საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სად მიდის „ენერგოუსაფრთხოებისთვის“ განკუთვნილი დენი - კრიპტოვალუტის მსხვილი ფერმები ჰესებში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:26 - 05 ივნისი 2022 hits 15994
კრიპტოვალუტის ფერმა როშკის ერთ-ერთ ჰესში
ახალი ამბები
კრიპტოვალუტის ფერმა როშკის ერთ-ერთ ჰესში

„ჭრაქის შუქზე გინდათ ვიცხოვროთ? გამოქვაბულში დავბრუნდეთ?“ - ბუნების განადგურებისა და სხვა საფრთხეების ასარიდებლად, ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეებს, ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული ჯგუფები - მედიები, პიარსააგენტოები თუ ასოციაციები, უმეტეს შემთხვევაში, რუსეთის ინტერესების გამტარებლებად, საქართველოს მტრებად მოიხსენიებენ და ამით მათ დისკრედიტაციას ცდილობენ. ბევრ შემთხვევაში მიზანს აღწევენ კიდეც. მთავრობის მთავარი გზავნილია - ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი, რათა მეზობელი ქვეყნებიდან ნაკლები ელექტროენერგიის შემოტანა დაგვჭირდეს და გაზრდილი მოხმარების გამო, რამდენიმე წელში უშუქოდ არ დავრჩეთ.

საქართველოში თითქმის აღარ დარჩა ხეობა, პატარა მდინარეც კი, სადაც ბოლო წლებში ერთი ან რამდენიმე ჰიდროელექტროსადგური არ აშენდა ან მშენებლობა არ არის დაგეგმილი.

ბოლო პერიოდში აშენებული არაერთი ჰესი იმაზე ბევრად ნაკლებ ელექტროენერგიას აწვდის ქსელს, ვიდრე პროექტებით იყო გათვალისწინებული.

  • ლარსი ჰესის საპროექტო გამომუშავება წელიწადში 98 მლნ.კვტ.სთ უნდა ყოფილიყო, 2020 წელს მხოლოდ 73.7 მლნ.კვტ.სთ გამოიმუშავა, 2021 წელს 74.7;
  • მესტიაჭალა 1 და მესტიაჭალა 2 ჰესების საპროექტო გამომუშავება 171 მლნ.კვტ.სთ უნდა ყოფილიყო, 2020 წელს 91.6 მლნ. კვტ.სთ გამოიმუშავა, 2021 წელს 103.6;
  • კირნათი ჰესს 226 მლნ.კვტ.სთ უნდა გამოემუშავებინა, 2020 წელს 80.9 მლნ.კვტ.სთ გამოიმუშავა, 2021 წელს კიდევ უფრო ცოტა, მხოლოდ 78.1;
  • ფარავანი ჰესის საპროექტო გამომუშავება წლიურად 450.75 მლნ.კვტ.სთ უნდა ყოფილიყო, 2020 წელს 314.2 მლნ.კვტ.სთ გამოიმუშავა, 2021 წელს 337.8;
  • შუახევი ჰესს 451 მლნ.კვტ.სთ უნდა გამოემუშავებინა. 2020 წელს მხოლოდ 258.4 მლნ.კვტ.სთ გამოიმუშავა, 2021 წელს 274.2;
  • ხელვაჩაური 1 ჰესს 230 მლნ.კვტ.სთ უნდა გამოემუშავებინა, 2020 წელს მხოლოდ 163.4 გამოიმუშავა, 2021 წელს 163.7;

„მთის ამბები“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან (ენერგეტიკის სამინისტრო 2018 წლიდან შეუერთდა) მეოთხე თვეა ითხოვს საჯარო ინფორმაციას, რატომ ჩამორჩება 20, 30 და 40 %-თაც კი ჰესების ფაქტობრივი გენერაცია თავდაპირველად პროექტით გათვალისწინებულს. 2017-2022 წლებში, აღნიშნული ჰესების გამომუშავების რესურსების დასაზუსტებლად, განხორციელდა თუ არა რაიმე სახით ინსპექტირება/შემოწმება; ასეთ შემთხვევაში, როდის და რომელი ჰესები შემოწმდა, რა გამოვლინდა შემოწმების შედეგად; სამინისტრომ „მთის ამბებს“ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია არც ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდეგ მოაწოდა, რის გამოც სასამართლოს მივმართეთ.

ჟურნალისტური ძიების შედეგად, ჰიდროელექტროსადგურებში კრიპტოვალუტის მსხვილი ფერმები აღმოვაჩინეთ. რეპორტაჟში ამჯერად როშკის ჰესების კასკადის შესახებ გიამბობთ.

როშკისწყლის ხეობა ხევსურეთშია, დუშეთის მუნიციპალიტეტში. ხეობის ნახევარი, დაახლოებით 4 კილომეტრი გადათხრილია, ტყის ნაწილი განადგურებული - ხევსურეთის არაგვისა და როშკისწყლის შესართავიდან სოფელ როშკამდე, მდინარეს, ჰესების მშენებლობისთვის ახალგაჭრილი, რთული სამანქანო გზა მიუყვება. ხეობაში 3 ჰესია - პირველი ბარისახო-კორშა-შატილის გზის პირას, გადასახვევთან, მეორე და მესამე შუა ხეობაში. მდინარის პირას გაჭრილ გზაზე, შესასვლელიდან დაახლოებით 200 მეტრში რკინის კარია, ბოქლომი ადევს. 2022 წელს, ზაფხულში, ამ გზაზე კლდის მასის ჩამოშლას ჰესის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

მცირე ჰესების მშენებლობას როშკის მცხოვრებლები იმ იმედით დასთანხმდნენ, რომ უშუქობის პრობლემა მოუგვარდებოდათ. ხეობაში სამი ჰესის აშენების მიუხედავად, როშკას ელექტროენერგია აქედან არ მიეწოდება. „ენერგო პრო ჯორჯიამ“ სოფელთან დამაკავშირებელი ქსელი ააგო, თუმცა დიდთოვლობის გამო როშკიონები წელს გარკვეული პერიოდი მაინც უშუქოდ იყვნენ დარჩენილები.

 „პარვუს ჯგუფი“

როშკისწყლის ხეობაში აშენებული მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურები შპს „პარვუს ჯგუფს“ ეკუთვნის. კომპანია 2019 წლის 14 მაისს არის რეგისტრირებული. წილის 50 – 50 %-ს სულხან ზუმბურიძე და მამუკა პაპუაშვილი ინაწილებენ.

სულხან ზუმბურიძე 2007 წლიდან 2019 წლამდე სააქციო საზოგადოება - საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) მრჩეველთა საბჭოს უცვლელი თავმჯდომარე და საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელე იყო - მაგალითად, 2017 წელს, მისი ხელფასი 341 700 ლარს შეადგენდა (თვეში 28 475 ლარი). შედარებისთვის, იმ პერიოდში საქართველოს პრეზიდენტის წლიური ხელფასი 82 800 ლარი იყო, პარლამენტის თავმჯდომარის 80 000, პრემიერ-მინისტრის შრომის ანაზღაურება კი 51 000 ლარი. ზუმბურიძემ საზოგადოებას თავი საჯარო სექტორში „რეკორდული“ ხელფასით დაამახსოვრა. ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, მისი წლიური ანაზღაურება 2016 წელს 326 603 ლარს შეადგენდა, 2015 წელს - 335 656 ლარს, 2014 წელს - 263 374 ლარს, 2013 წელს კი 218 329 ლარი იყო. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის თანახმად, ზუმბურიძის მმართველობის პერიოდში კომპანიამ 76 მილიონი ლარით იზარალა. „სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ერთადერთი ოპერატორია საქართველოში. კომპანია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 3 550 კმ. სიგრძის ელექტროგადამცემ ხაზებსა და 93 ქვესადგურს.

„სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო მამუკა პაპუაშვილიც.

ზუმბურიძისა და პაპუაშვილის ახალდაფუძნებულმა კომპანია „პარვუს ჯგუფმა“, დაფუძნებიდან ერთ თვეში, სახელმწიფოსგან სამმილიონიანი შეკვეთა მიიღო - ხევსურეთის სოფელ შატილში მოსახლეობისთვის 200 კვ. ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად. 2020 წლის აგვისტოში, სახელმწიფო ორგანიზაციამ ა(ა)იპ „ოუფენ ნეტმა“ შპს „პარვუს ჯგუფთან“ 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა ოზურგეთში ინტერნეტის ქსელის მშენებლობაზე.

„პარვუს ჯგუფმა“ 2019-2021 წლებში რამდენიმე კომპანია დააფუძნა - „პარვუს ენერჯი“, „პარვუს ჰიდრო“, „პარვუს ქონსთრაქშენი“, „პარვუს ქონსალთინგი“, „პარვუს სელარი“, „პარვუს სერვისი“, „პარვუს ნეტი“ და სხვა.

„პარვუს ჯგუფმა“ როშკისწყლის ხეობაში სამი მცირე ჰესის მშენებლობა 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო და როშკის მცხოვრებლების თქმით, იმავე წლის ზაფხულში დაასრულა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, „“როშკა 2 ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 1.99 მგვტ-ია, „როშკა 3 ჰესის“ 1 მგვტ.

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის თანახმად, 2 მგვტ.-მდე სიმძლავრის მქონე ჰიდროელექტროსადგურები გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პროცედურისგან გათავისუფლებულია. ამიტომაც, როშკისწყლის ხეობაში ჰესების მშენებლობის შესახებ ინფორმაცია არც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე იძებნება.

ესკო-ს მონაცემებით, „როშკა 2 ჰესი“ და „როშკა 3 ჰესი“ სახელმწიფო ელექტროსისტემას ელექტროენერგიას 2021 წლის აგვისტოდან აწვდის. 2021 წლის 5 თვეში „როშკა 2 ჰესმა“ ქსელს 1.8 მლნ.კვტსთ მიაწოდა, „როშკა 3 ჰესმა“ კი 0.8 მლნ.კვტსთ. 2022 წლის პირველ ოთხ თვეში, „როშკა 2 ჰესმა“ ქსელს 1.4 მლნ.კვტსთ მიაწოდა, „როშკა 3 ჰესმა“ 0.8 მლნ.კვტსთ. როშკისწყლის ხეობაში, მესამე ჰესის მიერ, ელექტროენერგიის გამომუშავების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

„მთის ამბები“ „პარვუს ჯგუფის“ ერთ-ერთ მენეჯერს და იურისტს ესაუბრა. მათგან ამ დროისთვის ვერ მივიღეთ პასუხი კითხვებზე - როდის და ვის მიერ არის როშკისწყლის ხეობაში ჰესების მშენებლობაზე შესაბამისი ნებართვები გაცემული; რა არის თითოეული ჰესის დადგმული სიმძლავრე და რამდენია მლნ. კვტსთ-ია საპროექტო გამომუშავება; შეესაბამება თუ არა ხელშეკრულების პირობებს ის, რომ „პარვუს ჯგუფს“ ჰიდროელექტროსადგურის შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე კრიპტოვალუტის მსხვილი ფერმები აქვს მოწყობილი; რა სარგებელს იღებს სახელმწიფო „პარვუს ჯგუფის“ კრიპტობიზნესის სანაცვლოდ.

ზუმბურიძე-პაპუაშვილის კომპანიას კრიპტომაინინგის აპარატურა ზედ მდინარეზე და მის პირას აქვს მოწყობილი, რადგან აპარატურას გაგრილება სჭირდება.

დღის ბოლოს, ჩვენ, ტელეფონით სულხან ზუმბურიძესთან დაკავშირებაც მოვახერხეთ. რეპორტაჟში წარმოდგენილი ფოტო და ვიდეომასალის მიუხედავად, მან როშკის ჰესებში კრიპტოვალუტის მსხვილი ფერმების არსებობაც კი უარყო.

სულხან ზუმბურიძე - „მე არ ვიცი დგას თუ არა იქ ასეთი ფერმები. გამომიგზავნეთ თქვენი კითხვები, დავფიქრდები და გიპასუხებთ“.

- ბატონო სულხან, კრიპტოვალუტის ასეთი მსხვილი ფერმების მუშაობა დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოითხოვს. თქვენს კომპანიას როშკისწყლის ხეობაში ჰესების მშენებლობის სანაცვლოდ, ნაკისრი აქვს ვალდებულება, რომ გამომუშავებულ ელექტროენერგიას ქსელს მიაწვდიდით. არ არღვევთ ამ ვალდებულებას?

რატომ მაწვებით? მე არ გიდასტურებთ იქ კრიპტოვალუტის ფერმების არსებობას“.

სატელეფონო კომუნიკაციის დროს „პარვუს ჯგუფის“ წარმომადგენლებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ ინფორმაციის გადაუმოწმებლად გავრცელების შემთხვევაში, გვიჩივლებენ. „მთის ამბებმა“ ამ ეტაპზე ყველა შესაძლებლობა გამოიყენა, მაქსიმალურად დაზუსტებული ინფორმაციის მიღებისა და გავრცელებისთვის.

„პარვუს ჯგუფი“ დუშეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთ ჰესს აშენებს, მდინარე ოხერხევის ხეობაში. სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. მშენებლობის ადგილას არ არის განთავსებული კანონმდებლობით სავალდებულო საინფორმაციო დაფა, სადაც მითითებული უნდა იყოს: მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს დასახელება და მისამართი, ნებართვის ნომერი და მოქმედების ვადა, მშენებლობის დაწყებისა და დამთავრების ვადები; ობიექტის ფუნქცია, არქიტექტურული იერსახე და ა.შ.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ „მთის ამბებს“ უთხრა, რომ მერად მისი არჩევის შემდეგ (2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნები), დუშეთის მერიას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცირე ზომის ჰესების მშენებლობაზე არცერთი ნებართვა არ გაუცია.

„მთის ამბები“ აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას.

საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების 10 წლიანი გეგმა (2021-2031) მცირე, საშუალო და დიდი, 123 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში