საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ვაშლოვანის ნაკრძალში ტურისტების მიმართ ძალადობის ფაქტზე მესაზღვრე დააკავეს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

00:15 - 31 მაისი 2023 hits 3584

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ "საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი სერჟანტი ი. ც. მიმდინარე წლის 28 მაისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების ბანაკის მიმდებარედ ქვეითად პატრულირებას ახორციელებდა, რა დროსაც ტურისტებთან შელაპარაკება მოუვიდა.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა დიდი ბრიტანეთისა და ბელორუსის მოქალაქე ტურისტებს, თვითნებურად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ხელბორკილი დაადო და რაიმე წინაპირობის არქონის მიუხედავად, სამსახურებრივი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლა მოახდინა, რის შედეგადაც დაზიანება არავის მიუღია".

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით აგრძელებს. დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვაშლოვანის ეროვნულ პარკში მომხდარ დანაშაულზე "მთის ამბებმა" სტატია გუშინ გამოაქვეყნა. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, მიჯნისყურის მიმდებარედ, სასაზღვრო პოლიციის მთვრალი თანამშრომლები პატრულირებდნენ. შეიარაღებულმა მთვრალმა მესაზღვრეებმა უცხოელ ტურისტს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და 2 საათის განმავლობაში ხელბორკილს არ ხსნიდნენ იმ მიზეზით, რომ თითქოს გასაღები დაკარგეს. ერთ-ერთმა მთვრალმა მესაზღვრემ ტურისტების კარვების მიმართულებით იარაღიდან გაისროლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა და ვაშლოვანის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ყველა ამ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია დამალეს და საგამოძიებო უწყებებს არ მიაწოდეს.

იმ ტერიტორიაზე, სადაც ტურისტებს ბანაკი ჰქონდათ, არც სატელეფონო და არც ინტერნეტკავშირი არ არის. ამიტომ, ვიდრე მოლაშქრეებმა ვაშლოვანის ეროვნული პარკი არ დატოვეს, მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ უთქვამს, რა ზომები მიიღო უწყების თანამშრომლების, როგორც რიგითების, ასევე, ხელმძღვანელების მხრიდან დანაშაულის დამალვაზე და აგრძელებენ თუ არა ეს პირები (დაკავებულის გარდა) შსს-ში მუშაობას.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში