საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„ბალდის კანონის მცველების“ წინააღმდეგ საჩივარი სააპელაციო სასამართლომაც არ დააკმაყოფილა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:56 - 08 აპრილი 2024 hits 2453

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლერი თედორაძემ, „ბალდის კანიონის მცველების“ წინააღმდეგ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ დაწყებულ ორივე სამართალდარღვევის საქმეზე, მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება უცვლელი დატოვა.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ სრულად გაიზიარა მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს არგუმენტაცია და დასაბუთება, რომლის თანახმადაც ნინო სილაგავას ქმედება არ წარმოადგენს წყლის ობიექტის თვითნებურად დაკავებას (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევას). „ბალდის კანიონის მცველების“ ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ იცავდა. ადვოკატის, ვლადიმერ ქუთათელაძის თქმით, საქმეში არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ფილების ჩალაგებამ მდინარეს რაიმე ზიანი მიაყენა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მოძრაობის „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ ერთ-ერთ წევრს სამართალდარღვევის ოქმები მას შემდეგ შეუდგინა, რაც ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა კანიონის 40 წლით გასხვისებას და იქ ისეთი პროექტის განხორციელებას, რომელიც ბუნების ძეგლს პირვანდელ სახეს უკარგავს.

დეპარტამენტი ითხოვდა „ბალდის კანიონის მცველების“ დაჯარიმებას ორმაგი ოდენობით და ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ, მდინარე აბაშის წყალში 2 წლის წინ ჩადებული ბეტონის ფილების დემონტაჟს, რომელიც ხალხს წყალზე უსაფრთხოდ გავლის საშუალებას აძლევს.

2024 წლის 1-ელ თებერვალს მარტვილის მაგისტრატი მოსამართლის ლევან ნუცუბიძის მიერ მიღებული დადგენილებით, ნინო სილაგავა არ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილი და საქმისწარმოება შეწყდა. დადგენილება სააპელაციო სასამართლოში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მარტვილის რაიონში მდებარე ბუნების უნიკალური ძეგლი - ბალდის კანიონი 40 წლით ხელში ჩაიგდო კომპანიამ „კანიონი 350“, რომლის მესაკუთრეებიც არიან: ანი გიუნაშვილი - დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერიან მჭედლიძის დედა; მამუკა მერკვილაძე - რუსეთში საქართველოს სექციის ხელმძღვანელი; ლევან ციცქიშვილი - „ლინკდინზე“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, KFW-ში (გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) მუშაობს პროექტის უფროს კოორდინატორად; ქეთევან მოწონელიძე - სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარის, ჯონი კაპანაძის ცოლის, ანი მოწონელიძის და.

უკვე ხუთი თვეა სოფელ მეორე ბალდაში ადგილობრივი მცხოვრებლები უწყვეტ აქციას მართავენ და ბალდის კანიონზე სამუშაოები შეჩერებული აქვთ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში