დაცულ ლანდშაფტში ფიზიკური ან იურიდიული პირების ხე-ტყით უზრუნველყოფისათვის სპეციალურ ჭრებს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა განახორციელებს, რომელიც ხე-ტყის დამზადებას და ტრანსპორტირებას უშუალოდ ან სახელმწიფო შესყიდვის მეშვეობით მოახდენს.
სპეციალური ჭრით დამზადებული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და საშეშე მერქანი გამგეობის მიერ გამოყოფილ სპეციალურ ადგილებზე დასაწყობდება.
დასაწყობებული ხე-ტყიდან I ხარისხის მერქანი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს გადაეცემათ განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან უნდა დაერთოს შესაბამისი შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი ან/და მშენებლობის ნებართვა, ხოლო რემონტის შემთხვევაში − ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები. რაც შეეხება საშეშე მერქანს, იგი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მხოლოდ განცხადების საფუძველზე გადაეცემათ.
მერქნის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირები, რესურსით სარგებლობის მოსაკრებელისა და ტყის დამზადების ბილეთის საფასურთან ერთად, ასევე გადაიხდიან ხე-ტყის დამზადების საფასურსაც, რომლის ოდენობაც ახმეტის მუნიციპალიტეტმა უნდა განსაზღვროს.
აღსანიშნავია, რომ გამგეობის მიერ სპეციალური ჭრებით დამზადებული ხე-ტყის გამოყენება დასაშვები იქნება მხოლოდ თუშეთის დაცული ლანდშაფტის, თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალისა და თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.