საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მესტიამ 17 რაიონზე მეტი ელენერგია მოიხმარა - „გამორთეთ მაინერები“ - მერია ხალხს მიმართავს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:43 - 09 იანვარი 2023 hits 4260

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას მიმართავს, „მაინერები“ გამორთონ: „მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ბოლო დღეების განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარება კრიტიკულად არის გაზრდილი. ჭარბი მოხმარების გამო ქვესადგური მუშაობს ბოლო ზღვარზე და ამოწურულია ყველანაირი რესურსი, რის გამოც არსებობს საფრთხე, რომ სისტემა გაითიშოს და მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს. ოგიწოდებთ გაითვალისწინოთ შექმნილი მდგომარეობა და გამოიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. გამორთეთ ე.წ „მაინერები“ და ყველა ის მოწყობილობა, რომელიც არ არის საჭირო საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის და მოახდინეთ ელექტროენერგიის ეკონომიური ხარჯვა!“

დაბა მესტია და ზემოს სვანეთის სოფლების მოსახლეობა 7 იანვარს, შობის დღესასწაულს უშუქოდ შეხვდა. ელექტროენერგია ღამით გაითიშა და მიწოდების აღდგენა დილამდე ვერ მოხერხდა. შუქი მხოლოდ ხაიშსა და ბარჯაშს ჰქონდა.

2022 წელს ზემო სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება წინა წელთან შედარებით 20 მლნ კვტ.სთ-ით არის გაზრდილი. 2021 წელს მესტიის მუნიციპალიტეტმა 101,568,155 კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა, 2022 წელს კი 121,739,191.

გასულ წელს, თვეების მიხედვით, მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარების სტატისტიკა ასეთია:

  1. იანვარი - 14,156,885 კვტ.სთ.
  2. თებერვალი - 11,961,289 კვტ.სთ.
  3. მარტი - 13,001, 991 კვტ.სთ.
  4. აპრილი - 10,253,676 კვტ.სთ.
  5. მაისი - 9,667,958 კვტ.სთ.
  6. ივნისი - 7,488,560 კვტ.სთ.
  7. ივლისი - 7,262,523 კვტ.სთ.
  8. აგვისტო - 6,786,575 კვტ.სთ.
  9. სექტემბერი - 7,199,354 კვტ.სთ.
  10. ოქტომბერი - 10,332,466 კვტ.სთ.
  11. ნოემბერი - 10,904,589 კვტ.სთ.
  12. დეკემბერი - 12,724,325 კვტ.სთ.

2022 წლის დეკემბერში მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა აღემატება საქართველოს 17 მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მიერ იგივე პერიოდში მოხმარებულ ელექტროენერგიას

- კერძოდ, ყაზბეგის, ონის, თიანეთის, ხულოს, დმანისის, ამბროლაურის, ჩოხატაურის, დედოფლისწყაროს, ხარაგაულის, თეთრიწყაროს, ქედის, შუახევის, ცაგერის, ლენტეხის, ვანის, ჩხროწყუს და აბაშის რაიონებს.

2021 წლის 30 დეკემბერს, ორკვირიანი უშუქობის შემდეგ, მესტიაში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიაში სვანებმა ხატზე დაიფიცეს, რომ ე.წ. მაინერებს გამორთავდნენ. ფიცის გამტეხი დაიწყევლა. დაფიცების მიუხედავად სვანეთში დენის მოხმარება არ შემცირდა.

ზემო-სვანეთში, სადაც მოსახლეობისთვის დენი ენგურჰესისა და სხვა ჰესების მიერ მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ უფასოა, ელექტროენერგიის მოხმარება ბოლო წლებში, რადიკალურად იზრდება.

  • 2012 წელი - 37,199,070 კვტ.სთ;
  • 2013 წელი - 39,411,787 კვტ.სთ;
  • 2014 წელი - 44,006,849 კვტ.სთ;
  • 2015 წელი - 47,072,131 კვტ.სთ;
  • 2016 წელი - 53,153,799 კვტ.სთ;
  • 2017 წელი - 59,311,54 კვტ.სთ;
  • 2018 წელი - 64,832,376 კვტ.სთ;
  • 2019 წელი - 98,177,40 კვტ.სთ;
  • 2020 წელი - 91,117,245 კვტ.სთ;
  • 2021 წელი - 101,568,155 კვტ.სთ;
  • 2022 წელი - 121,739,191 კვტ.სთ;

მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ გასულ წელს მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა აღემატება ბაღდათის (28 მლნ. კვტ.სთ), ქედისა და შუახევის (23 მლნ. კვტ.სთ), წალენჯიხის (27 მლნ. კვტ.სთ), მარტვილის (26 მლნ კვტ.სთ) მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ჯამს. მაგალითად, ბათუმის მუნიციპალიტეტმა, დაახლოებით 174 ათასმა ადამიანმა და ათასობით კომერციულმა აბონენტმა ერთად, გასულ წელს 515 მლნ. კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა. მესტიის მუნიციპალიტეტში კი, სადაც 2022 წლის 1-ელი იანვრის მონაცემებით, 9 364 ადამიანი ცხოვრობს, ბათუმზე 18.6-ჯერ ნაკლები და საწარმოების რაოდენობითაც მესტიის ბათუმთან შედარება არ შეიძლება, მოხმარებული ელენერგია ბათუმისას მხოლოდ 4.2-ჯერ ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ ზემო სვანეთში მოსახლეობა ელექტროენერგიას სათბობადაც იყენებს, რადგან მუნიციპალიტეტი გაზიფიცირებული არ არის, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლებაც და დენის გამანაწილებელი კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაც“ ელექტროენერგიის მოხმარების რადიკალური ზრდის მიზეზად კრიპტოვალუტის მწარმოებელ ფერმებს და ელექტროენერგიის დატაცებას ასახელებენ. კომპანია ამბობს, რომ ფერმების გამოვლენას და ელექტროენერგიის დატაცების საფუძვლიან აღრიცხვას ადგილობრივების წინააღმდეგობის გამო ვერ ახერხებს.

პოლიცია მაინერების ამოღების საქმეში რამდენჯერმე ჩაერთო. 2020 წლის დეკემბერში, მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მესტიის ცენტრში მდებარე სასტუმრო „ბანგურიანის“ დამხმარე ფართში კრიპტოვალუტის იმხელა ფერმა აღმოაჩინა, რომელიც 4-5 სოფლის სამყოფ ელექტროენერგიას მოიხმარდა. 2020 წლის დეკემბერში, 600 მაინერი ამოიღეს სოფელ იდლიანიდან, სოფელ ხაიშიდან კი - 2 000-მდე. გამოძიება ელექტროენერგიის დატაცებისათვის დაიწყო, მაგრამ არავინ დაუსჯიათ.

 

ამ თემაზე:

სვანეთი ბიტკოინის მსოფლიო რუკაზე

 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში