საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„მთის ამბებმა“ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

12:37 - 02 აგვისტო 2022 hits 4369

ონლაინგამოცემა „მთის ამბებმა“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. „მთის ამბები“ ალავერდის საკათედრო ტაძართან ახლოს, სასტუმრო Alaverdi Resort-ის მშენებლობასთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში მიღებული გადაწყვეტილებებისა და ამ გადაწყვეტილებების მისაღებად ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მასალების გადმოცემას ითხოვს.

„მთის ამბებმა“ საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პირველად 12 თებერვალს მიმართა. სააგენტომ საჯარო ინფორმაცია არ გასცა. 10 ივნისს, „მთის ამბებმა“ ისევ გამოითხოვა მასალები, სააგენტომ საჯარო ინფორმაციის გასაცემად კანონით დადგენილ მაქსიმალურ ვადაში, „მთის ამბების“ განცხადება კვლავ უპასუხოდ დატოვა. სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ აზნაურაშვილმა არც „მთის ამბების“ ადმინისტრაციული საჩივარი განიხილა, რის შემდეგაც გამოცემამ, 1-ელ აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

2022 წლის 3 თებერვალს, იმ დროისთვის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელიც ამჟამად ეკომონიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და ვიცე-პრემიერია, ალავერდის საკათედრო ტაძართან ახლოს, საპატრიარქოს კუთვნილ მიწაზე, საფუძველი ჩაუყარა სასტუმრო „Alaverdi Resort“-ის უკანონო მშენებლობას. 

პრემიუმ კლასის სასტუმროს ალავერდის ეპარქია კომპანია „ბადაგონთან“ ერთად აშენებს. ღონისძიებას ალავერდში კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, პარლამენტის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი ესწრებოდნენ.

მშენებლობისთვის გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი ალავერდის საკათედრო ტაძრის, როგორც ეროვნული მნიშვნელობის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალშია.

ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავარმა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერს, ალექსი ფიცხელაურს მშენებლობის ნებართვის გასაცემად მხოლოდ მას შემდეგ მიმართა, რაც „მთის ამბებმა“ სახელმწიფო უწყებებიდან მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტები გამოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის ნებართვა ახლაც არ არის გაცემული, ალავერდის ეპარქიამ და კომპანია „ბადაგონმა“ შენობის პირველი სართულის ძირითადი ნაწილის მშენებლობა უკვე დაასრულეს, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია კი სამართალდარღვევის ფაქტზე (უნებართვო მშენებლობა, მითუმეტეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის არეალში) რეაგირებას ამ დრომდე არ ახდენს. სასტუმროს სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ მას შემდეგ შეჩერდა, რაც „მთის ამბებმა“ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ, თელავისა და თბილისის სასამართლოებში, მშენებლობასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის გადმოცემის მოთხოვნით, მაისში დავა დაიწყო. დღეისათვის „მთის ამბები“ სამი უწყების მიმართ დავობს.

„მთის ამბები“ ამ თემაზე ჟურნალისტურ გამოძიებას ამზადებს, რომელსაც უახლოეს დღეებში გამოვაქვეყნებთ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში