საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

104 ათასი ჰექტარი ტყე რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში, 49 წლით, სანქცირებული რუსი ოლიგარქის პარტნიორს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:24 - 22 აპრილი 2022 hits 80067

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად, საქართველოს ხელისუფლებამ ინვესტორს ერთი თვის წინ გადასცა. „მთის ამბები“ ინვესტორის ვინაობის გარკვევას იმ დღიდან ცდილობს და მხოლოდ მას შემდეგ მოვახერხეთ, რაც საჩივრით ჯერ მინისტრს, ხოლო შემდეგ სასამართლოს მივმართეთ. მანამდე, გარემოს დაცვის სამინისტრო და მისივე უწყება - გარემოს ეროვნული სააგენტო, ამ ინფორმაციას საგანგებოდ მალავდნენ. სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემული ტყის ფონდი, ერთად - ლაგოდეხის, ვაშლოვანის, ჯავახეთის, ერუშეთის ეროვნულ პარკებზე ბევრად დიდია. ინვესტორი, უმსხვილესი რუსული კორპორაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორი და მეგობარი აღმოჩნდა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში კომპანია მხარს უჭერდა ყირიმის ანექსიას. სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემული ტერიტორია რუსეთის ფედერაციას და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება.

რეპორტაჟი ინგლისურ ენაზე: 104 thousand hectares of forest in Racha-Lechkhumi-Svaneti, for 49 years, to a partner of the sanctioned Russian oligarch

ლიცენზიის პირობები

სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია 1 151 832 ლარად გაიყიდა. აუქციონში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა და გამარჯვებულიც ის გახდა - შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“.

აუქციონის პირობების თანახმად, ინვესტორმა, ლიცენზიის მიღებიდან 5 წლის განმავლობაში, 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. რეგიონში უნდა დააბრუნოს და გაამრავლოს კეთილშობილი ირემი და კავკასიური დომბა (ევროპული ბიზონი). სალიცენზიო ფართობზე უნდა მოეწყოს ტურისტული ინფრასტრუქტურა სამოყვარულო და სპორტული ნადირობის, შემეცნებითი, რეკრეაციული, სათავგადასავლო და ეკოტურიზმის განვითარების მიზნით. სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე, ადგილობრივ მოსახლეობას კვლავაც უნდა შეეძლოს კანონით დაშვებულ გადამფრენ სახეობებზე ნადირობა. ამისთვის, ლიცენზიის მფლობელმა სპეციალური, საზოგადოებრივი სავარგულები უნდა გამოყოს. ერთ-ერთი აუცილებელი პირობა, მეურნეობაში ადგილობრივი მცხოვრებლების დასაქმებაა. მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიის მოქმედების 49 წლის განმავლობაში, უზრუნველყოს, რომ სამონადირეო მეურნეობაში დასაქმებული პერსონალის 80 % ადგილობრივი მოსახლეობა იყოს. სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით სარგებლობისას, მფლობელმა ხელი არ უნდა შეუშალოს არსებულ, გაცემულ ან მომავალში გასაცემ, სოჭის გირჩის, თეთრყვავილას ბოლქვების, ყოჩივარდას გორგილებით სარგებლობის ლიცენზიების, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების არსებული და მომავალში გასაცემი ლიცენზიების მფლობელების საქმიანობას; ენერგეტიკული ობიექტების ფუნქციონირებასა და განვითარებას, ახალი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას და ობიექტების მშენებლობას.

სალიცენზიო ფართობი მოიცავს საქართველოს „ზურმუხტის ქსელში“ შემავალ ტერიტორიებსაც. „ზურმუხტის ქსელი“ ევროპის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას ემსახურება. მისი ჩამოყალიბება ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის, „ბერნის კონვენციის“ აუცილებელი მოთხოვნაა და საქართველო მას 2009 წელს შეუერთდა. „ზურმუხტის ქსელის“ ტერიტორიები არ არის კლასიკური დაცული  ტერიტორიები, სადაც ცხოველთა და მცენარეთა სახეობების მოპოვება (მათ შორის, ნადირობა) და სხვა საქმიანობები დაცული ტერიტორიის კატეგორიის მიხედვით სტანდარტულად რეგულირდება ან საერთოდ იკრძალება.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ მხოლოდ ლიცენზიის გაცემის შემდეგ დაავალა, რომ საქმიანობის დაწყებამდე, შეთანხმებისთვის, სააგენტოს წარუდგინოს ანგარიში, რა ზეგავლენას მოახდენს სამონადირეო მეურნეობა „ზურმუხტის ქსელზე“.

 

უარი რაჭის ეროვნულ პარკზე სამონადირეო მეურნეობის სანაცვლოდ?

„მწვანე ალტერნატივის“ ბიომრავალფეროვნების პროგრამის დირექტორის ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, ჰაბიტატების დირექტივის მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები (ევროკავშირის ბუნების დაცვის კანონმდებლობა), ამგვარი შეფასების გაკეთებას სახელმწიფოს ლიცენზიის გაცემამდე ავალდებულებს. საქართველომ დირექტივით დადგენილი მოთხოვნების დაცვის ვალდებულება 2014 წელს აიღო, როდესაც ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას.

„ასეთ დარღვევას, მხოლოდ ამ კონკრეტული ლიცენზიის გაცემისას არ ვხვდებით. მაგალითად, შქმერშიც ჯერ მანგანუმის მოპოვების ლიცენზია გასცეს, აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტი დაამტკიცეს და მერე დაავალეს საქმიანობის განმახორციელებელს, ზურმუხტის ქსელზე ზეგავლენის ანგარიშის მომზადება“, - ირაკლი მაჭარაშვილის  თქმით, ასეთი დარღვევა, შესაძლოა, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, ბერნის კონვენციის სამდივნოში საჩივრის შეტანის საფუძველიც გახდეს.

მისივე შეფასებით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული საზოგადოება საერთოდ არ მონაწილეობს: „მოქმედი ტყის კოდექსით, სამონადირეო ლიცენზიის გაცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ხდება. ვიღაც მიმართავს განცხადებით, უწყებებს შიგნით განიხილავენ, რის შემდეგაც იღებენ გადაწყვეტილებას, რომ აუქციონზე გაიტანონ. ადგილობრივი მცხოვრებლები, გარემოსდაცვითი ორგანიზაციები, საერთოდ ვერ იგებენ, რომ ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობს. ვიგებთ მხოლოდ მაშინ, როცა გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და აუქციონს ატარებენ. ისეთი ტყის კოდექსი გვაქვს, საქმის ჩაწყობას კანონის დარღვევა აღარ სჭირდება“.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ არ მოგვაწოდა სამონადირეო მეურნეობის საზღვრების კოორდინატები. ერთადერთი ფოტო, რომელიც აუქციონის განცხადებას ერთვის და სადაც მწვანედაა მონიშნული სალიცენზიო ტერიტორია, google earth-ის რუკას შევადარეთ. მაქსიმალური მიახლოებით, გავარკვიეთ, რომ

შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკასთვის“ გადაცემული 104 712 ჰექტარი ტყიდან დიდი ნაწილი საქართველო-რუსეთის საზღვართან ძალიან ახლოსაა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსაც ესაზღვრება.

სალიცენზიო ტერიტორია იმ ადგილებსაც მოიცავს, რომელიც რაჭის ეროვნული პარკის შექმნის შემთხვევაში, დაცული ტერიტორია უნდა ყოფილიყო.

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ფოტო, რომელზეც სამონადირეო მეურნეობის ტერიტორია მწვანედაა მონიშნული

რაჭაში ეროვნული პარკის დაარსებაზე მუშაობა 20-25 წლის წინ დაიწყო. ბოლოს, 2019 წელს, პარლამენტში წარადგინეს რაჭის ეროვნული პარკის შესახებ კანონპროექტი, მაგრამ დაიბლოკა.

„ჯერ კიდევ 2005 წელს, საქართველოს მთავრობამ ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა დაამტკიცა, სადაც ერთ-ერთი პუნქტი, ცენტრალურ კავკასიონზე დაცული ტერიტორიის შექმნა იყო. მთავრობის დადგენილების ეს ნაწილი დღემდე შეუსრულებელია. 2006 წელს, რაჭაში პრეზიდენტი სააკაშვილი ჩავიდა და მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მომდევნო წელს იქ ეროვნული პარკი იქნებოდა. 2019 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 4 იანვრის N2-4 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. დოკუმენტის თანახმად, რაჭის ეროვნული პარკი 2019 წლის ბოლომდე უნდა დაარსებულიყო.

