საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

როგორ ივსება „ალტ-ინფოს” პარტიის ყულაბა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:59 - 29 მარტი 2022 hits 13216

პრორუსული ორგანიზაციის „ალტ-ინფოს პარტიამ წლევანდელ თებერვალსა და მარტში პოლიტიკური შემოწირულებებით 92 ათასი ლარი მოაგროვა. დამფინანსებელთა დიდი ნაწილი პარტიის რაიონული ოფისების თავმჯდომარეები, ან მათთან დაახლოებული პირები არიან. ალტ-ინფოს ლიდერები ამტკიცებენ, რომ მოძრაობას სწორედ მხარდამჭერების მცირე შენატანებით ინახავენ და ფულის წარმომავლობაზე არაფერი იციან. მთის ამბებმა გამოარკვია, რომ პარტიის ანგარიშზე ჩასარიცხ ფულს საკუთარ მხარდამჭერებს თვითონ პარტია აძლევს.

სახელმწიფო აუდიტის ოფიციალური მონაცემებით, „კონსერვატიული მოძრაობის“ ანგარიშზე შემოწირულებების ჩარიცხვა 16 თებერვლიდან იწყება. ამ დროს პარტია უკვე 16 ოფისს ამუშავებდა რეგიონებში. ორივე თვეში, თებერვალშიც და მარტშიც, მოძრაობის ანგარიშზე თანხები ძირითადად ორ კონკრეტულ დღეს ჩაირიცხა. 16 და 17 თებერვალს  პარტიის ყულაბა 36 675 ლარით შეივსო, 16 და 17 მარტს კი - 45 210 ლარით. მხოლოდ რამდენიმე შენატანია გაკეთებული სხვა დღეებში. შენატანები 50 ლარიდან იწყება, ყველაზე მსხვილი კი 8 000 ლარია. „მთის ამბების“ ინფორმაციით, „კონსერვატიული მოძრაობის“ 63 შემწირველიდან სულ მცირე 45 პარტიის წევრი, ან მათთან დაკავშირებული პირია.

„ალტ-ინფოს“ ჯგუფის წევრები ირწმუნებიან იმასაც, რომ პარტიის რაიონული ოფისების ხელმძღვანელები ანაზღაურების გარეშე, ენთუზიაზმით მუშაობენ. როგორ ახერხებენ „ენთუზიაზმზე“ მომუშავე წევრები და მხარდამჭერები პარტიისთვის ფულის ჩარიცხვას, ორგანიზებულად, თვის ერთსა და იმავე დღეებში? „მთის ამბებმა“ აუდიტის სიიდან 10 ყველაზე მსხვილი შემწირველის ტელეფონის ნომერი გაარკვია და მათთან დაკავშირება გადაწყვიტა.

„მედიასთან არ ვურთიერთობ, განსაკუთრებით, თქვენთან“, - გვითხრა ახალციხის ოფისის ხელმძღვანელმა, სიმონ ეღიაშვილმა, და ვიდრე ტელეფონს გაგვითიშავდა, ჩვენს კითხვას, საიდან მიღებული შემოსავლით ეხმარება ყოველთვიურად პარტიას, ასე უპასუხა, - „რა პარტიას ვურიცხავ, რა სისულელეებს იგონებთ? თქვენ საქმეს მიხედეთ თქვენ.“

სიმონ ეღიაშვილი შემწირველთა სიაში თებერვალშიც ჩანს და მარტშიც. მას პარტიისთვის 750-750 ლარი აქვს გადარიცხული.

„არ დარეკოთ მეორედ ჩემთან! მაგაზე გიჩივლებთ, გასაგებია?“ - გვიპასუხა იმავე შეკითხვაზე ადვოკატმა შორენა კობიძემ, რომელიც „კონსერვატიული მოძრაობის“ ბორჯომის ოფისს ხელმძღვანელობს. მისი სახელით 16 მარტს პარტიის ანგარიშზე 4 745 ლარი გადაირიცხა, ხოლო 16 თებერვალს - 2 500.

- დარეკვის გამო გვიჩივლებთ, ქალბატონო შორენა?
- აუცილებლად!
- მაინც გკითხავთ, საიდანაა ის ფული, რომელსაც პარტიას ურიცხავთ?
- თავხედი ეს, უტიფარი, რა გვარის ხართ, მითხარით…

რაკი ამ გზით ინფორმაციის მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა, მოძრაობის რამდენიმე წევრს „პარტიის ფინანსური განყოფილებიდან დავურეკეთ“ და „მათ მიერ ჩარიცხულ თანხებთან დაკავშირებული გაუგებრობის გარკვევა ვცადეთ“. ასე გავეცანით გურჯაანის ოფისის ხელმძღვანელს, ნოდარ ჩაკვეტაძეს, რომელმაც „კონსერვატიულ მოძრაობას“ 16 მარტს 2 250 ლარი შესწირა.

- თქვენი ჩარიცხული ფული სრულად არ არის და რა ხდება? რამდენი მოგცეს თქვენ ჩასარიცხად?
- მოიცა, ჩაწერილი მაქვს… ესე იგი, რამდენი უნდა მოეცათ?
- 2 500
- მე რაც ჩამერიცხა, ეგ ფული დამრჩა მარტო მაქედან.
- ესე იგი, სულ 2 500 ჩაგერიცხათ და ვისგან ჩაგერიცხათ?
- არა, ოთხიათას… მოიცა, თქვენ ვინ დაგარეკინათ ჩემთან?
- მოძრაობიდან გირეკავთ, ბუღალტერმა…
- კაი გავარკვევ, ასე არა ვლაპარაკობ მასეთ რაღაცაზე.

ვიდრე „უჩვეულო ზარის“ შესახებ გურჯაანის ოფისი მთავარ ოფისს შეატყობინებდა, პარტიის სახელით დაკავშირება კიდევ რამდენიმე ადამიანთან მოვასწარით. თანხის მიღება დაადასტურა ფოთის ოფისის ხელმძღვანელმა, დავით დვალიშვილმაც.

- თქვენი ჩარიცხული თანხა, პარტიის ანგარიშზე, როგორც ჩანს, ბოლომდე არაა ჩარიცხული და რამდენი მოგცეს ჩასარიცხად, რომ დაგვიზუსტოთ.
- 1 950
- ამდენი უნდა ჩაგერიცხათ? როგორც ვიცი, უფრო მეტი უნდა ყოფილიყო.
- არა, არა, ქირის ფული არაა მაგდენი და მაგიტომ.
- ეს ქირის ფული იყო?
- გავარკვევ და დაგირეკავთ, ვეტყვი გიორგის.
- და შემდეგ თვეში რა დროს ჩარიცხავთ?
- არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგი თქვენ უნდა მითხრათ, მე რა ვიცი.

დავით დვალიშვილმა „კონსერვატიულ მოძრაობას“ თანხა 16 თებერვალს და 16 მარტს შესწირა, ჯამში 3 500 ლარი.

პარტიის კიდევ ერთმა შემწირველმა, ლელი ზიბზიბაძემ, საერთოდ არ იცოდა, რომ 1 850 ლარის შენატანით „კონსერვატიული მოძრაობის“ დამფინანსებელთა სიაში იყო.

„ვერ გავიგე, რას მეუბნებით, რა თანხა ჩავრიცხე? დავით ჭუმბაძეს ჰქონდა ჩემი ბარათი. მითხრა, რომ არ ჰქონდა და ვათხოვე. სხვა არაფერი ვიცი. მე პირადად არაფერი ჩამირიცხავს.“

დავით ჭუმბაძე „კონსერვატიული მოძრაობის“ ზესტაფონის ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. მასთან იმის გასარკვევად დავრეკეთ, რატომ გამოიყენა თანხის გადასარიცხად სხვისი საბანკო ბარათი, თუმცა ვიდრე  კითხვას დავასრულებდით, ტელეფონი გაგვითიშა და შემდეგ ზარებს აღარ უპასუხა. მას შეკითხვა მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც გავუგზავნეთ, თუმცა დავით ჭუმბაძემ ისიც უპასუხოდ დატოვა.

სახელმწიფო აუდიტის მონაცემებით, თებერვალ-მარტში პარტიის ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი იყო ბიზნესმენი ზეზვა ჩანქსელიანი, რომელმაც 10 მარტს „კონსერვატიულ მოძრაობას“  8 000 ლარი შესწირა. ის „მთის ამბებთან“ არც თანხის გადარიცხვას უარყოფს და არც პარტიის წევრობას, - „მე ამ პარტიის წევრიც ვარ და მე ვარ ქართველი. მე ვარ ზეზვა ჩანქსელიანი. მე ვარ ქრისტიანი და რაც შემიძლია და რაც შემეძლება, გავაკეთებ საქართველოსთვის.“

ზეზვა ჩანქსელიანის ბიზნესი ძირითადად სამშენებლო საქმიანობას უკავშირდება. რეესტრის ჩანაწერებით, მას წილები 10-მდე კომპანიაში აქვს. 2018 წელს ზეზვა ჩანქსელიანმა სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიას 1000 ლარი შესწირა. 

პარტიის დამფინანსებლებს შორისაა 70 წლის ბარბარე ბენიძე, პარტიის ქობულეთის ოფისის ხელმძღვანელის, ილია ბენიძის დედა.

„არ ვიცი, მე ვცხოვრობ ცალკე და წარმოდგენა არ მაქვს, რაზე მეკითხებით. არ მაქვს არანაირი ინფორმაცია. რატომ უნდა ვიცოდე ჩემი ოჯახის წევრი სად რიცხავს თანხას. მე მაქვს ჩემი დამოუკიდებელი ცხოვრება, ჩემი კერძო სახლი და ვცხოვრობ ცალკე. მე პარტიის ფინანსებთან საერთოდ არანაირი შეხება არ მაქვს. პარტიის ხელმძღვანელი ვარ, მაქვს ჩემი საქმე და მივყვები მაგას“, - გვიპასუხა ილია ბენიძემ, როდესაც დავინტერესდით, როგორ შეძლო მისმა პენსიონერმა დედამ პარტიისთვის 1 000 ლარის გადარიცხვა.

შემწირველების შემდეგ, „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, კონსტანტინე მორგოშიას დავუკავშირდით და პარტიის წევრებისგან მიღებულ ინფორმაციაზე კომენტარი ვთხოვეთ. კონსტანტინე მორგოშია „მთის ამბებთან“ ამბობს, რომ ის ადამიანები, რომლებმაც გვითხრეს, რომ პარტიიდან სხვადასხვა გზით ჩაერიცხათ თანხა და შემდეგ პარტიის ანგარიშზე შეიტანეს, „ალბათ დაიბნენ“.

- საიდან უნდა ვიცოდე, მე ხომ არ ვიცი ვის ელაპარაკეთ? შეიძლება მატყუებ. მატყუარები ხართ მთლიანად და რა ვიცი, შენი რატო უნდა მჯეროდეს. მე ის ადამიანები კი არა, პარტიაში ვინც შემოწირულებებს აკეთებს, მათი 90 % არ ვიცი, ვინაა.
თქვენი პარტიის რეგიონული ოფისების ხელმძღვანელები არიან ძირითადად და მათი ახლობლები.
- არ ვიცი-მეთქი, არ შემიხედია, არ მინახავს, მეტი როგორ გითხრა? გინდა დაიჯერე და გინდა არა. შენ რომ მიდიხარ რაღაც პროვოკაციული კითხვით და იმეებით და ამეებით და სხვა სახელით ეცნობი და ატყუებ, სხვა ნომრიდან რეკავ და რა ჩაატარე, არ ვიცი? „მთის ამბები“ ხართ თურქეთის სპეცსამსახურების და „კარიტასის“ თანამშრომლები.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, უკვე დაწყებულია „კონსერვატიული მოძრაობის“ შემოსავლებისა და ხარჯების მონიტორინგი. „სამსახურის მანდატიდან გამომდინარე, როგორც სხვა პოლიტიკური პარტიების შემთხვევაში ხდება, ახლაც განხორციელდება  შემოსავლებისა და ხარჯების შესწავლა, შესაბამისი მასალები უკვე გამოთხოვილია“, - გვითხრა მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ტატა გამყრელიძემ.

„ალტ-ინფოსა“ და მისი პარტიის დაფინანსების წყაროების შესწავლისკენ მოუწოდა ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, თეონა აქუბარდიამ, 29 მარტის პლენარულ სხდომაზე. მან მთავრობას უკრაინის მაგალითი შეახსენა.

„ეს პოლიტიკური ძალა თავს პოლიტიკურ ძალას უწოდებს, თორემ „მეხუთე კოლონაა“ ღიად. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეწევა როგორც ეთნიკური, ისე რელიგიური შუღლის გაღვივებას. ამის არაერთი ფაქტი არსებობს უკვე მოძიებული და დადებული.

უკრაინაში რუსეთი ამზადებდა „მეხუთე კოლონას“ და ამაზე დიდძალ შავ ფულს ხარჯავდა. გეკითხებით, თუ ჩვენ მართლა პატრიოტები ვართ და არა ურაპატრიოტები,

სად არის სახელმწიფო მაშინ, როდესაც ეს ღიად პრორუსული ძალა, რომელიც ომის პროპაგანდას, ეთნიკური და რელიგიური შუღლის ჩაგდებას ახდენს, ხსნის ოფისებს?

ამ ვითარებაში სად ვართ ჩვენ, დეპუტატები, რომლებსაც გვინდა, რომ პატრიოტები გვერქვას და სად არის სახელმწიფო? რა ფულით ფინანსდებიან ისინი, როცა ვიცით, რომ ოფიციალური შემოწირულება არ არის საკმარისი ამ ოფისებისთვის და რატომ არ დგას სახელმწიფო ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე, რატომ არ იძიებს ამ შავი ფულის წარმომავლობას და რატომ არ ზრუნავს ქვეყნის უსაფრთხოებაზე?“ - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მარტის ბოლოსთვის, ღიად პრორუსულ პარტიას საქართველოს მასშტაბით უკვე 58 ოფისი აქვს.  მოძრაობის ოფისები, ძირითადად, ქალაქებისა და დაბების ცენტრებში  მდებარეობს და მათი ყოველთვიური ქირა 500-დან 2000 ლარამდე მერყეობს.

უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისების გახსნა მოქალაქეებმა უკვე არაერთ მუნიციპალიტეტში გააპროტესტეს. პარტიას ოფისები გახსნამდე დაახურინეს ხულოსა და შუახევში. ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა პროტესტს მესტიაში, სადაც პარტიის ოფისის დახურვის მოთხოვნით აქცია გამართეს სამოქალაქო აქტივისტებმა. ახალგაზრდებს, აქციიდან რამდენიმე დღეში, „ალტ-ინფოს“ მომხრეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. სისხლის სამართლის საქმეა აღძრული „ალტ-ინფოს“ ჯგუფის მუქარაზე მარნეულელი აქტივისტის, სამირა ბაირამოვას მიმართ, რომელმაც მათი ოფისი უკრაინისა და ევროკავშირის დროშის ფერებში შეღება.

„კონსერვატიული მოძრაობა“ პარტიად ოფიციალურად 2021 წლის 7 დეკემბერს დარეგისტრირდა. 21 იანვარს კი მოძრაობის წევრებმა რუსეთის დუმის დეპუტატებთან ერთობლივი კონფერენცია გამართეს და რუსეთში პარტიის ლიდერების ოფიციალური ვიზიტი დააანონსეს.

„ალტ-ინფოც“ და „კონსერვატიული მოძრაობაც“ ღიად აცხადებენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, იქნებიან რუსეთის მოკავშირეები და ქვეყანაში „ლიბერალურ დიქტატურას“ დაასრულებენ. საკუთარი ტელევიზიის ეთერით, დაჯგუფების ლიდერები მუდმივად აკეთებენ ქსენოფობიურ, სიძულვილის შემცველ განცხადებებს და ამართლებენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში. „ალტ-ინფო“ იყო 2021 წლის 5 ივლისს თბილისში გამართული ძალადობრივი აქციის მთავარი ორგანიზატორიც.

                                                                                                                                                                                    ავტორი: რობი ზარიძე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში