საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რუს ტურისტებთან დაპირისპირების საქმეზე ცოტნე ჯაფარიძე სამართალდამრღვევად ცნეს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:59 - 01 მარტი 2023 hits 9757

მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე რეზო ნადოიმ, გუდაურში რუს ტურისტებთან დაპირისპირების საქმეზე სამოქალაქო აქტივისტი და ტურისტული კომპანია „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე სამართალდამრღვევად ცნო წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ეპიზოდში კი ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა. მოსამართლემ ჯაფარიძეს სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

ჯაფარიძის ადვოკატმა კახა კოჟორიძემ „მთის ამბებს“ უთხრა, რომ გადაწყვეტილებას სამართალდამრღვევად ცნობის ნაწილში, სახდელის მსუბუქი ფორმის მიუხედავად, სავარაუდოდ, მაინც გასააჩივრებენ თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

ცოტნე ჯაფარიძე მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ის მიიჩნევს, რომ ოკუპანტი ქვეყნის მიმართ ნათქვამი სიტყვების გამო შენიშვნაც ზედმეტი იყო.

„მტერს და ოკუპანტს - რაც სასამართლოზე ვთქვი, იგივეს ვიმეორებ - ვერ ექნება იმის უფლება, აქ რაღაც ზღვარგადასულად მოიქცეს, შეურაცხყოფა მოგვაყენონ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, გვაიძულონ - რუსულად ვილაპარაკოთ და მათი მოსამსახურე პერსონალი ვიყოთ.

შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ამას არ უნდა მოჰყოლოდა არანაირი ზედმეტი სამართალგართულება. სიტყვიერი გაფრთხილებაც არ უნდა იყოს ამაზე. ოკუპანტი ქვეყნის მიმართულებით რაღაც სიტყვების თქმა, დასჯადი არ უნდა იყოს“, - განაცხადა ჯაფარიძემ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

მისივე ჩვენების თანახმად, 9 თებერვალს, გუდაურში, გონდოლასთან 12 და 21 წლის შვილებთან ერთად იდგა, როდესაც რუს ტურისტებთან ინციდენტი მოხდა.

ერთ-ერთი იქ მყოფი რუსულად გამომელაპარაკა.  ვუთხარი, რომ ინგლისურად ესაუბრა. მკითხა, რატომო. იმიტომ რომ „Fuck Russia“-მეთქი, ვუპასუხე. ამას მოჰყვა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. სამნი იყვნენ. ათზე მეტი პოლიციელი მოვიდა და იმის ნაცვლად, რომ ისინი გაეყვანათ, ყველა მე დამერია. ერთ-ერთმა დამცინავად მითხრა - პროვოკატორი ხარო. ძირს დამაგდეს და ბორკილები დამადეს. ეს ხდებოდა ჩემი შვილების თვალწინ. თხილამურების ბათინკებით გადმომიყვანეს მცხეთაში“, - უთხრა ჯაფარიძემ „საქართველოს ამბებს“.

დაკავების შემდეგ პოლიციელებმა ცოტნე ჯაფარიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდაღღვევის ოქმი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით შეადგინეს და მცხეთაში გადაიყვანეს. რამდენიმე საათის შემდეგ ჯაფარიძე გაათავისუფლეს, სასამართლო პროცესი კი 15 თებერვლისთვის ჩაინიშნა. 15 თებერვლის სხდომაზე პოლიციელები გამოიკითხნენ. საქმეზე არ გამოუკითხავთ დაპირისპირებაში მონაწილე რუსი ტურისტები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელს ყველაზე მეტჯერ საქართველოს საზღვარი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა გადმოკვეთეს. კერძოდ, ოკუპანტი ქვეყნიდან საქართველოში 1 459 541 ადამიანი შემოვიდა, რაც 2021 წელთან შედარებით 401%-ით მეტია. ქვეყანაში 120 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე დარჩა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში