საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთელებს უჩივის და მაღაროსთან პროტესტის აკრძალვას ითხოვს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:55 - 21 მაისი 2024 hits 3114
პროტესტი შუქრუთში
ახალი ამბები
პროტესტი შუქრუთში

ვიდრე კრიტიკული მედიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ხალხის ყურადღება ე.წ. „აგენტების შესახებ“ რუსულ კანონზეა მიმართული, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ სასამართლოში უჩივლა სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებს, რომლებსაც მანგანუმის უკონტროლო მოპოვების შედეგად სახლები ენგრევათ. „ჯორჯიან მანგანეზი“ ითხოვს, შუქრუთელებს საწარმოსთან პროტესტის გამოხატვა აეკრძალოთ. 70-ე დღეა დაზარალებულები კოროხნალის მაღაროს შესასვლელთან უწყვეტ, სადღეღამისო საპროტესტო აქციას მართავენ.

„ჯორჯიან მანგანეზი“ სასამართლოში ქვეკონტრაქტორის - შპს „მაღაროელის“ მეშვეობით 14 პირს ედავება. მათგან 2 მკვდარია.

მოსარჩელის მთავარი მოთხოვნებია:

  • აქციის მონაწილეებს აეკრძალოთ „მაღაროს მუშაობის ხელის შემშლელი ქმედებების განხორციელება“.
  • შუქრუთელებმა კომპანიას ხელი არც მაშინ შეუშალონ, თუ ის მათი სახლების ქვეშ მანგანუმის მოპოვებას გააგრძელებს.
  • აქციის მონაწილეებს „პირველივე მოთხოვნისთანავე“ ოთხი წლით ჩამოერთვათ კერძო საკუთრებაში არსებული სახლები, მიწის ნაკვეთები და მანგანუმის მოსაპოვებლად კომპანიას გადაეცეს.
  • მოპასუხეებს დაევალოთ, აღნიშნული ნაკვეთები კომპანიას გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადასცენ - მიწაზე, სადაც სახლი ან სათავსო დგას, მესაკუთრემ თვითონ უნდა დაანგრიოს და გაასუფთაოს.

მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე „ჯორჯიან მანგანეზის“ ქვეკონტრაქტორმა შუქრუთელების ქონებაზე ყადაღის დადება მოითხოვა იმ საბაბით, რომ ადგილობრივებმა საცხოვრებლად საშიშ ზონაში კერძო საკუთრება არ გაყიდონ და ახალ მესაკუთრეებთან დავა არ გაძნელდეს. სასამართლომ ქონების დაყადაღების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

„სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ ადვოკატი ვლადიმერ ქუთათელაძე, რომელიც კოროხნალის მაღაროსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეთა ინტერესებს იცავს, ამბობს, რომ ჭიათურის მაგისტრატ სასამართლოს შპს „მაღაროელის“ სარჩელი წარმოებაში საერთოდ არ უნდა მიეღო.

„უპირველესად აღსანიშნავია, რომ ეს არ არის მაგისტრატი სასამართლოს განსახილველი საქმე. მოსარჩელის მოთხოვნები უსაფუძვლო და უკანონოა. ქონება, რომლის მფლობელობაში გადაცემასაც ისინი 4 წლით ითხოვენ, კომპანიის საკუთრებას არ წარმოადგენს. არც რაიმე დოკუმეტი აქვთ, რაც კომპანიის მფლობელობის უფლებას წარმოშობს ან მოსახლეობას ქონების გადაცემას ავალდებულებს. მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა 2021 წლის მემორანდუმები, რომლებიც არის ცალმხრივი და შეიცავს კაბალურ პირობებს. თავის დროზე მოსახლეობას ეს დოკუმენტი არც კი გააცნეს, არამედ, მიუთითეს, რომ თუ უნდოდათ კომპანიას მიყენებული ზიანი აენაზღაურებინა, მათ ხელი ცარიელ ფურცელზე უნდა მოეწერათ. მემორანდუმი არ მოიცავს რაიმე სახის კონკრეტულ ჩანაწერს დაზარალებული პირების ვინაობაზე, მიწის ნაკვეთებზე, მიყენებული ზიანის სახეზე, კომპენსაციის ოდენობასა თუ გადახდის პირობებზე. თითოეულ მესაკუთრესთან დამატებით უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება, რომლითაც კომპენსაციის პირობები დეტალურად განისაზღვრებოდა. ასეთი ხელშეკრულება გაფორმდა ხანგრძლივი აქციის, შიმშილობის, პირის ამოკერვისა და პროტესტის აშშ-ის საელჩოსთან გადმოტანის შემდეგ.

სარჩელში ასევე მითითებულია ზოგიერთი მოპასუხისათვის გადახდილი თანხის ოდენობა, რაც მათ ავანსის სახით ჩაერიცხათ. ვისთანაც ხელშეკრულება დაიდო, დაკონკრეტებულია, რომ ქონებასა და მიყენებულ ზიანს შეაფასებდა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო და საბოლოო თანხას გამოაკლდებოდა წინასწარ გადახდილი თანხა. ექსპერტიზის ჩატარება კომპანიის ვალდებულება იყო, რაც მათ არ შეასრულეს და დასკვნა დღემდე არ არსებობს“, - ამბობს ადვოკატი ვლადიმერ ქუთათელაძე.

აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ „ჯორჯიან-მანგანეზი“ მიზანმიმართულად არიდებს თავს სასამართლო ექსპერტიზის ჩატარებას, რათა დიდი ოდენობით თანხის გადახდა არ მოუწიოს.

„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების ლიცენზიას 2047 წლამდე ფლობს. კომპანიის მესაკუთრე (100%-ის მფლობელი) „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზ“-ია, რომლის საკონტროლო პაკეტსაც უკრაინელი მილიარდერი იგორ კალომოისკი ფლობს, დაახლოებით 4% კი აქციონერთა ქართულ ჯგუფს ეკუთვნის, მმართველ პარტიასთან დაახლოებულ გიორგი კაპანაძეს (იგივე „რიჟა“).

მე-7 წელია, გარემოს დაცვის სამინისტროს, იმ მიზეზით, რომ ჭიათურაში ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასი სიტუაცია იყო შექმნილი და გადაუდებელ გამოსწორებას საჭიროებდა, შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური სახელმწიფო მმართველი ჰყავს დანიშნული. სინამდვილეში, სპეციალური სახელმწიფო მართვის რეჟიმში ჭიათურაში ეკოლოგიური მდგომარეობა ბევრად გაუარესდა და კრიტიკული ვითარებაა.

რამდენიმე თვეა, რაც საწარმოში ფაქტობრივი მმართველობა უკრაინელი ოლიგარქის წარმომადგენლებმა დაიბრუნეს, თუმცა სამეწარმეო რეესტრში რაიმე ცვლილება ასახული ამ დრომდე არ არის.

ამ თემაზე - ჭიათურა - უბედურების ზონა [ჟურნალისტური გამოძიება]

2023 წლის დეკემბერში, ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების ლიცენზია 17 წლის განმავლობაში პირველად გასაჩივრდა. 87 წლის გურამ გაფრინდაშვილი ერთადერთი ადამიანია მთელ ჭიათურაში, რომელმაც ამ პრობლემაზე სამართლებრივი დავის დაწყება გაბედა და ლიცენზიის გაუქმებას ღია კარიერული წესით მოპოვების ნაწილში ითხოვს. გურამ გაფრინდაშვილის ინტერესებს „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ იცავს. თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში