საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რეპორტაჟი ხონისჭალადან – „ღონიერი სოფელია, 6 კომლი ცხოვრობს“

15:12 - 27 ივლისი 2012 hits 5463

მიღმა ხევის ხეობა თითქმის მთლიანად დაცლილი თემია პირიქითა ხევსურეთში, საქართველო - ჩეჩნეთის საზღვარზე. ხეობაში, რომელიც ერთ დროს საქართველოს ყველაზე საიმედო დამცველი იყო და ქვეყანას ჩეჩნეთ–ინგუშეთიდან და დაღესტნიდან შემოსული მტრისგან იცავდა, ახლა 25–მდე ოჯახიღა ცხოვრობს.

მიღმა ხევის ხეობა შატილის თემში შედის. ხეობაში სულ 6 სოფელია: არჭილო, ანდაქი, ხახაბო, არდოტი, ხონისჭალა და მუცო. ანდაქი დაცლილია. არჭილო 2003 წელს დაცარიელებულა. ერთ დროს დაუმარცხებელ სოფელ მუცოში ახლა სულ 3 ოჯახი ცხოვრობს, ხოლო მიღმა ხევის სულ ბოლო სოფელ ხახაბოში - 2.

„ხონისჭალა ღონიერი სოფელია. იქ 6 კომლი ცხოვრობს. ასე დაგვიდგა საქმე ხევსურებს. პირიქითა ხევსურეთის ის სოფელი, სადაც ახლა 6 ოჯახი ცხოვრობს, კაი ღონიერ სოფლად ითვლება უკვე,“

- გვეუბნება შატილის ყოფილი რწმუნებული ნოდარ ჭინჭარაული. ჩვენც გეზს მიღმა ხევის ამ ღონიერი სოფლისკენ ვიღებთ.

„სოფელს ოჯახი აღარ ემატება, პირიქით, საქონელს ყიდიან და აქედან მიდიან“

მიღმა ხევისკენ გზა შატილიდან მიდის. გზაზე გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნის საპატივსაცემოდ რამდენიმე წყარო გვხვდება. ყველა წყაროს თავზე თეთრი მარმარილოს ლამაზი ქვები და ჭიქა დევს, თითქოს ხევსურებს ფიქალის სიპი ქვით აგებული წყაროებით თავიანთი მიცვალებულებისთვის ძეგლი აუგიათ.

ანატორის ლურჯად დაღარულ კლდეებსა და თორღვას კლდეზე აგებულ მუცოს ციხე-კოშკებს რომ გავცდით, ორწყალთან, ზემოთ, საცალფეხო ბილიკივით მიმავალ გზას დავადექით და 20 წუთში ხონისჭალასაც მივადექით. ხონისჭალაში მხოლოდ ერთი გვარის ხალხი –  შეთეკაურები ცხოვრობენ.

კლდის სიპი ქვით ნაშენი 6 ხევსურული სახლი ერთ სიგრძეზეა ჩამწკრივებული. უცხო მანქანის დანახვაზე საგულდაგულოდ მოვლილი ბოსტნიდან შუახნის მამაკაცი გამოდის და სამზარეულოში, ყავაზე გვეპატიჟება. ჩვენი მასპინძელი 53 წლის ვალიკო ბოდაველია.

სამზარეულოში შეშის ღუმელთან ხის მაგიდა და რამდენიმე პატარა სკამი დგას. 21–ე საუკუნესთან კავშირზე აქ მხოლოდ კედელზე გაკრული ქართული და უცხოური შოუბიზნესის თანამედროვე ვარსკვლავების პლაკატები მიუთითებს. მასპინძელს ყავაზე უარი ვუთხარით, რის შემდეგაც ტყის ჟოლოს წვენი შემოგვთავაზა და სოფლის და საკუთარი ამბავი მოგვიყვა.

„მე თვითონ წარმოშობით თიანეთიდან ვარ. სოფელ ზარიძეებში ვცხოვრობ. ხონისჭალაში 13 წლის წინ დავსახლდი. ნათესავებთან ვცხოვრობ. საქონელს ვუვლი, ნათესავებსაც ვეხმარები და საკუთარ ოჯახსაც. 3 შვილი და 6 შვილიშვილი მყავს. ვწვალობ, რომ როგორმე დავეხმარო. 13 წლის წინ ხონისჭალაში 8 ოჯახი ცხოვრობდა. ახლა აქ მუდმივად 4 ოჯახიღა ცხოვრობს. 2 ოჯახი მხოლოდ ზაფხულობით ამოდის ხოლმე. სოფელს ოჯახი აღარ ემატება, პირიქით, საქონელს ყიდიან და აქედან მიდიან. ხონისჭალიდან წასული ოჯახები ვაზიანში და დუშეთში გადასახლდნენ“, – ამბობს ვალიკო ბოდაველი.

გაჭირვებაა. წვალების მეტი აქ არაფერი არ არის.

ოქტომბრის ბოლოდან ივნისამდე უღელტეხილი იკეტება და ქვეყნიერებას ვწყდებით. აბორიგენებივით მომთაბარე ცხოვრებას ვეწევით.

ზამთარში ხონეში ავდივართ. ხონე საზამთრე სოფელია, აქედან 5 კილომეტრში, პირდაპირ საჯიხვის ძირშია. მთებზე რომ ჩამოთოვს ხოლმე, ჯიხვები სოფელთან ჩამოდიან. ხონე სულ ბოლო დასახლებაა. სათიბები და თივა იქა გვაქვს. ამიტომ საქონელი ზამთარში იქ აგვყავს.

ზამთრისთვის პროდუქტები დროზე თუ არ მოიმარაგე, შეიძლება გზა დაიკეტოს და მშიერი დარჩე.

დენი აქ არ არის. მიღმა ხევის სოფლებში ელექტროენერგია არც არასოდეს ყოფილა. ტელეფონი აქ არ იჭერს. თუ დარეკვა გვინდა, შატილში უნდა ჩავიდეთ. მთელს პირიქითა ხევსურეთში შატილი ერთადერთი ადგილია, სადაც ტელეფონი იჭერს. აქედან შატილამდე 17 კილომეტრია. 34 კილომეტრი ფეხით უნდა გავიაროთ.

შატილის აქეთ არც სკოლაა სადმე და არც ამბულატორია. აქ რომ ადამიანი ცუდად გახდეს, სიკვდილისთვისაა განწირული. შატილში ძალიან კარგი ექიმი გვყვავს – მიხელ ჭინჭარაული. ისეთი ექიმია, იმის დასმულ დიაგნოზს წყალი არ გაუვა. მაგრამ ზამთარში, როცა თოვლი მეტრანახევარზე დევს, ამხელა გზა ავადმყოფმა როგორ უნდა გაიაროს? თუ ცხენზე ჯდომის თავი მაინც ექნება ადამიანს, კიდევ როგორმე შეიძლება ჩავიდეს, თუ არა და მოკვდება.

- თქვენ რით ირჩენთ თავს?

- ძნელია აქ ცხოვრება. რაც ხონისჭალაში ამოვედი, ისე გავხდი, ცარიელი ცხვირიღა დავრჩი. პურს მე თვითონ ვაცხობ, ხან „სკავრადაზე“ და ხან სვანურ „ფეჩში“. საქონელი გვყვავს, ერბო და ყველი მუდმივად გვაქვს. კარტოფილი მოგვყავს. ჩვენ კარგი კარტოფილი გვაქვს. შატილში ასეთი კარტოფილი არ მოდის. სამაგიეროდ, იმათ კარგი თაფლი აქვთ. თაფლს და კარტოფილს ერთმანეთში ვცვლით ხოლმე. მაგრამ, მარტო ყველი, თაფლი და კარაქი ხომ ვერ შეგინახავს? სექტემბრის ბოლოს ყველი და ერბო ბარში ჩაგვაქვს გასაყიდად. პროდუქტის ბარში ჩატანა ძალიან დიდი პრობლემაა. ბევრი სატვირთო მანქანის მძღოლი აქ ამოსვლაზე უარს ამბობს. თუ ვინმე დაგვთანხმდა ხონისჭალაში ამოსვლაზე, 1000 ლარს ითხოვს. ამიტომ, რამდენიმე ოჯახი შევამხანაგდებით ხოლმე და მანქანის ფულს ვიყოფთ. ვწვალობთ და ასე წვალებით მივათრევთ ამ ცხოვრებას. ჩვენს ცხოვრებას ცხოვრება არ ჰქვია, ჩვენ ვარსებობთ.

- ხელისუფლება რით გეხმარებათ, სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში აქ არაფერი კეთდება?

- 13 წელია ამ სოფელში ვარ და მე აქ ხელისუფლების წარმომადგენელი ჯერ არ მინახავს.

- არც ოპოზიციის?

- არც ოპოზიციის. აბა, ეს დაცარიელებული სოფლები ვის რაში აინტერესებს?

- ინფორმაციას საიდან იღებთ?

- არსაიდან. დენი არ არის და არც ტელევიზორი გვაქვს. დენი რომც იყოს,  ტელევიზორს მიღება არა აქვს და მაინც არ აჩვენებს. არც რადიო გვაქვს. თუ რამე ხდება, საზღვრის დაცვის ბიჭებისგან ვიგებთ.

 

 „ტელეფონზე შვილების ხმის გაგონება ნატვრად მექცა“

ვალიკო ბოდაველის გარდა ხონისჭალაში მხოლოდ ერთი ქალი დაგვხვდა – ლიანა შეთეკაური. დანარჩენები ხატობაში იყვნენ წასულები. ხატობა ხევსურებისთვის ყველაზე დიდი დღესასწაულია. ამ დღეს ტრადიციულად ლუდი იხარშება და საკლავი იკვლება. იმის გამო, რომ მიღმა ხევის სოფლებში ლუდის მომდუღებელი აღარავინ დარჩა, ახლა ხატი გამარჯვებიდან ჩამოტანილი ლუდით ილოცება. „მეზობლებს მოზვერი ჰყავდათ შეთქმული და ჩემი ქმრის ჩათვლით, ყველანი იქ არიან“, – ამბობს ლიანა შეთეკაური და ხონისჭალისა და ხონისჭალელების უღიმღამო და გაჭირვებულ ცხოვრებაზე გვიყვება.

„ოღონდ ფოტოს ნუ გადამიღებთ. კარტოფილს ვთოხნიდი, არ მინდა ასეთ ფორმაში გამოვჩნდე. აქ თავი დიდი შრომისა და წვალების ფასად გაგვაქვს. მე თვითონ არდოტიდან ვარ, აქეთ გამოვთხოვდი და მას შემდეგ ასეთ ჯაფაში ვარ. აქ ყველას უჭირს, მაგრამ სოციალური დახმარება არავის მოგვცეს, საქონელი გყავთ და არ გეკუთვნითო. პოლისს გვაძლევდნენ და ერთი წელია იმასაც აღარ გვაძლევენ.

- რა გიჭირთ ყველაზე მეტად?

- რა არ გვიჭირს, ის იკითხეთ... ლამისაა თაგვმა შეგვჭამოს. კარტოფილის მოსავალს ხომ გვინადგურებენ, ახლა სახლებს უთხრიან საძირკველს. მილიონი თაგვია. ჩვენ რა აღარ ვცადეთ, მაგრამ საშველი არ დაგვადგა. იქნება თქვენ მიაწვდინოთ ვინმეს ხმა და რამე ხეირიანი წამალი გვირჩიონ, თორემ დავრჩებით კარტოფილისა და სახლების გარეშე.

- თქვენი შემოსავლის მთავარი წყარო რა არის?

- თავს რძის ნაწარმითა და კარტოფილით ვირჩენთ. ახლა სანახევროდ სხვის საქონელსაც ვუვლი. მოვლაში რძეს მიტოვებენ. საქმე იმიტომ დავიმატე, რომ მეტი ყველი დამიგროვდეს. გავყიდი და ჩემს გაჭირვებას ცოტა წაადგება. ორი შვილი მყავს, სწავლა უნდათ...

- სად არიან თქვენი შვილები?

- ისინი გამარჯვებაში არიან. აქ სკოლა რომ არ იყო, ბარში იმიტომ ჩავიყვანე. შატილის სკოლაში ზამთარში ვერ ივლიდნენ. ამხელა გზის გავლა ზამთარში კი არა, ზაფხულშიც ჭირს. ხონისჭალაში მაისის დასაწყისში ამოვედი. მას შემდეგ შვილების ხმა არ გამიგია. მათი არაფერი ვიცი. ერთი ილიას უნივერსიტეტში სწავლობს, მეორემ სკოლა წელს დაამთავრა. არ ვიცი სკოლის და უმაღლესში მისაღები გამოცდები როგორ ჩააბარა. ეს არის ცხოვრება? ტელეფონზე შვილების ხმის გაგონება ნატვრად მექცა. ტელეფონი აქ არ იჭერს. შატილში უნდა ჩავიდე, რომ დავრეკო. საქმე არ მიშვებს, რომ ამხელა გზაზე ჩავიდე და ამოვიდე. ისე მაინტერესებს, რა ქნა გამოცდებზე...უჭკუო გოგო არ არის და სწავლითაც სწავლობდა. იმანაც რომ ჩააბაროს უმაღლესში, რა მეშველება, მერე რა უნდა ვქნა, სწავლის ქირა როგორ უნდა გადავუხადო? თუ ჩააბარებს, მომიწევს ალბათ საბერძნეთში წასვლა. ყველით და ერბოთი 2 სტუდენტს ვერ შევინახავ. ჩვენც წავალთ და აქ არავინ აღარ მოვა, ამ სოფელს მომავალი აღარა აქვს“.

ბინდდება. წამოსვლას ვჩქარობთ. გვინდა, დათვისჯვრის უღელტეხილზე გადასვლა დღის სინათლეზე მოვასწროთ. ლიანა შეთეკაურს შატილში გადაყვანას ვთავაზობთ: შატილში ჩაგიყვანთ, თქვენს შვილს ჩემი ტელეფონიდან დაურეკეთ. მაგრამ, თქვენს უკან გადმოყვანას ვეღარ მოვასწრებთ. ხონისჭალაში დაბრუნება ალბათ, ფეხით მოგიწევთ.

რამდენიმე წამით ჩაფიქრდა. „ცოტა ადრე რომ იყოს, აუცილებლად წამოვიდოდი. სანამ იქიდან დავბრუნდები, საქონელი მოვა და ვინ მიხედავსო?“,  – დანანებით თქვა მასპინძელმა და მადლობა გვითხრა.

საუბრის ბოლოს ფოტოების და ვიდეოს გადაღებაზეც დაგვთანხმდა. რამდენიმე კადრს ვიღებთ, შეთეკაურების საგვარეულო სოფელს ვტოვებთ და თბილისისკენ მომავალ გზას ვადგებით – გზას, რომლის გამო და რომლის გავლითაც მიღმა ხევის სოფლები არაერთმა ხევსურმა სამუდამოდ დატოვა

მანანა ვარდიაშვილი

ჟურნალისტი. აშუქებს ეკონომიკურ, მედია და მთის საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში