საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველად 2 წლით ბესიკ კირთაძე დაინიშნა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:43 - 19 მაისი 2023 hits 4409

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ბუაჩიძემ 2 წლით გააგრძელა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მართვის რეჟიმი, რომელიც კომპანიაში 2017 წლიდან არის დადგენილი. სასამართლომ სპეციალურ მმართველად ბესიკ კირთაძე დანიშნა. ახალი მმართველის გამოცდილების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ იძებნება. მისი კანდიდატურა სასამართლოს წინა სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა წარუდგინა, რასაც ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროებიც დაეთანხმნენ.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ დღეისათვის, კვლავ არსებობს ის გარემოებები, რომელთა გამოც საჭირო გახდა შპს „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ 2017 წელს სპეციალური მმართველის რეჟიმის დანიშვნა. კერძოდ, შესასრულებელია სამოქმედო გეგმის ორი პუნქტი - ასაშენებელია მანგანუმის შლამის გადამამუშავებელი ახალი ქარხანა და გადასათვლელია სალიცენზიო ფართობზე არსებული მარაგები.

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სპეციალურმა მმართველმა წარადგინა სამოქმედო გეგმა, სადაც ერთ-ერთ პრობლემად მითითებულია კოოპერატორული მოპოვების მოწესრიგება. ამ ნაწილში კომპანია გულისხმობს ჭიათურის სოფლებში მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვებას, რის გამოც 10-ზე მეტი სოფელი აოხრებულია. გეგმის თანახმად, რადგან კოოპერატორების მიერ დასამუშავებელი ობიექტების ოდენობა საკმაოდ დიდია (1800 კონტურზე მეტი), მათი საქმიანობის კონტროლი პრობლემურია როგორც კომპანიის, ასევე სახელმწიფოს მიერ.

სასამართლო განჩინების მიხედვით, კომპანია სპეციალური მართვის რეჟიმში (6 წელი) ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას „კოვიდის გლობალური პანდემიით, რუსეთ-უკრაინის ომით და სხვა ადგილობრივი თუ გლობალური ობიექტური გარემოებებით ხსნის“.

„ჯორჯიან მანგანეზს“ მადნის მოპოვების ლიცენზია ჭიათურასა და საჩხერეში 16 430 ჰექტარზე აქვს და ლიცენზიას ვადა 2047 წელს ეწურება.

კომპანიის 100 %-ის მესაკუთრე ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში რეგისტრირებული შპს „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზ“-ია. 

2013-2017 წლებში „ჯორჯიან მანგანეზს“ გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის 416 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა. ამ საბაბით, 2017 წელს სახელმწიფომ კომპანიაში, სამი წლით, სპეციალური მმართველი შეიყვანა - „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ნიკოლოზ ჩიქოვანი, რომელიც წარსულში ფინანსური დანაშაულისთვის იძებნებოდა. ჩიქოვანის დანიშვნის შემდეგ კომპანიას ჯარიმა, თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი ჩამოაწერეს.

სპეციალურ მმართველს 14 პირობის შესრულება დაევალა, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი - ღია კარიერების ტერიტორიის რეკულტივაცია იყო. სამი წლით დანიშნულ მმართველს ვადა მეორედ 2020 წელს გაუგრძელეს, რამდენადაც მან ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა.

„ახლა, როცა უკვე მესამედ გააგრძელეს სპეციალური მართვის რეჟიმი, სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში ყურადღებას ამახვილებს ორი ვალდებულების შეუსრულებლობაზე, თითქოს 14 პირობიდან ყველა სხვა დანარჩენი ვალდებულება შესრულებულია. განჩინებაში საერთოდ არ არის საუბარი ახალ გამამდირებელ ქარხანაზე, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება იყო. ახალი ქარხანა უნდა აემუშავებინა და ჩაენაცვლებინა ძველი გამამდიდრებელი ქარხნები. ეს ქარხანა შეიძინეს სპეციალური მმართველის დანიშვნამდე, მის პერიოდში დამონტაჟდა, ოღონდ არ ამუშავდა. 6 წლის თავზე ჩიქოვანმა მოძებნა გამოსავალი და ახალი ქარხანა სხვა საწარმოს გადასცა გაუგებარი ვალდებულებებით.

სასამართლო იღებს სპეციალური მმართველის ყოველთვიურ ანგარიშებს და ამტკიცებს მას ყოველგვარი პრობლემის, შემოწმების გარეშე.

არც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, არც მინერალური რესურსების სააგენტო არ ამოწმებს საწარმოს. ორი უდიდესი სახელმწიფო უწყების ფუნქციას სპეციალური მმართველი თავად ასრულებს - თავადვე საქმიანობს საწარმოს სახელით და თავადვე უზრუნველყოფს საკუთარი საქმიანობის კონტროლს და სასამართლოც ამაში ეთანხმება“, -

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო გუჯარაიძის განცხადებით, „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მართვის ექვსწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ სპეციალური მმართველის მექანიზმი გამოყენებულ იქნა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ კომპანიას კანონგარეშე საქმიანობის შესაძლებლობა მიეცა.

„სამწუხაროდ, კიდევ 2 წლით გაუგრძელდა ეს რეჟიმი. 6 წლის თავზე ნიკოლოზ ჩიქოვანმა მოიხსნა პასუხისმგებლობა და გადასცა სხვა, გაურკევველი კომპეტენციის, არსაიდან მოსულ ადამიანს. აბსოლუტურად არაფერი ვიცით მასზე, ადამიანი, რომელზეც Google-ის საძიებო სისტემაში არაფერი იძებნება, არანაირი გამოცდილების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. ჩიქოვანმა მემკვიდრე დაგვიტოვა ფაქტობრივად“, - ამბობს ნინო გუჯარაიძე.

„მთის ამბები“ დაუკავშირდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმის გასარკვევად, რატომ დაუჭირეს მხარი სპეციალური მართვის რეჟიმის გაგრძელებას და სპეციალურ მმართველად ბესიკ კირთაძის დანიშვნას. სამინისტროდან ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

„ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს უმსხვილესი მადანმომპოვებელია, უმდიდრესი კომპანია ასობით მილიონიანი ბრუნვით და წლიურად 96 მილიონიანი მოგებით. რეგიონი კი, სადაც ის ოპერირებს, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი მხარეა. ჭიათურის მუნიციპალიტეტში ყოველი მესამე ადამიანი სოციალურად დაუცველია და საარსებო შემწეობას იღებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში