საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„ჯორჯიან მანგანეზმა“ სამსახურიდან პროტესტის ყველა მონაწილე დაითხოვა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:05 - 12 სექტემბერი 2024 hits 1020

ჭიათურის პროტესტის მონაწილე ყველა ის პირი, ვინც „ჯორჯიან მანგანეზში“ ან მის მიერ დაფუძნებულ და კონტრაქტორ კომპანიებში მუშაობდა, სამსახურიდან დაითხოვეს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ყველა მათგანი განსხვავებული აზრისა და გამოხატვის გამო გაათავისუფლეს, რაც დისკრიმინაციაა. „ჯორჯიან მანგანეზი“ აქციის მონაწილეებს მხოლოდ სამსახურიდან დათხოვნით არ სჯის. კომპანია, რომელსაც სახელმწიფოს მიერ დანიშნული მმართველი მართავს, დაზარალებული ადამიანებისგან ითხოვს ზიანის ანაზღაურებას 5.5 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე, პირველივე მოთხოვნისთანავე, სახლების დანგრევას, ნაკვეთების გასუფთავებას და 4 წლით სარგებლობაში გადაცემას.

გიორგი ბიწაძე ორ წელზე მეტი მუშაობდა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორ „ჯმ-ტექნიკასერვისში“ მტვირთავის ოპერატორად. 2024 წლის მარტში, როცა სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილმა კოროხნალის მაღაროსთან აქცია დაიწყო, ის პროტესტს თავიდანვე შეუერთდა და თავისუფალ დროს შეკრებაში მონაწილეობდა.  

გიორგი სამსახურიდან 5 სექტემბერს დაითხოვეს. კომპანია მას სამუშაოს გაცდენას ედავება. საქმე იმაშია, რომ აგვისტოს თვეში, ბიწაძემ 15 დღით, ანაზღაურების გარეშე შვებულებაში გასვლა ითხოვა, რის უფლებასაც მას შრომის კოდექსი აძლევს. მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს. ბიწაძეს უთხრეს, რომ ეს გადაწყვეტილება შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციულმა დირექტორმა, თეიმურაზ ხონელიამ მიიღო. 1-ელ სექტემბრიდან გიორგი ბიწაძემ შუქრუთის პროტესტის კიდევ რამდენიმე მონაწილესთან ერთად პირი ამოიკერა, შიმშილობა დაიწყო და სამსახურში აღარ მივიდა. აქციის მონაწილეებს ერთადერთი მოთხოვნა აქვთ - „ჯორჯიან მანგანეზმა“ მათ სამართლიანი კომპენსაცია გადაუხადოს იმის გამო, რომ მადნის მოპოვების შედეგად მათი საცხოვრებელი სახლები ინგრევა. სამსახურის გაცდენისთანავე, 2 სექტემბერს, ბიწაძეს სასტიკი საყვედური გამოუცხადეს. ბრძანება 7 სექტემბერს ჩაბარდა. 11 სექტემბერს კი მეორე ბრძანება მიიღო, რომ 5 სექტემბრიდან გათავისუფლებული იყო.

„კომპანიის ქმედებები ფორმალური ხასიათისაა. მათ თითქოს დაიცვეს შრომის კოდექსის მოთხოვნები, თუმცა დასაქმებულს იმის შესაძლებლობაც კი არ მისცეს, რომ რაიმე გადაცდომის შემთხვევაში, საყვედური გაეთვალისწინებინა ან გამოესწორებინა. დასაქმებულს არ მიეცა შესაძლებლობა უსაფუძვლოდ და კანონდარღვევით გამოცხადებული სასტიკი საყვედური გაესაჩივრებინა, რადგანაც ის მანამდე გაათავისუფლეს, ვიდრე საყვედურის გამოცხადების შესახებ გაიგებდა“, - უთხრა „მთის ამბებს“ სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრის იურისტმა ვლადიმერ ქუთათელაძემ. გიორგი ბიწაძესთან ერთად, „ჯორჯიან მანგანეზმა“ აქციის კიდევ 4 მონაწილე დაითხოვა სამსახურიდან. ხუთივე გათავისუფლებულის ინტერესებს სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრი იცავს.

რომან მეგრელიშვილი 2022 წლის 29 აპრილიდან მუშაობდა შპს „მაღაროელში“, მებიგედ. ისიც 2 სექტემბერს გაათავისუფლეს. კომპანია მას სამუშაო პროცესის შეფერხებასა და ზიანის მიყენებას ედავება. მეგრელიშვილი ერთ-ერთია აქციის სამი მონაწილიდან, რომლებსაც შპს „მაღაროელის“ საჩივრის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ, 31 ივლისს ბრალი წაუყენა.

შპს „მაღაროელის“ თანამშრომელი (რკინიგზელი) იყო მალხაზ ლაბაძეც. ისიც 2 სექტემბერს დაითხოვეს იმავე მიზეზით, რითიც რომან მეგრელიშვილი - ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით საწარმოს მუშაობის შეფერხებას. შუქრუთელების მიერ აქციის დაწყების შემდეგ, კოროხნალის მაღარო აღარ ფუნქციონირებს. მაღაროელების ნაწილი დაზარალებულებს სოლიდარობას უცხადებს და მუშაობაზე უარს ამბობს. კომპანიის ხელმძღვანელებმა სამუშაო პროცესის აღდგენა ორჯერ სცადეს. მუშებს უთხრეს, რომ აქციის მონაწილეებთან შეთანხმებას მიაღწიეს, რაც ტყუილი იყო. საწარმოს მუშაობის განახლების ორივე მცდელობა ჩაიშალა, მათ შორის, პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგობის გამო.

„ორივემ, მეგრელიშვილმაც და ლაბაძემაც, ფიზიკურად 4 სექტემბრის ჩათვლით იმუშავეს. მათ მხოლოდ 5 სექტემბერს უთხრეს, რომ 2 სექტემბრიდან გათავისუფლებულები არიან. დათხოვნის მიზეზი ბრალდებულის სტატუსი გახდა.

ამ საქმეზე ჯერ წინასასამართლო სხდომაც კი არ გამართულა, თავისთავად არც განაჩენია. არანაირად არ არის დადასტურებული ამ პირების მიერ დანაშაულის ჩადენა და უკანონოა მათი გათავისუფლება.

რეალურად ისინიც იმიტომ გაუშვეს, რომ თავისუფალ დროს აქციის მონაწილეები არიან“, - აღნიშნავს ადვოკატი.

2 სექტემბრით არის დათარიღებული შპს „მაღაროელის“ დირექტორის ზურაბ ბაძგარაძის ბრძანება, რომლითაც სამსახურიდან გაათავისუფლა აქციის კიდევ ერთი მონაწილე გიორგი ცარციძე. ის მიწისქვეშა უბნის ცვლის უფროსი იყო. „დასაქმებულმა ჩაიდინა ქმედება, რომელიც მიმართულია კომპანიის სამუშაო პროცესის შეფერხებისა და ზიანის მიყენებისკენ“, - წერია ბრძანებაში.

არადა, „მთის ამბებმა“ მოიპოვა ზურაბ ბაძგარაძესა და გიორგი ცარციძეს შორის 3 სექტემბერს გამართული სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ ცარციძე არათუ 2 სექტემბერს, არამედ 3-შიც არ იყო გათავისუფლებული.

პირველი აუდიოჩანაწერის თანახმად, ბაძგარაძემ მას ჯერ უარი უთხრა, კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით ესარგებლა.

ზურაბ ბაძგარაძე - ცალკე შევედი, ვუთხარი, კაცმა იმუშავა აგვისტო, იმუშავა სექტემბერში, ეკუთვნოდა შვებულება, რატომ ვუთხრა უარი მეთქი? პირდაპირ მითხრეს ეგეთი თემა და რა გითხრა.

გიორგი ცარციძე - ანუ თემურ ხონელიას დაბლოკილი ვარ.

ზურაბ ბაძგარაძე - კი ბატონო, პირდაპირ გეუბნები მაგას და რა გითხრა აბა.

გიორგი ცარციძე - სამსახურში აღარ წავიდე, აზრი აღარ აქვს წასვლას?

ზურაბ ბაძგარაძე - არა, ვერაფერს გეტყვი, სწორად გამიგე. შენ რომ სამსახურში არ წახვიდე, შეიძლება ის თქვან, რომ სამსახურში არ დადის და ამაზე რაღაც მოაყოლონ კიდევ, ვერ გეტყვი. რომ არ წახვიდე, შეიძლება დისციპინურად ჩაგითვალონ. ამით უკვე კოზირს აწვდი იმათაც.

მეორე აუდიოჩანაწერის მიხედვით, რომელიც ასევე 3 სექტემბერს გამართული საუბრის შინაარსს ასახავს, შპს „მაღაროელის“ დირექტორი ზურაბ ბაძგარაძე ცარციძეს ეუბნება, რომ შეუძლია ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით, რაზედაც ცარციძეს განცხადება 27 აგვისტოს ჰქონდა დაწერილი. შვებულება მას კანონით ეკუთვნოდა, რადგან ბოლო ერთის წლის განმავლობაში არ გამოუყენებია.

ზურაბ ბაძგარაძე - ერთი სიტყვით, გავიტანეთ ჩვენი მეც და ნაკომაც და გიომაც ძმაო, რომ იცოდე. შვებულებაშიც მიდიხარ და ხელფასსაც გაძლევ ჩვეულებრივად.

გიორგი ცარციძე - წეღან რატომ იყო ეს პრობლემა? მუხრანიმ კომპეტენტური პასუხი ვერ გამცა ზურა და რამე დანაშაული მქონდა? დისციპლინა არ დამირღვევია, ნასვამი არ მოვსულვარ, არ გამიცდენია, გეგმა რაც მევალებოდა, იმაზე მეტი გამოვიტანე და...

ზურაბ ბაძგარაძე - კი, კი, გიორგი მომისმინე ერთი წუთი, მოდი, ყველაფერს ტელეფონში ნუ ვილაპარაკებთ. შენ ქალაქში თუ ხარ, ჩემამდე ამოირბინე უცბად. რაც მთავარია, ყველაფერი მოვაგვარეთ, მოდი“.

ცოტა უფრო ადრე, 19 ივნისს, შპს „ჯმ-ტექნიკასერვისიდან“ დაითხოვეს ჭიათურის პროტესტის მონაწილე ჯუმბერ ცუცქირიძე. ამ კომპანიაში ის 2022 წლის მარტიდან, ექსკავატორის ოპერატორად მუშაობდა. ბრძანებაში მითითებულია, რომ ცუცქირიძემ ხელშეკრულებითა და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებები დაარღვია. მას სამსახურიდან 4 საათით ადრე წასვლას ედავებიან. ჯუმბერ ცუცქირიძემ სარჩელით უკვე მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს.

ადვოკატი ვლადიმერ ქუთათელაძე მიიჩნევს, რომ აქციის ხუთივე მონაწილე სამსახურიდან შრომის კოდექსით დადგენილი წესის დარღვევით გაათავისუფლეს:

„ყველა მათგანის დათხოვნა განაპირობა უწყვეტი პროტესტის მხარდაჭერამ და მასში მონაწილეობამ, რაც პირდაპირი დისკრიმინაციაა და შევიწროება განსხვავებული აზრისა და გამოხატვის ნიშნით“.

აქციის მონაწილეები მხოლოდ სამსახურიდან დათხოვნით არ დაუსჯიათ. „ჯორჯიან მანგანეზის“ დავალებით შპს „მაღაროელმა“ აქციის მონაწილეებს პოლიციაში უჩივლა მაღაროს მუშაობის შეფერხებისათვის. საჩხერის პროკურატურამ პროტესტის სამ მონაწილეს ბრალი წაუყენა. სასჯელი 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სასამართლომ ბრალდებულებს გირაო შეუფარდა.

„მაღაროელის“ მიმართვის საფუძველზე სასამართლომ შუქრუთელებს მაღაროებთან პროტესტიც აუკრძალა.

საგანგებოდ მობილიზებულმა პირებმა ჩაშალეს შუქრუთელების მიერ დაგეგმილი მშვიდობიანი მსვლელობა ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის სოფელში და აქციის არცერთი მონაწილე ჭორვილაში არ შეუშვეს. პოლიციამ არ დაიცვა შეკრების მონაწილეთა გამოხატვის უფლება. ოცდაათიოდე ქალს ჭორვილაში რომ ვერ შეეღწია, ოპერაციას იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ზაზა ცხაკაია და მისი მოადგილე კოკა მაისურაძე ხელმძღვანელობდნენ. პოლიციელები სოფელში შემსვლელ მანქანებს სათითაოდ ამოწმებდნენ.

შპს „მაღაროელს“ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სასამართლოში 2 სარჩელი აქვს შეტანილი. მათგან 5,5 მილიონი ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრებას და პირველივე მოთხოვნისთანავე, 4 წლით, მათ საკუთრებაში არსებული სახლებისა და ეზოების გადაცემას ითხოვს, თანაც გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში. ეს ნიშნავს, რომ მოპასუხეებმა სახლები უნდა დაანგრიონ, ტერიტორია გაასუფთაონ და კომპანიას მადნის ამოსაღებად ან გამოსატანად ისე გადასცენ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში