„ევროპა ნოსტრას“ ჯილდო პროექტის ავტორს, საქართველოს ეროვნულ ფონდს გადაეცემა კატეგორიაში „მოქალაქეთა ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება“ გამარჯვებისთვის, ევროპის 6 სხვა ქვეყანასთან. გამარჯვებულთა შორისაა პროექტები ბელგიიდან, იტალიიდან, ჰოლანდიიდან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან, ხორვატიიდან და საქართველოდან.
„ევროპა ნოსტრას“ ჟიურის შეფასებით, აღნიშნული პროექტი „მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ყოვლისმომცველი მიდგომის სრულყოფილი ნიმუშია. ეს მიდგომა გულისხმობს ძეგლის რესტავრაციის პროცესს, თემის ჩართულობას, საერთაშორისო თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას.
ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციაზე 420 000 ლარი დაიხარჯა, საიდანაც, დაახლოებით 90 000 ლარი პროექტში ჩართულ ადგილობრივ თემს მოხმარდა. კოშკის რეაბილიტაცია 2021-2023 წლებში განხორციელდა ეროვნული ფონდების საერთაშორისო ორგანიზაციასთან (International National Trusts Organisation, დიდი ბრიტანეთი), „რამპართან“ (REMPART, საფრანგეთი) და ასოციაცია სიდლეცინის კოშკის (‘Ducal Tower in Siedlecin’, პოლონეთი) - მჭიდრო თანამშრომლობით.
„ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ბრიტანელი, ფრანგი, პოლონელი კოლეგების ჩართულობა და ახალგაზრდა მოხალისეების ძალისხმევა აღმოჩნდა გადამწყვეტი, რათა განადგურებისგან გადარჩენილიყო შუასაუკუნეების თავდაცვითი კოშკი, ჩვენი ისტორიის ნაწილი, და ამასთანავე ევროპის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლი. კოშკის რეაბილიტაციასთან ერთად, პროექტის შედეგად გაიზარდა არხოტის თემის ცნობადობა საქართველოსა და ევროპაში, შეიქმნა მნიშვნელოვანი წინაპირობა ხეობაში მემკვიდრეობის ტურიზმის გასავითარელად, ერთმანეთს დაამეგობრა ქართველი და ევროპელი ახალგაზრდები და მოხალისეები“, - განაცხადა მარინე მიზანდარმა, საქართველოს ეროვნული ფონდის თანადამფუძნებელმა.
ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცის პროექტი „ევროპა ნოსტრას“ კონკურსის კიდევ ერთ - „საზოგადოების არჩევანის“ - კატეგორიაშიც მონაწილეობს, რომელიც ევროპის მასშტაბით, ონლაინ ხმის მიცემით მიმდინარეობს. ხმის მისაცემად, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://vote.europanostra.org
„ევროპა ნოსტრა“ ევროპის ყველაზე მასშტაბური და წარმომადგენლობითი ორგანიზაციაა მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში, 60-წლიანი ისტორიით. ის 1963 წელს დაარსდა პარიზში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით. აერთიანებს 40-ზე მეტ ქვეყანას და აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან, ევროპის საბჭოსთან, იუნესკოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
ცისკარაულების კოშკი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს, 2001 წელს, რუსული ჭურვების სამიზნე გახდა და მძიმედ დაზიანდა.