საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მეათე შვილი უკანაფშავში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:33 - 28 თებერვალი 2016 hits 5591

25 თებერვალი - გასრულდა და დუშეთის სამშობიაროში მყოფმა ირმა ცქიფაშვილმა მეუღლეს დაურეკა, მშობიარობა მეწყებაო... ოჯახის მძინარე წევრებს არც გაუგიათ, ისე წავიდა ზაზა თხილიანადან. სანამ დუშეთში ჩააღწია, ირმას ნარკოზი ჰქონდა გაკეთებული და ეძინა. ექიმების გადაწყვეტილებით, ბავშვის დიდი წონის გამო, საკეისრო კვეთა გახდა საჭირო. დილის 4 საათისთვის დაიბადა პატარა გოლიათი დავითი, რომელიც 4.5 კგ.-ს იწონიდა.

რითია ეს ამბავი გამორჩეული? ბავშვის შედარებით დიდი წონის გარდა რა არის აქ გასაკვირიო, შეიძლება იკითხოთ. აქვე გეტყვით, რომ ასეთი ამბავი დღეს საქართველოში მართლაც იშვიათია: დავითი ირმა ცქიფაშვილისა და ზაზა ჯაბანიშვილის მეათე შვილია.

ბიჭუნას შინ ორი ძმა და შვიდი და ელიან: ბარბარე, იოსები, მარიამი, სალომე, თინათინი, ჯაბა, ნინო, ნაზი, ელენე. უფროსი, ბარბარე 14 წლისაა, ელენე კი - წლისა და სამი თვის. სანამ დედიკო სამშობიაროშია, ისინი მამიდასთან და ბებოსთან არიან.

ჯაბანიშვილები უკანა ფშავის ულამაზეს სოფელ - თხილიანაში ცხოვრობენ.

„ჯაბას კი სწყენია ცოტა, მე ძმისთვის ნიკოლოზი მინდოდა დამერქმიაო, მაგრამ, ზაზას სურვილით, თებერვალში, დავითობის თვეში, დაბადებულ ბიჭს სწორედ დავითი დავარქვით“, - მეუბნება ირმა. ბავშვებს სახელებს უმეტესად სწორედ მამა ურჩევდა თურმე.

გარდა იმისა, რომ მრავალშვილიანი დედა დიდი სახლის დიასახლისია, ირმა ცქიფაშვილი უკვე რამდენიმე წელია, შუაფხოს სკოლის დირექტორია. 17 მოსწავლე ჰყავს, აქედან 6 მისი შვილია.

„ბარბარე მეცხრე კლასშია, წელს ნინო წავა პირველ კლასში“, - ასე რომ, ბევრი სხვა სკოლისგან განვხვავებით, შაუფხოში პირველ კლასში ჯერ ჰყავთ მოსწავლეები: მართალია, ხშირად 1-2 ბავშვია, ზოგჯერ 3-4, მაგრამ მთავარია, რომ არიან! და ამაში ირმას, დედა-დირექტორის უდიდესი დამსახურებაა. მის სამეზობლოში კიდევ ორი მრავალშვილიანი ქალია: ერთს ოთხი შვილი ჰყავს, მეორეს - ხუთი.

ზაზა ახლა შუაფხო-თბილისის სარეისო ტრანსპორტზე მუშაობს.

სულ ვიხსენებ ერთ ამბავს: ერთხელ ჩარგლიდან მომავალთ მანქანის საბურავი დაგვეშვა. ზაზამ გამოიარა: მე აქვე ვარ, რა მიჭირს, მალე ვიქნები შინ, თქვენ კი ასე ხომ არ დარჩებითო, - თავისი მანქანის სათადარიგო საბურავი მოხსნა და მოგვცა - ხვალ თბილისში ვიქნები და დამიბრუნებთო. არც ვიცი, რამდენი ადამიანი გააკეთებდა ამას...

***

იმ ღამეს, 26 თებერვალს, დუშეთში სამი ბავშვი დაიბადა: გვანცა, თეკლა და დავითი. სამივე დედას საკეისრო კვეთა დასჭირდა. გვანცა ციხელაშვილიც ოჯახის მეოთხე შვილია, სამი ძმა ჰყავს, თეკლა ქისტაური კი ჯერჯერობით მეორეა ოჯახში. „ამ დედებს რას შევედრებიო“, - ღიმილით გვითხრა თეკლას დედიკომ თანაპალატელებზე.

„წელს ჩვენს სამშობიაროში 17 ბავშვი დაიბადა და უმეტესად ასეა: მესამე, მეოთხე ბავშვები არიან, ერთი მეექვსე იყო, ერთიც - მეშვიდე“, - ამბობს დუშეთის სამშობიაროს ბებიაქალი მეგი ხულუზაური. 2015 წელს განყოფილებაში 66 ბავშვი დაბადებულა.

„მას შემდეგ, რაც მთის კანონი შევიდა ძალაში, მთიან რეგიონებში დაბადებულ ყოველ მესამე და შემდეგ შვილზე ოჯახი 200 ლარს მიიღებს“, - გვეუბნებიან პრემიერ-მინისტრის აპარატში.

ირმა ამბობს, რომ მისი ნაბოლარა გოგონა ელენე იღებს ამ დახმარებას, თუმცა: „ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც ხელისუფლებამ შეიძლება გაგვიკეთოს ის იქნება, რომ ჩვენს ხეობაში იყოს საშუალო სკოლა. წელს ცხრაწლედს 4 ბავშვი ასრულებს და ისინი იძულებულნი იქნებიან, სხვაგან გადავიდნენ სწავლის გასაგრძელებლად, ზოგი ვეღარც აგრძელებს სწავლას. ძალიან არ მინდა, ჩემი ოჯახიც დადგეს იმ პრობლემის წინაშე, რომ თხილიანადან ავიყაროთ და მაღაროსკარში ან სადმე ბარში წავიდეთ“, - ამბობს მრავალშვილიანი დედა და სკოლის დირექტორი.

სკოლაში სპეციალისტებიც არიან, განათლების სამინისტროს პროგრამით „ასწავლე საქართველოსთვის“ შუაფხოში 6 მასწავლებელია, რომელთა ნაწილი ირმას ოჯახში ცხოვრობს.

„თქვენი მჯერა, რომ ამბავს მიიტანთ სხვებთან, გვინდა ჩვენი სკოლა საშუალო სკოლა იყოს, რომ აქედან წასვლა აღარ დაგვჭირდეს“ - მომწერა შარშან მათ სკოლაში სტუმრობისას სოსო ჯაბანიშვილმაც, ირმას უფროსმა ვაჟმა.

ვფიქრობ, ამის გაკეთება შესაძლებელია, რათა იქნებ უფრო მეტად ახმაურდეს ფშავისხევი და მეტად იმრავლონ იახსრის ყმებმა...

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში