სტიგმას, რომელიც ისედაც გაუბედურებულ ოჯახს სირცხვილის გრძნობას უჩენს და ამ თემაზე ღიად საუბრისგან თავშეკავებისკენ უბიძგებს, ათწლეულების განმავლობაში საქართველოს ნარკოპოლიტიკა ქმნის. ხელისუფლებაც ისე იქცევა, როგორც ადამიანები პანაშვიდზე. ნარკოპოლიტიკის ექსპერტები გვარწმუნებენ, რომ შსს-ს მიერ გავრცელებული სტატისტიკა, თითქოს საქართველოში ზედოზირებით გარდაცვალების მხოლოდ 40 შემთხვევა ფიქსირდება, რეალობას კატასტროფულად აცდენილია. ნამდვილი მიზეზის სანაცვლოდ, დასკვნაში ხშირად გულის გაჩერება ან სხვა დიაგნოზი რეგისტრირდება.
„დაიძინა და აღარ გაიღვიძა“ - ასე მთავრდება ორი პატარა ბიჭის ამბავიც, რომელზეც ვრცლად ჩვენს წინა რეპორტაჟში გიამბეთ. პირველი ჩაქვთან ახლოს, სოფელ ხალას სასაფლაოზე მოვისმინეთ. ქობულეთელი გიორგი შავიშვილი ჯერ 17 წლის იყო. სკოლა 20 დღის დამთავრებული ჰქონდა. 2 კვირაც არ იყო გასული, რაც დედა სამუშაოდ უცხოეთში გაემგზავრა. რა წერია დასკვნაში - ნარკოტიკული ზედოზირება თუ გულის გაჩერება, ოჯახმა არ იცის, ექსპერტიზის პასუხი მათთვის არ უჩვენებიათ.
მეორე ამბავი ავჭალის სასაფლაოზე მოგვიყვა დავით ბლიაძის ბაბუამ. დათო 22 წლის იყო, ისიც ემიგრანტის შვილი. რკინიგზის კოლეჯში სწავლობდა და პარალელურად ელექტრომატარებლის მემანქანის თანაშემწედ მუშაობდა. არც დათოს ბაბუამ იცის, რას ამბობს მისი შვილიშვილის ექსპერტიზის დასკვნა. იცის მხოლოდ ის, რომ იმ საბედისწერო ღამეს, როდესაც დათო შეუძლოდ გახდა, მეგობრებს სასწრაფოს გამოძახება უნდოდათ, მაგრამ დათომ უარი უთხრა, რამდენადაც ასეთი შემთხვევები, ჩვეულებრივ, არა დახმარებით, არამედ დაპატიმრებით სრულდება.
გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურომ (UNODC) სულ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გამოაქვეყნა 2026 წლის ნარკოტიკების მსოფლიო ანგარიში. ანგარიშში მოვხვდით, როგორც შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა და შესაბამისად, „სინთეტიკური ნივთიერებების ტრანზიტის შესაძლო რისკის ზონა, რაც დაკავშირებულია ნარკოტიკების ტრადიციული მარშრუტების ცვლილებასთან“. დასკვნა ამბობს, რომ ბაზარზე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა - ნარკოტიკის 755 ახალი სინთეტიკური სახეობა. რამდენად „აიტაცა“ საქართველომ ეს დამღუპველი ნოვაცია?
გთავაზობთ ინტერვიუს ექიმ ნარკოლოგთან, პარტია „ფედერალისტების“ წევრ ზურაბ სიხარულიძესთან:
„ბოლო 4-5 წელია სიტუაცია ძალიან მძიმეა. ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე 90-იან წლებში. ჩვენ დღესაც გვაქვს 90-იანი წლების გამოძახილი იმიტომ, რომ ინტრავენური ნარკოტიკის ყველაზე მეტი მომხმარებელი ევროპის მასშტაბით საქართველოშია.
დაახლოებით 60 000-მდე ინტრავენური ნარკოტიკის მომხმარებელი გვყავს. აქამდე არ გვყავდა და დღეს ჩვენ გვყავს სრულიად სხვა ტიპის მომხმარებელი - ესენი არიან ახალგაზრდები 13-დან 35 წლამდე. ადრე თუ გვყავდა დამოკიდებული ან დაავადებული ადამიანები, დღეს უფრო მეტი მომხმარებელი გვყავს, ადამიანები, რომლებიც გართობის მიზნით მოიხმარენ. ეს ზედოზირების ბევრად მეტ რისკს ქმნის.
- შსს-ს გვერდზე ყოველდღიურად ქვეყნდება ნარკოდანაშაულის გამოვლენის შემთხვევები. მაგრამ მათ შორის ვერ ვნახავთ ვერცერთ განცხადებას იმის თაობაზე, რა ახალი ნივთიერებებია შემოსული ნარკობაზარზე, რას იწვევს ეს ნივთიერებები, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი საქმის გართულების შემთხვევაში. არც ჯანდაცვის სამინისტროსგან გაგვიგია ასეთი გაფრთხილება. ახალი სინთეტიკური ნარკოტიკი ნიშნავს, რომ ახალია მისი მოქმედების ტიპიც და რისკიც. როგორ უნდა იქცეოდეს სინამდვილეში ხელისუფლება, ხალხზე მზრუნველი, როგორც ამბობენ ხოლმე.
- დღეს შავ ბაზარზე არსებული ნარკოტიკული საშუალებები წარმოადგენს სხვადასხვა ნარკოტიკის ნაზავებს, სადაც მარილების გარდა ფიგურირებს ე.წ. სინთეთიკური ნივთიერებები, ხელოვნურ-სინთეზური ოპიატები, რომლებიც იწვევს სიკვდილს. აი, რომ ამბობენ, „დაიძინა და ვერ გაიღვიძა“, ზუსტად ეს არის ამის მიზეზი. ამ ნარკოტიკში, რომელიც შავი ბაზრით და „დარქნეტით“ იყიდება, გვაქვს ეს ნაზავები. ქვეყანაში არანაირი კვლევა არ ტარდება ამასთან დაკავშირებით, არანაირი წვდომა არ გვაქვს ექიმებს იმაზე, რა ტიპის ნარკოტიკია შავ ბაზარზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს არაჩვეულებრივი ლაბორატორია აქვს იმისთვის, რომ გამოიკვლიოს შავი ბაზარი და არაჩვეულებრივი სპეციალისტები მუშაობენ, ქიმიკოსები, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომლებსაც შეუძლიათ გვითხრან დღეს, რა არის შავ ბაზარზე და რა ნივთიერებები ტრიალებს, ეს ინფორმაცია დახურულია. ჩვენ მხოლოდ ვიგებთ შსს-გან, ხან ქარდით, ხან მოკლე ტექსტით, რომ დააკავეს და ამოიღეს ეს ნივთიერება. არანაირი სხვა ინფორმაცია, რასაც ჩვენ შეიძლება დავეყრდნოთ და გავაფრთხილოთ მოსახლეობა, არ გვაქვს. ჩვენთან არ მუშაობს არაფერი, რაც ზედოზირების პრევენციის და გარდაცვალების თავიდან აცილების საშუალებას მოგვცემს.
ამ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა იყო მხოლოდ რეპრესიული. არც ერთი ხელისუფლება არ იყო მიმართული იმისაკენ, რომ დამოკიდებული ადამიანები ზრუნვაში ყოფილიყვნენ. ახლა რომ ნახოთ ციხეების პოპულაცია, ალბათ 50% ნარკოტიკის მომხმარებელია და არა გამსაღებელი. თუ ნარკოტიკის მიმართ მოთხოვნა არ შემცირდა, მიწოდება სულ იქნება, ყოველთვის. რაც არ უნდა ამოვგმანოთ, რა გზებიც არ უნდა დავხუროთ, მიწოდება მაინც იქნება. ეს არის მკურნალობა და რეაბილიტაცია. ადამიანები ზრუნვაში ჩართულნი უნდა იყვნენ, რომ არალეგალური ნარკოტიკი არ სჭირდებოდეთ. მომხმარებელი უნდა იყოს მუდმივად საქმის კურსში, რა ნარკოტიკია ბაზარზე, რა საშიშროებაა, რა იწვევს სიკვდილს, ნარკოტიკის ტესტირება უნდა ტარდებოდეს და ა.შ.
პრევენციას დღეს რომ დავიწყებთ, 10 წლის შემდეგ მივიღებთ შედეგს, მაგრამ კუბოები, ჩონჩხების ხატვა არ შველის. ეს არ არის პრევენცია. პრევენცია არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანსაღი კვება, ჯანსაღი ჰაერი, ბულინგისგან თავის დაცვა, კომუნიკაციის უნარების განვითარება. არსებობენ ამ ქვეყანაში სპეციალისტები, რომლებიც ამას აკეთებენ და ყველაზე მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც დღეს მსოფლიოს აქვს, ეს არის ზიანის შემცირება იმიტომ, რომ მსოფლიო მიხვდა, ნარკოტიკთან ბრძოლა წაგებულია, ის ყველგან გიგებს. ის გიგებს მარკეტინგში, ის გიგებს ადამიანების ტვინების დაპყრობაში, ის ნახულობს სუსტ წერტილებს საზოგადოებაში, მით უმეტეს ჩვენნაირ დაზიანებულ საზოგადოებაში, რომელიც 90-იანი წლებიდან რეალურად პოსტტრავმულ-სტრესულ სინდრომშია. ადამიანები ცდილობენ ამას გაექცნენ, მიდიან ნარკოტიკთან, სასმელთან ან აზარტულ თამაშებთან, იმისათვის რომ გამოისწორონ თავისი ფსიქიკური მდგომარეობა. ძველბიჭური, ქურდული მენტალიტეტი, კრიმინალთან ასოცირებული პოსტსაბჭოთა მენტალობა და მონობაში ყოფნის სურვილი - ეს ყველაფერი ძალიან ხელსაყრელი ნიადაგია ალკოჰოლიზმისთვის და ნარკომანიისთვის.
- ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა და „შუა დერეფანი“ რამდენად ზრდის ამ საფრთხეებს?
ჩინეთს რატომ სჭირდება საქართველო? იმიტომ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შუა დერეფნის სატრანზიტო გზა. დღეს ჩინეთი არის პირველი ქვეყანა, რომელიც აწარმოებს პრეკურსორებს, ნარკოტიკებს. შუა დერეფნის, ნარკოტიკის გადაზიდვის, ტრანზიტულ ქვეყნად ქცევის ინტერესიც აქაა. გაეროს უახლეს ანგარიშში მითითებულია, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მძიმე ქვეყანა სატრანზიტო გზების მხრივ და როცა სატრანზიტო ქვეყანა ხარ, გარკვეული რაოდენობა აქაც რჩება. ამას ემატება ბევრი მოქალაქე, რომელიც არის ომის დროს შემოსული - რუსეთის, უკრაინის, მოლდოვის, ყაზახეთის მოქალაქეები.
აქ ძირითადად რუსეთის „market place“ მუშაობს. „darknet“-ით ყიდიან ნარკოტიკს. ამდენი ნარკოტიკი გარედან არ შემოდის, აქ შემოდის პრეკურსორი, რომლის კონტროლი ფაქტობრივად შეუძლებელია და აქ, ადგილზე მზადდება ეს. ბევრი კუსტარული ლაბორატორიაა, რომელიც საქართველოში ამზადებს ნარკოტიკს და მერე ხდება მისი გასაღება.
ეს რომ ვიღაცის მფარველობის გარეშე არ ხდება, რად უნდა ლაპარაკი. ყოველთვის ხდებოდა ვიღაცის მფარველობით, ახლაც ასეა. რუსეთიდან შემოდის ძალიან დიდი რაოდენობით ნარკოტიკი და თან ისეთი, რომელიც ჩვენთვის არ იყო დამახასიათებელი. ამან უფრო გაართულა სიტუაცია - მარილები, მეფედრონი, ალფა-პვპ და ასეთი ტიპის ნარკოტიკები.
ყველა ეს ნარკოტიკი არის დაბინძურებული. ამ ნარკოტიკში არის სიკვდილის გამომწვევი მიზეზი - ოპიატი, რომელიც ძალიან ადვილად კლავს.
- ზედოზირებით გარდაცვლილი 22 წლის დავით ბლიაძის ბაბუამ, ბატონმა გია ყრუაშვილმა ჩვენს რეპორტაჟში შესანიშნავად ახსნა, როგორი მძლავრი და ეფექტური პოლიტიკური საშუალებაა ნარკოტიკი - ნარკოდამოკიდებული აპათიურია, მისთვის აბსოლუტურად სულერთი ხდება, საით მიდის ქვეყანა, ვინ მართავს, რა პერსპექტივები არსებობს. ამას კი არაკეთილსინდისიერი მმართველი ძალა ეფექტურად იყენებს. შეგვიძლია თუ არა ხმამაღლა ვთქვათ, რომ ნარკოტიკების პრობლემის ასეთი უკიდურესი გამწვავება, რაც დღეს საქართველოში გვაქვს, სწორედაც შეგნებული გადაწყვეტილებაა და პოლიტიკური დღის წესრიგით არის ნაკარნახევი?
- ჩვენთან წამალზე დამოკიდებული ყველა ადამიანი პოლიტიკური ინსტრუმენტია: „დაგიჭერ, თუ ხმას არ მომცემ“. გადაავლეთ თვალი ამ 14 წლის მანძილზე რა ხდებოდა. როგორც კი ახლოვდება არჩევნები, არბილებენ, ნაკლებად იჭერენ ადამიანებს, ნაკლებად გადაჰყავთ ტესტირებაზე; მერე ისევ დაიწყება, ახლა გაიზარდა. ისევ მოვა საარჩევნო წელი და შეამცირებენ.
ყველა ოჯახი ამბობს, რომ მე ეს არ დამემართება, ჩემ შვილს ეს არ სჭირს. ადამიანები 40-50 წელი არიან დამოკიდებული და მშობლები ბოლოს იგებენ, რაღაც კატასტროფა რომ მოხდება - ზედოზირებით დაიღუპება ან რაიმე მძიმე დაავადება დაემართება.
დღეს ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა ემიგრანტების შვილები არიან, რომლებიც მშობლების გარეშე იზრდებიან, რომლებსაც ზრდიან ბებიები და ბაბუები. ბუნებრივად ვერ აქცევენ სათანადო ყურადღებას ასაკიდან, მენტალობიდან გამომდინარე. მეორე პრობლემა არის უმუშევრობა. მაგალითად, „darknet“-ი სთავაზობს სამსახურს ამ ადამიანებს. 18 წლის ბიჭს რომ თვეში 2000$-ს მისცემ, ხომ დამარხავს ის წამალს იმიტომ, რომ მან არ იცის, ან შეიძლება იცის, მაგრამ შეგნებულად მიდის, რომ გარკვეული თანხა მოიპოვოს. ამის გარდა, „darknet“-ი მას ხდის დამოკიდებულს ამ ნარკოტიკზე, რადგან მათ ფანტასტიკურად აქვთ აწყობილი მარკეტინგული სისტემა და ძალიან კარგად ახდენენ ადამიანების რეკრუტირებას. მშობლები ამას ვერ ამჩნევენ, რადგან არ აქვთ კონტაქტი თავიანთ შვილებთან. რეალურად ისინი დაკავებულები არიან იმით, როგორ გამოკვებონ შვილები. მშობელს უბრალოდ არ სცალია შვილისთვის; არ იციან, რითი ცხოვრობენ, რას აკეთებენ, ვისთან მეგობრობენ, სად სწავლობენ, რა უნდათ, რა აინტერესებთ.
ნარკოტიკი მოდის მაშინ, როცა გაკლია სითბო, სიყვარული და არ ხარ ბედნიერი. რომ გამოკითხოთ ბავშვები ქუჩაში, გინდა თუ არა ამ ქვეყანაში ცხოვრებაო, ბევრი გეტყვით, რომ არ უნდა. უნდა, რომ წავიდეს ამ ქვეყნიდან, იმიტომ რომ აქ ვერ ხედავს თავის თავს. მეც ვასწავლი უნივერსიტეტში და სტუდენტს რომ ვეკითხები, რას აპირებ-მეთქი, მპასუხობს: „არ ვიცი, წავალ ალბათ, ჩემი ადგილი აქ არ არის“.
ის, რაც ხდება ამ ქვეყანაში, უკვალოდ არ გადის. არც ეს დარბევები გადის უკვალოდ, არც გაზით მოწამვლები. ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ბევრ პოსტტრავმულ სინდრომს, ბევრ ადამიანს, რომელიც მოიხმარს ნარკოტიკს, ალკოჰოლს, ბევრ ემიგრანტს, რომელიც წავა ამ ქვეყნიდან.
თუ ქვეყანაში კანონები არ შეიცვალა, თუ მიდგომა და პოლიტიკური ნება არ იქნა, არაფერი შეიცვლება.
საითკენაც მივდივართ, ეს არის ზუსტად რუსული ვექტორი - სავალდებულო მკურნალობა, ეს არის რუსული გავლენა. ეს არის მარტო ბელარუსში, ჩინეთში, ვიეტნამში და კორეაში. არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში სავალდებულო მკურნალობა არ არის. ეს არის ანტიმეცნიერული, აზრს მოკლებული და ყველანაირ შედეგზე არაორიენტირებული. დღეს საქართველოში ამაზე 7 მილიონია გამოყოფილი.
ზიანის შემცირება საქართველოში აღქმულია როგორც ლეგალური ნარკომანია. ზუსტად ამას ამბობენ რუსი ნარკოლოგები და მათთან აკრძალულია ჩანაცვლებითი თერაპია. ვექტორი გვაქვს შეცვლილი. თუ ეს ვექტორი არ შევცვალეთ, უარესი და უარესი იქნება.
თვითონ სახელმწიფო უწყობდა ხელს სააფთიაქო ნარკომანიის გავრცელებას. 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლები თანამდებობის მაღალ პირებს შემოჰქონდათ ქვეყანაში. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ... ვინც ახლა არის ჯანდაცვის სამინისტროში, ისინიც ჩართულები არიან, ყველანი.
სტიგმაა უზარმაზარი ამ პრობლემასთან დაკავშირებული... ადამიანები, ზუსტად ვიცი, რომ ზედოზირებით ჰყავთ შვილები მკვდარი, ხმას არ ამოიღებენ. თვითონ არ ჰყავთ „ქართულ ოცნებაში“ შვილები, ვისაც ნარკოტიკის პრობლემა აქვს? როგორ არ ჰყავთ.
2005 წელს ნულოვანი ტოლერანტობა რომ გამოაცხადა სააკაშვილმა, ყველა დაიჭირეს. არ იყო ნარკოტიკი, მაგრამ რა გაჩნდა? კრაკადილი, ვინტი, ჯეფი... სააფთიაქო ნარკომანია. იმიტომ რომ მოთხოვნა არსებობდა. ყაყაჩოს თესლი და ა.შ., რომელმაც ყველაზე მეტად დაგვაზიანა. ყველაზე მეტი ინვალიდიზაცია ნარკოტიკისგან მივიღეთ 2005-დან 2012 წლამდე. ციხეში რომ შევედი 2012 წელს, ამდენი შშმ პირი, ამდენი დაავადებული ადამიანი უმძიმესი ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემებით, მე არ მინახავს. ეს ქნა იმან, რომ ნარკოპოლიტიკა იყო ასეთი. მომხმარებელი არ უნდა მიიყვანო დანაშაულამდე, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ მან დანაშაული არ ჩაიდინოს.
ვიმეორებ, უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს. ასეთი ვითარება არ ყოფილა 90-იან წლებშიც. ჯამში რომ ავიღოთ, ეს არის 250 000-მდე დაზიანებული ადამიანი. ბოლო კვლევით აღმოჩნდა, რომ საქართველოში ბავშვები, თინეიჯერები ყველაზე მეტად მოიხმარენ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, ანუ სააფთიაქო ნარკოტიკს. 13-14 წლის მომხმარებელი - ეს უკვე საგანგაშოა.