საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

პროკურატურამ ხადის ხეობაში ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

22:59 - 02 აპრილი 2026 hits 595

შიდა ქართლის საოლქო პროკურატურამ „მთის ამბების“ ჟურნალისტებზე თავდასხმის და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

აღნიშნული მუხლი გულისხმობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, რაც ჩადენილია ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

შემთხვევა ხადის ხეობაში 1-ელ აპრილს მოხდა, სადაც ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროცესში სასაფლაო ჩამოიშალა. 21 წლის გიორგი ნარაიძის ნეშტი მეზობელი სოფლის სასაფლაოზე გადაასვენეს. ოთხი ადამიანის ნეშტს კი ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს. „მთის ამბების“ ჟურნალისტები სწორედ ამ თემაზე მუშაობდნენ, როდესაც თავს დაესხნენ.

ჩინური კომპანიის წარმომადგენლები, ზედამხედველებთან და გზების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, გადაღების შეწყვეტას დაჟინებით მოითხოვდნენ. კომპანიის დაქირავებული თანამშრომლები, ხელმძღვანელის მითითებით, გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად უშლიდნენ ხელს, არ აძლევდნენ დრონით მუშაობის შესაძლებლობას და ტექნიკის დამტვრევით ემუქრებოდნენ.

ნეშტების საძიებო სამუშაოებიც კი შეაჩერეს და პროცესის გაგრძელების პირობად გადაღების შეწყვეტა დააყენეს. ამ მიზნით, მათ ჟურნალისტებს ერთ-ერთი ადგილობრივი დაუპირისპირეს, რომელიც გადამღებ ჯგუფს ძალადობითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

„პროვოკაციებს ნუ აწყობ, რა! ნუ გიხარია პახოდუ რა [საფლავების დაზიანება და ნეშტების დაკარგვა]... შენი დედა შევ... გაა**ი აქედან!.. ... არავის გადაუღუნო! შენი დედის მუტ... მოვ...“

„მიცვალებულები გვყავს ამოსასვენებელი, თქვენ გამო არ აკეთებენ; ნუ გვიღებენ, მაგიტომ ვართ გაჩერებულიო.

ჩამოიღე, ჩამოიყვანე ეგ დრონი და გადით აქედან, რომ დაიწყონ მუშაობა და მკვდრები ამოიღონ, თორემ დამეხოცინებით იცოდეთ. ჩემი კარგი მოვ... თუ არ გავაკეთო იცოდე, ფეხებზე მკიდია თქვენი ჟურნალისტობა! თავს გაგაცლი ამ წუთში. ტელევიზიაში არ გამომაჩინო იცოდე“.

ჟურნალისტები აიძულეს გადაღება შეეწყვიტათ და სოფელი დაეტოვებინათ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საქართველოს ამბები.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში