საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„მთის ამბების“ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მორიგ თავდასხმასთან დაკავშირებით

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:08 - 09 აგვისტო 2023 hits 4882

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს კიდევ ერთხელ დაესხა თავს ონლაინგამოცემა „მთის ამბებს“. მას არ მოსწონს, რომ ჩვენი გამოცემა შოვში მომხდარ ტრაგედიას სტიქიური უბედურების პირველივე წუთებიდან აშუქებს. ეს არ მოსწონთ მთავრობის წარმომადგენლებსა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ლიდერებს.

ჩვენი ვალდებულებაა, უზრუნველვყოთ საზოგადოების ინფორმირება, განსაკუთრებით კრიზისული ვითარების დროს. ახლაც მხოლოდ ამაზე ვართ კონცენტრირებული, ხელისუფლების მიზანია მოგვაცდინონ, ყურადღება სხვა საკითხებზე გადაგვატანინონ, საზოგადოებაში კი დაბნეულობა შეიტანონ. არ ვაპირებთ, ხელისუფლებას შევყვეთ პოლიტიკურ დებატებში.

მთავრობა აღარ გვიშვებს სტიქიის ზონაში, შეზღუდული აქვს სახელმწიფო უწყებებში არსებული საჯარო ინფორმაციის გაცემა. ფაქტობრივად, არ გვაქვს წვდომა მთელ რიგ დოკუმენტებზე. ამის მიუხედავად, ჩვენ გავაგრძელებთ სტიქიური უბედურების მიზეზების კვლევას, დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების გამოვლენას და საზოგადოებისთვის მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდებას.

ბოლო დღეებში „ქართული ოცნება“ „მთის ამბების“ წინააღმდეგ აწარმოებს აგრესიულ კამპანიას. ეს საფრთხეს უქმნის ჩვენი ჟურნალისტების ფიზიკურ ხელშეუხებლობასა და პროფესიულ საქმიანობას, პარლამენტის თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის და სხვა საჯარო პირების დაუსაბუთებელი და უპასუხისმგებლო განცხადებები ახალისებს ძალადობის სახიფათო ფორმებს. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ „მთის ამბების“ ჟურნალისტების უსაფრთხოება.  

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში