ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ არ განიხილა „მთის ამბების“ ადმინისტრციული საჩივარიც. მან გამოცემას მიწერა, რომ პროექტი, რაზედაც მშენებლობის ნებართვა გაიცა, სრულად შეესაბამება ბახმაროს განვითარების დეტალურ გეგმას, რაც „მთის ამბებს“ არ უკითხავს.
წერილში მერი არაერთ დოკუმენტს მოიხსენიებს, თუმცა არცერთს არ ასაჯაროებს.
წელიწადში 300 000 სტუმარზე გათვლილი, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დაწყებას კომპანია „ორბი ჯგუფი“ ბახმაროსთან დამაკავშირებელი სამანქანო გზის გახსნისთანავე აპირებს და დასრულებას 2025 წლის დეკემბერში ვარაუდობს.
„ორბიმ“ ბახმაროს მომავალი კომპლექსის ფოტოები თებერვლის დასაწყისში გამოაქვეყნა და აპარტამენტების გაყიდვა დაიწყო.
„ურბანული განვითარების ინსტიტუტის“ შეფასებით, ბახმაროში „ორბის“ მასშტაბური კომპლექსის პროექტი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს ეწინააღმდეგება და ის სრულად ამოვარდნილია გარემოს მოცულობითი კონტექსტიდან. არცერთი პარამეტრით არ ითვალისწინებს ადგილის განწყობას, ხოლო შენობის არქიტექტურა ოდნავაც კი არ არის თანხვედრაში ბახმაროში საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებულ არქიტექტურასთან.
ბახმაროს გადასარჩენად პეტიციაც შეიქმნა, რომელსაც ხელი მოაწერა 5000-მა ადამიანმა. „ბახმარო საქართველოს ერთ-ერთ უნიკალური კურორტია თავისი ადგილმდებარეობით, სამკურნალო, გამაჯანსაღებელი მიკროკლიმატით, ჯერ კიდევ შემორჩენილი ავთენტური იერსახითა და ლანდშაფტით. დღეს რეალური საფრთხის წინაშე დადგა კურორტის უნიკალურობა – დეველოპერული კომპანია ,,ორბი ჯგუფი“ ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე, 14501 კვ.მეტრ ფართობზე, მრავალფუნქციური სასტუმროს ტიპის კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. მიწის ეს ნაკვეთი კომპანიამ 2019 წელს ერთ ლარად შეისყიდა. ეს მასშტაბური და ამბიციური პროექტი უსათუოდ გამოიწვევს ჰაერის დაბინძურებას, ფლორისა და ფაუნის ცვლილებას და საფრთხეს შეუქმნის ბახმაროს უნიკალურ ეკოსისტემას, ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე საფარს. ამასთან, ამ პროექტს აუცილებლად ექნება ჯაჭვური ეფექტი, რასაც მოჰყვება მსგავსი კომპლექსების დამატებით მშენებლობა. ბახმაროს განვითარება და კეთილმოწყობა გადაუდებელი ამოცანაა, ეს უნდა მოხდეს სწორად, ადგილობრივ ბუნებრივ და პასტორალურ ლანდშაფტთან შესაბამისად“, - აღნიშნულია პეტიციაში.
3 აპრილს, პარლამენტში გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, თქვა, რომ „ორბი ჯგუფის“ მიერ ინტერნეტში გავრცელებული რენდერები არ იყო შესაბამისობაში ბახმაროს გენერალური განვითარების გეგმის მოთხოვნებთან. მისივე თქმით, ინვესტორი მხოლოდ კანონმდებლობის დაცვით შეძლებს პროექტის განხორციელებას.