ყველა დროს არსებობდა სხვადასხვა ფინანსური ჯგუფი, რომელსაც რაჭა არ ემეტებოდა დაცული ტერიტორიებისთვის. თუ 1990-2000-იან წლებში რაჭას განიხილავდნენ ხე-ტყის ჭრის მთავარ საბადოდ, ახლა სხვა ინტერესები წამოვიდა წინა პლანზე - წიაღის, ძვირფასი ლითონების მოპოვება და ჰესების მშენებლობა.

ამ ყველაფრის შემდეგ ვიღაც პირს, უფრო მეტი ავტორიტეტი და გავლენა აღმოაჩნდა, ვიდრე პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს ან მინისტრს და მისცეს სამონადირეო ლიცენზია“, - ამ თემაზე ირაკლი მაჭარაშვილს ბევრი კითხვა აქვს: უარი ვთქვით რაჭის ეროვნულ პარკზე? საიდან და როგორ აპირებს კერძო კომპანია კეთილშობილი ირმისა და გადაშენებული დომბის შეყვანას და გამრავლებას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში? (საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს, მაგალითად, ლაგოდეხში ირმების დაჭერას და სხვა რეგიონში გაშვებას).

ამ კითხვებზე პასუხის მოსმენა შესაძლებელი იყო, თუ სამინისტრო და მისი უწყებები გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებას ჩართავდნენ, მაგრამ გარემოს ეროვნული სააგენტო იმასაც კი არ ასრულებს, რასაც კანონმდებლობა პირდაპირ ავალებს: სააგენტომ ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია - ადმინისტრაციული წარმოების მასალები „მწვანე ალტერნატივას“ საერთოდ არ მიაწოდა.

„რამდენიმე წელში ნახავთ, როგორ განვითარდება ეს რეგიონები, რომლებიც დღეს მივიწყებულია. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას“, - გვეუბნება ლიცენზიის მფლობელი კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი რევაზ მაისურაძე.

მეზობელ აზერბაიჯანში დომბის დაბრუნებისა და გამრავლების პროცესი, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ორგანიზებით და ქვეყნის პრეზიდენტის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

დომბა წყვილჩლიქოსანი ცხოველია. წარსულში ფართოდ იყო გავრცელებული ევროპასა და ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში. საქართველოში გვხვდებოდა ბზიფის ხეობიდან თერგის სათავემდე. ამ ადგილებში უკანასკნელი კავკასიური დომბები 1919-1927 წლებში გაწყვიტეს, მხოლოდ ზოგიერთი ქვეყნის ზოოპარკში გადარჩა.

 

შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“

შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“ 2019 წლის 9 სექტემბერს არის რეგისტრირებული. კომპანიის ამჟამინდელი დირექტორი კახა ამისულაშვილია. 2020 წლის მაისიდან აგვისტოს ჩათვლით, კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი იყო ონის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ემზარ საბანაძე. შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ წილის 100 %-ის მესაკუთრეა შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯია“, რომელიც საქართველოში 2017 წლის 15 მარტს არის რეგისტრირებული. ამ კომპანიას ორი დირექტორი ჰყავს - კახა ამისულაშვილი და რევაზ მაისურაძე, წილს კი მთლიანად ფლობს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებული „Global Victory Investments Limited“. 2018 წლის 26 აპრილს, დუბაიში გაცემული და ნოტარულად დამოწმებული მინდობილობიდან გამოვარკვიეთ, რომ „Global Victory Investments Limited“-ის მესაკუთრეები დავით ხიდაშელი და მისი შვილი, მარიამ ხიდაშელი არიან.

 

ხიდაშელი და მისი რუსული კავშირები

დავით ხიდაშელი სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მწარმოებელი ბერძნული კომპანია INTRACOM S.A. TELECOM SOLUTIONS-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. INTRACOM-ი სხვადასხვა სახეობის რადიო მოწყობილობებს ყიდის, მათ შორის, ტელეკომ მიმღებებს, სერვერებს, 4G გადამცემებს და სხვა.

INTRACOM-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის მიხედვით, დავით ხიდაშელი 1965 წელს თბილისში დაიბადა. 1989 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის პროფესიით და გაიარა კურსები მოსკოვში, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.

1988-1993 წლებში, ხიდაშელი ბულგარეთში მუშაობდა რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში პრავეცის კორპორაციის (კომპიუტერული ტექნოლოგიები) წარმომადგენლობის აღმასრულებელ დირექტორად. 1993-1998 წლებში ეკავა საგზაო და სატრანსპორტო საერთაშორისო ორგანიზაციის (IRTO) გენერალური ასამბლეის თავმჯდომარის თანამდებობა, შვეიცარიაში. 1998-99 წლებში იყო Castel Group-ის მთავარი წარმომადგენელი დსთ-ის ქვეყნებში, 2000 წლიდან კვლავ შვეიცარიაში მუშაობდა და იყო პლანეტარული მონიტორინგისა და მიწისძვრის რისკის შემცირების მსოფლიო სააგენტოს (WAPMERR) პროგრამების საკოორდინაციო საბჭოს წევრი, აღმასრულებელი დირექტორი. 2004-დან 2009 წლამდე იყო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტი მოსკოვში. 2007 წელს დავით ხიდაშელი შეუერთდა უმსხვილეს რუსულ კორპორაცია „SISTEMA“-ს და 2014 წლამდე იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას - იყო აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და ინოვაციების დირექტორი.

INTRACOM TELECOM-ის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, 2006 წლის ივნისში, INTRACOM TELECOM-ის 51 %-იანი წილი შეიძინა სააქციო საზოგადოება SITRONICS-მა, რომელიც სააქციო საფინანსო კორპორაცია SISTEMA-ს ტექნოლოგიური განყოფილება იყო. SITRONICS-მა 2012 წლის აპრილში თავისი აქციების 3 % გადასცა RYDRA TRADING COMPANY-ის, რის შედეგადაც INTRACOM TELECOM-ის აქციების 48 % დარჩა. 2014 წელს დეკემბერში SITRONICS-მა თავისი აქციების 48 % INTRACOM MIDDLE EAST-ს გადასცა. ამჟამად ეს კომპანია ფლობს INTRACOM TELECOM წილების 100 %-ს. SITRONICS კი დღემდე შედის SISTEMA-ს ჯგუფში.

„SISTEMA“ მსხვილი რუსული კონგლომერატია. ჰოლდინგში შედის MTS-ის (მობილური ტელესისტემების რუსული კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სატელეკომუნიკაციო, ციფრულ და მედიის სერვისებს რუსეთში, სომხეთსა და ბელარუსში) საკონტროლო პაკეტი, კლინიკების ქსელი „MEDS“, ხე-ტყის საწარმო Segezha Group, ფარმაცევტული კომპანია Binnopharm და ონლაინ მაღაზია OZON-ის 33 %.

კომპანიის აქციები იყიდებოდა როგორც მოსკოვის, ისე ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ვიდრე მის მფლობელსა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, ვლადიმირ ევტუშენკოვს დიდი ბრიტანეთი სანქციებს დაუწესებდა. ევტუშენკოვისთვის დაწესებული სანქცია გულისხმობს მისთვის დიდ ბრიტანეთში შესვლის აკრძალვასა და ქონების გაყინვას. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები ეხება მათ, ვინც ემხრობა რუსეთის მხარდაჭერით უკრაინის რეგიონების გამოცალკევებას. სანქცირებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა, რუსეთის მიერ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის ბარბაროსული დახოცვის შემდეგ.

რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქციის ინფორმაციით (გამოქვეყნებულია 16 მარტს), ევტუშენკოვის სააქციო საზოგადოება „რადიოტექნიკური და საინფორმაციო სისტემები“ ამარაგებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვორონეჟის სტაციონარულ სარადარო სადგურებს, რომლებიც შექმნილია ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების და სხვა აეროდინამიკური ობიექტების აღმოსაჩენად და მხარდასაჭერად. 2021 წელს კომპანია „კრონშტადტმა“, რომელიც „სისტემის“ ნაწილია, სამხედრო დრონების მასობრივი წარმოება დაიწყო. ასევე, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ სწორედ „სისტემის“ დახმარებით, რუსეთის საზღვრებთან განათავსა სარადარო სადგურების მთელი სისტემა „კონტეინერი“, რომელსაც შორ მანძილზე საჰაერო სამიზნეების აღმოჩენა შეუძლია. 

ცნობილია, რომ ევტუშენკოვი 2016 წლის 26 ოქტომბერს, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ქალაქ იალტაში გამართულ ფორუმშიც მონაწილეობდა, სადაც ვლადიმერ პუტინისგან მიიღო დავალება, სევასტოპოლსა და ყირიმის რესპუბლიკაში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრები აეშენებინა.

საყურადღებოა, რომ 2015 წელს SISTEMA-ს მეწილეთა ყოველწლიური შეხვედრის დოკუმენტის თანახმად, დირექტორთა საბჭომ კომპანიის მენეჯერთა საბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცა, რომელშიც საქართველოში ანტიდასავლური და ძალადობრივი ჯგუფების ლიდერი, პრორუსი პოლიტიკოსი ლევან ვასაძეც შედიოდა. მის პოზიციად ინვესტიციების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტია მითითებული.

 

 „კარტოგრაფების საქმე“ და ხიდაშელის „წვლილი“

დავით ხიდაშელი მთავარი ფიგურანტია ე.წ. „კარტოგრაფების საქმეში“. 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულები საზღვრის შეთანხმებისას არ დაეყრდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკას, რის გამოც საქართველოს ისტორიული ტერიტორიების, კერძოდ, დავით გარეჯის დაკარგვის საფრთხე დადგა: „დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ბრალდებულებმა განზრახ, მიღებული დავალების შესაბამისად, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, დავით გარეჯის მიმდებარედ საზღვრის მონაკვეთი შეათანხმეს უდაბნოს მთის თხემზე, როცა საქართველოს თავდაპირველი პოზიცია საზღვრის გატარებას უდაბნოს მთის ძირში გულისხმობდა, რის შედეგადაც თითქმის ყველა ისტორიული ძეგლი ექცეოდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში“. პროკურატურამ ამ საქმეზე გამოძიება 17 აგვისტოს დაიწყო.

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, 1:200 000-ანი მასშტაბის რუკის 4 ეგზემპლარი, 2020 წელს, საქართველოში, რუსეთიდან, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა და თავდაცვის სამინისტროს გადასცა. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი პროკურატურას მიმართა და გამოძიება დაიწყო.

დავით ხიდაშელმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში თქვა, რომ რუკის მოძიება მას ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა, მან კი დახმარებისთვის „როსრეესტრს“ მიმართა.

სინამდვილეში, ეს რუკები 2000-იანი წლების დასაწყისში ნატალია ილიჩოვამ მოიპოვა და სახელმწიფო სტრუქტურებს მიაწოდა, თუმცა საზღვრის შეთანხმებისას არ გამოიყენეს იმის გამო, რომ ექსპერტებმა კარტოგრაფიული კუთხით გამოუსადეგარად მიიჩნიეს და რაც მთავარია, ამ რუკების მიხედვით, დავით გარეჯის კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი - ბერთუბანი აზერბაიჯანის მხარეს ექცეოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დაკავებული მელაშვილი და ილიჩოვა მაინც სახელმწიფოს ღალატში დაადანაშაულა და თქვა, რომ ისინი მხოლოდ შემსრულებლები იყვნენ: „კარტოგრაფების საქმე კი არა, ეს არის სახელმწიფოს ღალატის საქმე. ვის წარმოუდგენია, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც მეზობელ ქვეყანასთან ტერიტორიების დემარკაცია-დელიმიტაციაა, უამღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის გარეშე განხორციელდა. როდესაც პარტია არის ბრალდებული სახელმწიფო ღალატში თუ ტერიტორიების გადაცემაში სხვა, მესამე, უცხო ქვეყნისთვის, ეს უნდა იყოს, არის და იქნება საფუძველი იმისა, რომ ეს ორგანიზაცია, როგორც პოლიტიკური პარტია გაუქმდეს და ყველა ის დამნაშავე, ვინც ქვეყნისა და ხალხის წინაშე ეს ანტიეროვნული დანაშაული ჩაიდინა, პასუხისგებაში იქნას მიცემული და უმკაცრესად დაისაჯოს“.

მელაშვილმა და ილიჩოვამ ბრალი არ აღიარეს. 10-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებდა, შეეწყვიტა წინასაარჩევნოდ მოსახლეობისთვის სენსიტიური თემებით მანიპულირება და შეესწავლა საქართველოს შიდა საქმეებში რუსეთის სპეცსამსახურებისაგან ჩარევის რისკები, ასევე, გამოძიებაში რუსეთთან დაკავშირებული პირების ჩართულობის საკითხი.

საყურადღებოა, რომ პროკურატურის გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა, პრორუსული პარტიის, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, დეპუტატ ირმა ინაშვილის მიერ, 11 ივნისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთებული განცხადება, რითაც ის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობაზე გამოძიების დაწყებას ითხოვდა.

მელაშვილი და ილიჩოვა წინასწარი პატიმრობიდან ოთხი თვის შემდეგ, 20-20 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ, მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც საპარლამენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურიც დასრულდა და „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა მოიპოვა. სისხლის სამართლის საქმის განხილვა სასამართლოში ახლაც გრძელდება.

2021 წლის იანვარში, „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით, დავით ხიდაშელს მადლობა გადაუხადა:

„არ შემიძლია, მადლობა არ ვუთხრა დავით ხიდაშელს. მე ვიცი, როგორ მოიპოვა მან რუკები სხვადასხვა ქვეყნიდან. საკუთარი კაპიტალი საკმაოდ ბევრი დახარჯა და ამის გარდა ქვეყნისთვის საკმაოდ ბევრს აკეთებს. თუ ვინმეს აქვს განცდა, რომ მე რამე განსაკუთრებული გავაკეთე, ეს კაცი ჩემზე არანაკლები ქველმოქმედია, არანაკლები დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე. რაც მან ქვეყანას გაუკეთა, მიმაჩნია, რომ არის ჭეშმარიტი გმირობა. ჩვენს მეზობელთან კამათსაც გადაგვარჩინა და სირცხვილსაც, რომ ჩვენი კულტურის ძეგლი ლამის შუაზე იჭრებოდა. ეს გააკეთა გულწრფელად, თავისი გონებით, შემართებით, თავისი რესურსებით. ჩემი აზრით, ის არის ჭეშმარიტი გმირი და ნამდვილი პატრიოტი. მივიჩნევ, რომ ვალი მიმყვება ამ კაცის“.

 

ხიდაშელის ქონება საქართველოში და შეუსრულებელი ვალდებულებები

დავით ხიდაშელის კომპანიამ, შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯიამ“ 2018 წლის ივნისში, აუქციონზე 3 760 000 ლარად იყიდა ქალაქ გურჯაანში მდებარე კურორტი ახტალა, რომლის ფართობიც 16 ჰექტარია. ახტალა საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია, სადაც ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს მკურნალობენ. კურორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ. სამკურნალო ტალახისა და მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოსაპოვებლად, 2045 წლამდე გაცემული ლიცენზიებიც, ინვესტორს გადაეცა.

შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯია“ ვალდებული იყო, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 თვის ვადაში (2022 წლის აგვისტოს ჩათვლით), კურორტ ახტალაზე არანაკლებ 120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსი აეშენებინა, ღია და დახურული ტიპის საცურაო აუზებით, რესტორნებით, სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრებით. ინვესტორს კონტრაქტით ევალებოდა ეზოს გამწვანება, არანაკლებ 50 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომის შექმნა, კომპლექსის ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება. შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯიას“ სულ მცირე 12 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, ფუნქციონირების დაწყებიდან ერთ თვეში კი, ამავე კომპლექსში, არანაკლებ 50 ადამიანი დაესაქმებინა, სულ მცირე, 2 წლით.

დავით ხიდაშელის კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებებიდან არაფერი შეასრულა, გარდა იმისა, რომ კურორტის ტერიტორიაზე ორი ავარიული შენობა დაანგრიეს, ნანგრევები გაიტანეს და ახტალაზე დარჩენილი ერთადერთი საცხოვრებელი კორპუსისთვის წყალი რომ მიეწოდებინათ, რამდენიმე ტონიანი ავზი დაამონტაჟეს.

გასული წლის ზაფხულში, კომპანიამ კორონავირუსის პანდემიაზე მითითებით, საქართველოს მთავრობას მიმართა და დაკისრებული საინვესტიციო ვალდებულებების შესასრულებლად ვადის გახანგრძლივება ითხოვა, 2024 წლის გაზაფხულამდე. მთავრობამ მოთხოვნა დააკმაყოფილა. „გლობალ ვიქთორი ჯეორჯიას“ ერთ-ერთმა დირექტორმა რევაზ მაისურაძემ „მთის ამბებს“ უთხრა, რომ ისინი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობასა და მართვაზე მოლაპარაკებას აწარმოებდნენ ერთ-ერთ ფრანგულ კომპანიასთან, პანდემიის გამო კი შეფერხდა ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლა: „ამიტომ, კომპანია შევცვალეთ და პროექტიც ახლიდან გავაკეთეთ. 8 სართულიანი სასტუმრო იქნება, 150 ნომრით. ყველა დოკუმენტი მზად გვაქვს და 2024 წლის გაზაფხულამდე ყველაფერს გავაკეთებთ“.

ასეთი სასტუმრო კომპლექსი უნდა აეშენებინა დავით ხიდაშელის კომპანიას კურორტ ახტალაზე 2022 წლის აგვისტოს ჩათვლით

დავით ხიდაშელის კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“ სამონადირეო მეურნეობის კიდევ ერთი ლიცენზიის მფლობელია. სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად, საჩხერის მუნიციპალიტეტში 8316 ჰექტარი ტყე, 2020 წელს გადაეცა. აღმოსავლეთით ესაზღვრება სოფელ ჭალის სატყეოს ტერიტორია, დასავლეთით სოფელ ცხომარეთის, ჩრდილოეთით ონის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით - სოფელ სხვიტორის საკოლმეურნეო ტყის ტერიტორია. ახლოსაა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სოფლებთან, ხახიეთთან და სინაგურთან.

2022 წლის მარტში, დავით ხიდაშელის კომპანიამ საწყის ღირებულებაზე ათჯერ ნაკლებ ფასად იყიდა თბილისის ცენტრში მდებარე „რიყის დოქების“ კომპლექსი (14 591 კვ.მ მიწის ნაკვეთით). ობიექტი, რომლის გაყიდვასაც, 2020 წელს, მთავრობა 96 მილიონ ლარად გეგმავდა, მეექვსედ გამოცხადებულ აუქციონზე, 10 020 000 ლარად გაიყიდა. კომპანიამ ფართის ერთ კვადრატულ მეტრში 687 ლარი გადაიხადა.

აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველი „Global Victory Trust“-ია. მისი ვალდებულებაა, 36 თვის განმავლობაში, ტერიტორიაზე, ღვინის, ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე, საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოაწყოს და არანაკლებ 20 მილიონი ლარი დახარჯოს. „რიყის დოქების“ კომპლექსის მშენებლობა 2013 წელს დასრულდა და მის ასაშენებლად 75 მილიონი ლარი დაიხარჯა. კომპლექსი დღემდე უფუნქციოდაა.

„Global Victory Trust“ 2016 წლის 8 ივლისს, ლუქსემბურგშია რეგისტრირებული. კომპანიის მენეჯერებად მითითებულები არიან რუსეთის მოქალაქე იგორ დიადჩენკო და ავსტრიის მოქალაქე მარკ მაილო ლუბი. „Global Victory Trust“-ის მესაკუთრე არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებული „Global Victory Investments Limited“-ია, რომლის აქციონერიც დავით ხიდაშელის შვილი, მარიამ ხიდაშელია.

„მთის ამბები“ დავით ხიდაშელთან დაკავშირებასაც ცდილობდა. მან ჩვენს სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხა.

ავტორები: გელა მთივლიშვილი, ეთერ ფანგანი

ამ თემაზე:

რას განმარტავს დავით ხიდაშელი მისთვის რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყის გადაცემაზე

სამინისტრო დავით ხიდაშელისთვის 104 712 ჰა ტყის გადაცემაზე დოკუმენტებს ასაიდუმლოებს

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში