საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ჩუბინაშვილის ცენტრის საგანგაშო დასკვნა ქოროღოს კოშკის დანგრევაზე - დადასტურებული დანაშაული

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:35 - 20 ნოემბერი 2023 hits 4855

„კოშკი თითქმის საძირკვლამდე დანგრეულია და არა დაშლილი. მცდარი გადაწყვეტილება სრულიად ვანდალურად განხორციელდა - პრაქტიკულად არცერთი ქვა თავდაპირველი მოცულობით არ გადარჩენილა, რაც იმას ნიშნავს, რომ კოშკის ხელახლა აგებისას სამშენებლო მასალაც კი არ იქნება ავთენტური“, - გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევითი ცენტრის დასკვნა პირდაპირ მიუთითებს სისხლის სამართლის დანაშაულებზე, რომლის შედეგადაც კოშკი, რომელმაც ათი საუკუნის მანძილზე არახელსაყრელ ბუნებრივ მოვლენებსა და მტრის შემოსევებს გაუძლო, 21-ე საუკუნეში სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში დაანგრიეს.

ქოროღოს ხუროთმოძღვრული კომპლექსი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში მთის ფერდობზე მდებარეობს. კომპლექსს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კიდევ უფრო მეტად უნდა ყოფილიყო დაცული.

ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნიდან ირკვევა, რომ ქოროღოს კომპლექსის სარეაბილიტაციო პროექტი ჯერ კიდევ 2019 წელს მომზადდა და ის კოშკისა და ეკლესიის სამხრეთი მინაშენის დაშლას ითვალისწინებდა. ამის გამო პროექტმა კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს სხდომაზე არაერთი შენიშვნა დაიმსახურა. მის ავტორს ხარვეზების გასასწორებლად კონკრეტული რეკომენდაციები მიეცა და პროექტის განმეორებით წარდგენა დაევალა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახლა მალავს საჯარო ინფორმაციას, რა ცვლილებები შეიტანა ავტორმა პროექტში და შეითანხმა თუ არა ის სახელმწიფო ორგანომ, თუმცა 10 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ქოროღოს ისტორიული კოშკი მთლიანად დაუნგრევიათ მისი რეაბილიტაციის საბაბით. ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნის მიხედვით,

  • „ზურგიანი კოშკი ქოროღოს კომპლექსის მნიშვნელოვანი ობიექტი იყო. მიიჩნევა, რომ ის ეკლესიაზე ადრე, X საუკუნეში უნდა იყოს აგებული. კოშკს მაღალი კულტურულ-ისტორიული ღირებულება ჰქონდა. კოშკს განსაკუთრებულ ღირებულებას სძენდა X საუკუნის ცნობილი სამშენებლო წარწერა, რაც ქართულ კოშკებში ძალიან იშვიათია. ნგრევის პროცესში არ იზრუნეს წარწერიანი ქვის დაცვაზე. ამჟამად ის სანახევროდ ნანგრევებშია მოყოლილი, ხოლო ნაწილს თუნუქის ნაჭერი ახურავს. მეორე ქვა, უფრო გვიანდელი ნაკაწრი წარწერით, არ იძებნება. ის ნანგრევებშია მოყოლილი და დიდი ალბათობით დამტვრეული.
  • 2019 წლის დეკემბერში, პროექტის განმარტებით ბარათში კოშკის „დაშლის“ აუცილებლობის არგუმენტად მოტანილი იყო არასაიმედო გეოლოგიური და კონსტრუქციული მდგომარეობა (მიუხედავად იმისა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში ჩართული გეოლოგიური დასკვნა ამ მხრივ საგანგაშოს არაფერს აღნიშნავდა). კოშკის დანგრევის შემდეგ ამ ქმედების გასამართლებლად ითქვა, რომ ის საფრთხეს უქმნიდა ეკლესიას. ასეც რომ ყოფილიყო, გაუგებარია რატომ გახდა საჭირო კოშკის ძირამდე დანგრევა, როცა ცხადია, რომ მისი ქვედა ნაწილი ეკლესიას საფრთხეს ვერ შეუქმნიდა. კოშკი დაანგრიეს მოსალოდნელი შედეგების გაუაზრებლად. არ იქნა გათვალისწინებული სამშენებლო მასალის - იოლად შლადი ფლეთილი ქვის სპეციფიკა. კედლებზე ფიზიკური ზემოქმედებისას და შემდეგ სიმაღლიდან ჩამოყრისას დიდრონი ქვები წვრილ ნატეხებად დაიმსხვრა. არსებული გროვების დათვალიერებამ აჩვენა, რომ პრაქტიკულად არც ერთი ქვა თავდაპირველი მოცულობით არ გადარჩენილა, რაც იმას ნიშნავს, რომ კოშკის ხელახლა აგებისას სამშენებლო მასალაც კი არ იქნება ავთენტური.
  • ძეგლის დანგრევისას არ გაკეთებულა სამშენებლო ქვების სავალდებულო მარკირება. კოშკის ნანგრევები მიმოფანტულია კომპლექსის მთელ პერიმეტრზე, როგორც გალავნის შიგნით, ისე მის გარეთ“.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების“ შედეგად შექმნილი პრობლემები არ შემოიფარგლება მხოლოდ კოშკის დანგრევით. ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნის თანახმად, საფრთხეშია უნიკალური რელიეფები, ხოლო თვით ეკლესიაზე სამუშაოები უხარისხოდ, მთელი რიგი შეცდომებითა და მეთოდოლოგიური დარღვევებით არის ჩატარებული.

ჩუბინაშვილის ცენტრი ითხოვს, შეჩერდეს მიმდინარე პროექტი და მომზადდეს ქოროღოს კომპლექსის რეაბილიტაციის ახალი პროექტი, რომლის ფარგლებში შეძლებისდაგვარად სრულად უნდა მოხდეს უკვე დაშვებული შეცდომების და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამოსწორება, მათ შორის ღვთისმშობლის ეკლესიაზეც.

  • „ზურგიანი კოშკის დანგრევისა და მისი სამშენებლო მასალის დამსხვრევის შემდეგ ძეგლმა შეუქცევადი დაზიანება მიიღო, მისი ავთენტურობა სრულად არის დაკარგული.
  • აუცილებელია დაიწყოს მსჯელობა ექსპერტთა ფართო წრის ჩართულობით, რა შეიძლება ვიღონოთ პრობლემის თუნდაც ნაწილობრივ გამოსასწორებლად. გადაწყვეტილება კოშკის მომავალთან დაკავშირებით მიღებული უნდა იქნას ამ მსჯელობის საფუძველზე და გახდეს ახალი პროექტის ნაწილი.
  • სასწრაფოდ უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს ღონისძიებები ეკლესიის სამხრეთი კარიბჭის დანგრევის შემდეგ ცალკე დარჩენილი ორი რელიეფური ქვის დასაცავად. ამ ეტაპზე საუკეთესო გამოსავლად გვესახება მათი გადატანა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება არა მხოლოდ მათი დაცვა და პრეზენტაცია, არამედ დიაგნოსტიკა და სათანადო მკურნალობაც.
  • სასწრაფოდ უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს ღონისძიებები კოშკის ცნობილი ასომთავრული წარწერის დასაცავად, ასევე 2014 წელს გამოვლენილი ნაკაწრი წარწერის მოსაძიებლად კოშკის ნანგრევებში“, - აღნიშნულია დასკვნაში.

კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურება სისხლის სამართლის დანაშაულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ უპასუხა ჩვენს შეკითხვას, დაიწყო თუ არა გამოძიება ქოროღოს კოშკის განადგურების ფაქტზე. ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ლევან ზედგინიძემ „მთის ამბებს“ უთხრა, რომ მათთვის სპეციალისტების გამოსაკითხად ან მასალების გადასაცემად სამართალდამცავ ორგანოებს არ მიუმართავთ.

ნიკოლოზ აზნაურაშვილი, რომელიც 2022 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი იყო და რომლის მმართველობის პერიოდშიც ქოროღოს კოშკი დაანგრიეს, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა 3 ოქტომბერს დააწინაურა და მინისტრის მოადგილედ დანიშნა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში