საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

უკანაფშავის ათი სოფელი მე-9 დღეა გარესამყაროს არის მოწყვეტილი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:07 - 04 ივლისი 2022 hits 12031

დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის 10 სოფელი, 26 ივნისის სტიქიის შემდეგ გარესამყაროს არის მოწყვეტილი. სოფლებს შუფხოს, თხილიანას, ზარისჭალას, გოგოლაურთას და მუქოს ამ დრომდე ელექტროენერგიაც არ მიეწოდება.

ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა ფშავის არაგვმა ბარისახო-შუაფხოს გადასახვევიდან (ორწყალი) შუაფხომდე გზა რამდენიმე ადგილას წაიღო. ამ მონაკვეთის გაწმენდითი სამუშაოები ახლა მიმდინარეობს. გზა დაზიანებულია და ტრანსპორტით გავლა შეუძლებელია შუაფხოს ზემოთ, მუქომდეც, თუმცა ხოშარიდან ვაკისოფლამდე სამანქანო გზა საერთოდ აღარ არსებობს.

გზის ოთხკილომეტრიანი მონაკვეთი ისედაც პირდაპირ მდინარე არაგვის ჭალაში გადიოდა, თან ისე, რომ ზოგიერთ ადგილას, არაგვი უფრო ზემოთ იყო, ვიდრე გზა და ყოველი ადიდების დროს, ტბორავდა.

უკანაფშავის სოფლების, ხოშარის, ახადის, ვაკისოფლის, ჩალახევისა და ელიაგზის მცხოვრებლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას არაერთხელ მიმართეს უსაფრთხო გზის გაჭრის მოთხოვნით. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ხელისუფლება დაპირდათ კიდეც, მაგრამ პირობა არ შესრულდა.

ზოგიერთ სოფლამდე - ახადი, ელიაგზა, მათურა, ჭიჩო, სადაც ჯერ კიდევ ცხოვრობს ერთი ან რამდენიმე ადამიანი, გზას კი არა, მდინარეზე გადასასვლელ საფეხმავლო ხიდებს ნატრობენ.

„ჩემი მშობლები და ძმა სულ აქ ცხოვრობდნენ. მეუღლესთან ერთად, სამი წელია მეც ვაკისოფელში (ჭალადში) გადმოვედი საცხოვრებლად. ახლა ბავშვს ველოდებით და სტიქიამდე მოვასწარი, რომ მეუღლე ბარში ჩამეყვანა. მეცხრე დღეა მოწყვეტილები ვართ. მდინარემ გზა შუაფხომდეც დააზიანა, მაგრამ მუქოს შემდეგ საერთოდ აღარ არის, ქვა-ღორღით გაავსო. ელიაგზიდან აქაური კაცი იყო ორწყალთან ცხენით ჩასული, რომ პროდუქტი ამოეტანა და ბილიკიც კი საშიშია, ცხენი გადავარდა და ძლივს გადარჩა. ყოველდღე ვრეკავთ მერიაში, დუშეთის მერს, მაცაცო ნარიმანიძესაც ველაპარაკე. მერიაში ეგრე მითხრეს, ტექნიკა გვიჭირს და უკანაფშავამდე გზა ერთი თვე არ იქნებაო. ახლა ცხენებითაც ვერ გავდივართ. წყალ და წყალ უნდა იარო და დამეწყრილია თან.

გუბერნატორსაც მივწერე, მიპასუხა - ყველაფერს ეშველებაო. არადა, ერთი დიდი და გამართული ტრაქტორი უნდა, რომ ისეთი გზა მაინც გვქონდეს, როგორიც აქამდე იყო, ისევ მდინარის კალაპოტში, მოასფალტებულს ან და ბეტონისას ხომ არ ვითხოვთ.

წყალიც დაწეულია უკვე არაგვში და შეიძლება გასწორება“, - უთხრა „მთის ამბებს“ ვაკისოფლის მკვიდრმა ვაჟა ჯაბანიშვილმა.

16 ივლისიდან უკანაფშავში ხატობები იწყება. ამ დროს ფშავის ჯერ კიდევ ცოცხალ სოფლებსა და ნასოფლარებში, დღეობების აღსანიშნავად და მოსალოცად ასობით ადამიანი ადის.

26 ივნისს, სტიქიამ დააზიანა არხოტის ხეობის სოფლებთან, ახიელთან, ამღასთან და ჭიმღასთან დამაკავშირებელი ერთადერთი სამანქანო გზაც. ადიდებულმა ასის და ჭიმღის ხევებმა გზა ორ ადგილას დახრამა. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის, მაცაცო ნარიმანიძის განცხადებით, არხოტის გზის გაწმენდითი სამუშაოები 5 ივლისიდან დაიწყება. რაც შეეხება უკანაფშავის გზას, მერმა არ გვიპასუხა, როდის აღდგება გზა ვაკისოფლამდე.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის გუდანი-შატილის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან აღდგენილია მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებისთვის, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. ჟინვალი-გუდანის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია.

დეპარტამენტს ოფიციალურად ჩაკეტილი აქვს აჩხოტიდან ჯუთისკენ მიმავალი გზა. გზის 12-16 კმ მონაკვეთში ბზარებია მომატებული და ქვისცვენაა. გზების დეპარტამენტში „მთის ამბებს“ განუმარტეს, რომ გზის გაფართოების სამუშაოებს ხვალიდან დაიწყებენ და აკრძალვა რამდენიმე დღეში მოიხსნება. უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების გადასაწყვეტად კი, დამატებითი სამუშაოებია ჩასატარებელი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში