ახლა მომსახურებას ვთავაზობთ არა მხოლოდ აქტიური დასვენების ან სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებს, არამედ ჩვეულებრივ დამსვენებლებსაც. ვერტმფრენის საშუალებით ადამიანს შეუძლია ნახოს ისეთი მხარეები, რასაც ფეხით ვერასოდეს ნახავს. გვაქვს სამი ძირითადი სერვისი: წრიული ფრენა - რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ მოკლე დროში შემოვუფრინოთ ყაზბეგს, გერგეტს, მყინვარებს და სხვადასხვა ხეობებს. მეორე სერვისია ჩარტერული ფრენა: რეისი სრულდება ყაზბეგიდან თბილისის და გუდაურის ან მომხმარებლისთვის სასურველი სხვა მიმართულებით. გვაქვს ტვირთის გადაზიდვის მომსახურებაც: მძიმე ტვირთი გადაგვაქვს ისეთ რთულად მისადგომ ადგილებში, სადაც სხვა სატრანსპორტო საშუალებები ვერ მიდის. სხვადასხვა სერვისს სხვადასხვა ფასი აქვს. საშუალოდ რომ ვიანგარიშოთ, ერთი წუთი 40 ევროს ექვივალენტი ლარი ღირს, 1 სთ კი - 2400 ევრო,” - ამბობს „მთის ამბებთან“ საუბარში „ყაზბეგი ჰელიკოპტერსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვატო ასათაშვილი.

კომპანიას Eurocopter B3 მოდელის 3 ვერტმფრენი ჰყავს. ერთ ვერტმფრენში მაქსიმუმ 5 ადამიანი ეტევა.

ყაზბეგში წრიული ფრენის 10-წუთიანი ტური 400 ევრო ღირს (ერთი ადამიანი 80 ევრო), 20-წუთიანი - 750 ევრო, ხოლო 30-წუთიანი - 1100 ევრო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ვერტმფრენით მომსახურებაზე საქართველოში დიდი მოთხოვნა არ არის, მათი მომხმარებელთა 80% კი უცხოელი ტურისტია.

„ბაზარი ძალიან მცირეა, ჩასადები ინვესტიციის მოცულობა კი დიდი. ვერტმფრენებს ევროპული კომპანიებიდან ვქირაობთ. წელიწადში ამ კომპანიაში ვდებთ დაახლოებით 1 მილიონ 200 ათასი ევროს ინვესტიციას. ჩვენი 5-წლიანი პრაქტიკიდან წელს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ერთ ვერტმფრენს ზაფხულის სეზონისთვისაც დავიტოვებთ,“- აღნიშნავს ასათაშვილი.

ვერტმფრენის გამოყენება შესაძლებელია სამაშველო დანიშნულებითაც. სწორედ „ყაზბეგი ჰელიკოპტერსის“ ვერტმფრენმა გადაიყვანა გუდაურში ფრანგი ტურისტი, რომელიც 24 მარტს, კობთან ჩამოწოლილ ზვავში მოჰყვა.

„თუ ვინმეს გადაუდებელი დახმარება სჭირდება, ჩვენი ვერტმფრენი მზად არის, რომ ადამიანი რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანოს დანიშნულების ადგილზე. ხშირად ამას უსასყიდლოდ ვაკეთებთ,“- ამბობს ასათაშვილი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში